რა იწვევს ავიაბილეთების ფასების ზრდას?
2020 წელს, პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ავიაინდუსტრიამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფომ ჩაკეტა საზღვრები, დააწესა მკაცრი რეგულაციები, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო გადაადგილებაზე, მგზავრთა ნაკადმა მნიშვნელოვანი შემცირება დაიწყო. ორი წლის მანძილზე განხორციელებულმა გლობალურმა შეზღუდვებმა, ავიაინდუსტრია ჯამში 200 მლრდ დოლარზე მეტით აზარალა. აღნიშნულ მონაცემში არ არის ნაგულისხმევი ის კონკრეტული ზიანი, რაც რეგულაციების ფონზე თითოეულმა სახელმწიფომ განიცადა – ეკონომიკის, ტურიზმისა თუ სხვა სექტორში.
ვინაიდან ადამიანებს ორი წლის მანძილზე არ შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება, 2022 წელს, რეგულაციების მასიურმა შემსუბუქებამ მყისიერად გამოიწვია, როგორც ფრენების, ასევე მგზავრთა ნაკადის არსებითი ზრდა. კონკრეტულად, 2022 წელს, მზარდმა მოთხოვნამ უკვე აღადგინა 2019 წლის მაჩვენებლის 75%. ბუნებრივია 2022 წელს, საერთაშორისო მგზავრთა რაოდენობა ბევრად აღემატება 2020 და 2021 წლის მაჩვენებლებს. კერძოდ, თუ 2020 წელს პანდემიის გამოცხადების შემდეგ ავიაინდუსტრია ჯამურად 1.8 მლნ ადამიანს მოემსახურა, 2022 წლის მიმდინარე პერიოდამდე, აღნიშნულმა რიცხვმა 3.4 მლნ-ზე მეტი ადამიანი შეადგინა. შესაბამისად, პოსტ-პანდემიურ მონაცემებთან შედარებით, 2022 წლის პირველ ნახევარში, მზგავრთა ნაკადი 50%-ზე მეტი წილით გაიზარდა.
არსებითად მზარდი ტენდენცია შეინიშნება საქართველოს შემთხვევაშიც. კონკრეტულად, გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს აეროპორტებმა უკვე შეძლეს აღედგინათ 2019 წლის მაჩვენებელი 69%-ით. კონკრეტულად 2022 წლის პირველ ნახევარში მგზავრთა ჯამურმა რაოდენობამ 1.7 მლნ ადამიანი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 180%-ით აღემატება 2021 წლის მგზავრთა რაოდენობას.
აშშ-ში ავიაბილეთების ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
მგზავრთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ავიაბილეთებზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მოთხოვნის გაზრდაზე. კერძოდ, 2022 წლის იანვრიდან დღემდე ფასების ზრდის მაჩვენებელმა 40%-ზე მეტი შეადგინა. თუ მიმდინარე პერიოდს 2021 წლის ფასებს შევადარებთ, სადაც მგზავრებს ჯერ კიდევ მკაცრი წესების დაცვით უწევდათ მოგზაურობა, ფასები 50%-იან ზრდას აჩვენებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მასტერქარდის ეკონომიკის კვლევითი ცენტრის მონაცემების საფუძველზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2022 წელს ავიაბილეთების ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 32 წლის ფასების გათვალისწინებით.
მოგეხსენებათ, აშშ ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამიმართულებაა, რომელიც თვიურად მილიონობით ადამიანს ემსახურება. 2019 წლის ფასებთან შედარებით, ნიშნული 25%-ით არის გაზრდილი და ინდექსით 336-ს უტოლება. როგორც აღინიშნა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1990 წლის შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულ ავიამიმართულებებს, ამ მხრივ გამოირჩევა სინგაპურის და ავსტრალიის ავიახაზები. კერძოდ, აშშ-ავსტრალიის ავიახაზზე არსებულმა ბილეთების ფასმა 20%-იანი ზრდა განიცადა, ხოლო აშშ-სინგაპურის მიმართულებაზე ფასები 27%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ფასებთან მიმართებით 39%-ითაა გაზრდილი.
თვითმფრინავის საწავავის ფასი ნავთის ფასს ისტორიულად აღემატება
როგორც უკვე აღინიშნა, პანდემიის პერიოდში ავიაინდუსტრია ასობით მილიარდი დოლარით დაზარალდა. შესაბამისად, ამან მნიშვნელოვნად შეამცირა მისი ეფექტურად მუშაობის არეალი და ხარისხი, როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური კაპიტალის მართვის კუთხით. გადაადგილებასა და საზოგადოებრივ შეკრებაზე დაწესებულმა რეგულაციებმა, იმდენად შეამცირა კონკრეტულ ავიამიმართულებებზე მოთხოვნა და მგზავრთა ნაკადი, რომ ბევრი ავიაკომპანია გაკოტრდა და სრულიად გაქრა ბაზრიდან.
ამასთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასი თვითმფრინავის საწვავზე. აღნიშნულში დიდი როლი არა მარტო პანდემიიამ და შეჩერებულმა წარმოებამ, არამედ 2022 წლის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის დაწყებულმა ომმა განაპირობა. როგორც მოგეხსენებათ, ომის შემდგომ საერთაშორისო ვაჭრობის გლობალური სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა, რის ფონზეც რუსეთთან მიმართებით, იმპორტი და ექსპოტი მკაცრი რეგულაციების ქვეშ მოექცა. გაზრდილმა მგზავრთა ნაკადმა რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან, ასევე დიდი როლი ითამაშა საწვავზე ფასების ზრდაში.
IATA-ს ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, თვითმფრინავის საწვავზე ფასი 150%-ით გაიზარდა. დღევანდელი ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ნავთის ფასს საერთაშორისო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნავთისა და საწვავის ფასები 2022 წლის ივლისში უმაღლეს მაჩვენებელს აღწევს.
ავიაინდუსტრია ადამიანური კაპიტალის დეფიციტს განიცდის
პანდემიის პირობებში ბევრი კომპანია დაიხურა, რადგან საქმიანობის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ისინი ვერ ახერხებდნენ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას. მსგავს სექტორს წარმოადგენს ავიაინდუსტრია, რომელმაც ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, მნიშვნელოვნად დაკარგა კვალიფიციური კადრის რაოდენობა. ამავე მიზეზის გამო, ბევრმა კომპანიამ სრული გაკოტრების და ბაზრიდან საბოლოოდ გასვლის რისკის შესაჩერებლად, გადაწყვიტა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა და შედარებით გაეზარდა მცირე მანძილის მიმართულებებზე სერვისის მიწოდება.
სწორედ ამიტომ, ეკონომიკური ნიშნულების შენარჩუნების და ფიასკოს თავიდან აცილების მიზნით, ავიაკომპანიებმა შეაჩერეს მასშტაბური რეისების განხორციელება და ფოკუსირება მცირე ტევადობის თვითმფრინავებზე მოახდინეს, რომელიც მგზავრთა გადაყვანას, რეგულაციებით დაშვებულ არეალში ახდენდა. 2022 წელს კი კოვიდ-რეგულაციების ერთიანი შემცირების ფონზე, მცირე შემოსავლით ბაზარზე დარჩენილ ავიაკომპანიებს მყისიერად დასჭირდათ კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის დიდი რაოდენობა, რამაც თავისთავად გაზარდა სერვისის განხორციელებაზე გაწეული ხარჯები.
ამის ნათელი მაგალითია სინგაპურის აეროპორტის მიერ მიმდინარე წლის მაისში ერთიანად გამოცხადებული 6 600 ვაკანსია. ასევე დიდ ბრიტანეთში აეროპორტის მზგავრთა მიერ მნიშვნელოვანი გადატვირთვა და რიგების ზრდა, რაც გამოწვეულია არსებული პერსონალის ნაკლებობით. მაგალითისთვის Embark Beyond-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მათი მგზავრების 25%-ს უწევს დიდი დროის მანძილზე რიგში ყოფნა, როცა პანდემიამდე არსებული მაჩვენებელი მაქსმუმ 4%-ს უტოლდებოდა. აქედან გამომდინარე, კომპანიები ვალდებულნი არიან გაზარდონ ფასები ავიაბილეთებზე.
დღევანდელი მონაცემების მიხედით, ავიაბილეთის ფასის 40%-მდე წილს სწორედ საწვავის ღირებულება შეადგენს. დანარჩენი პროცენტული წილი კი გაზრდილი ხარჯების არსებობით აიხსნება. მიუხედავად ამისა, მგზავრებისთვის ეს ბარიერს არ წარმოადგენს, რადგან ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, ისინი კვლავ აქტიურად იწყებენ გადაადგილებას მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება არსებულ სურათთან მიმართებით სპეციალისტების განცხადებას, ისინი იმედოვნებენ რომ ეს ეფექტი მოკლევადიანია და ფასები მოთხოვნის შესაბისად დასტაბილურდება.