რამდენად გამოსადეგი არის ევროკავშირის ფულადი დახმარება საქართველოს ეკონომიკისთვის?

რამდენად გამოსადეგი არის ევროკავშირის ფულადი დახმარება საქართველოს ეკონომიკისთვის? post thumbnail image

როგორც უკვე ალბათ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა ევროკავშირის დახმარებაზე, კერძოდ კი იმ იაფ სესხზე, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა და რომლის მიღების ალბათობა ევროკავშირის მხრიდან ისედაც ძალიან იყო შემცირებული, განსაკუთრებით კი , „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი გაუქმების შემდეგ.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობა არაერთხელ გააფრთხილა, იმის შესახებ, რომ აღარ მოხდებოდა მათ მიერ 75 მილიონი ევროს ფულადი დახმარების გამოყოფა, რადგანაც არ სრულდებოდა ამ დახმარების მისაღებად საჭირო მთელი რიგი პირობები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ერთი თვის წინ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის საპასუხოდ გამოაცდახა, რომ მათ მიერ წაყენებული მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება და საქართველო ამიერიდან აღარ მიიღებს მაკროსაფინანსო დახმარების შემდეგ ტრანშს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ არ იყო დაკმაყოფილებული მოცემული თანხის მისაღებად საჭირო აუცილებელი პირობები და მომავალში დახმარებაც ქვეყანაში არსებული ვითარების და პირობების გაუმჯობესების თანაზომიერი იქნება.

როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მხრიდან ყველა საჭირო მიზეზისა და არგუმენტის მოსმენა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოების უმეტესი ნაწილის აზრით, შეუძლებელია ამგვარი ქმედების რაიმე სახით გამართლება. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართულებით აღნიშნული დახმარების მიღება, რა შეიძლება ყოფილიყო მთავრობის მიერ ამ შემოთავაზებაზე უარის თქმის გამომწვევი მიზეზები და რა შეიძლება შეცვალოს ამ უარმა ქვეყნის პოლიტიკურ მომავალში. შესაბამისად, თუ მიიჩნევ, რომ ეს საკითხი შენთვის მნიშვნელოვანია, გაეცანი სტატიას ბოლომდე.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირისგან ფულადი დახმარების მიღება?

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გეგმაა, რომლისთვისაც ქვეყანა მთელ რიგ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. სავარაუდოდ, როგორც პოლიტიკოსთა, ასევე ქვეყნის რიგითი მოსახლეობის უმეტესობაც, მიიჩნევს, რომ შორეულ პერსპექტივაში საქართველო სწორედ ამ რეგიონთან უნდა იყოს ინტეგრირებული, იყოს მისი განუყოფელი ნაწილი როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ევროკავშირთან ინტეგრაციამდე საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ძალისხმევის გაღება მოუწევს მომავალში, რადგანაც ეს გზა საკმაოდ რთული და ჯერჯერობით მიუღწევადიც კი ჩანს.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირთან ინტეგრაციის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის დახმარება, რომელიც მრავალი სახის პროგრამებისა და ინსტრუმენტების გზით იყო გამოხატული და ეს უკანასკნელი ხელს უწყობდა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 25 წელზე დიდ ხანია უკვე რაც გრძელდება და ამჟამად ქვეყანა უფრო ახლოს არის ამ რეგიონთან, ვიდრე აქამდე ყოფილა. ევროკავშირი არის ქვეყნის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. 2016 წლიდან მოყოლებული ეს პარტნიორობა დაფუძნებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებაზე, რომელიც ამ ორ მხარეს შორის უზრუნველყოფს პოლიტიკური ასოცირებასა და ეკონომიკურ გაერთიანებს.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მასშტაბური დონორია, რომელიც თითქმის ყოველი წლის განმავლობაში 120 მილიონი ევროს ოდენობის ფულად დახმარებას გასცემს გრანტების სახით ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად. ეს დახმარება უმეტესწილად მიმართულია ხოლმე ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური განვითარებისა და კარგი განათლების უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე ადამიანებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისკენ. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა ასევე გაიცემა როგორც მთავრობისთვის უშუალო ფინანსური დახმარების სახით, ამასთან ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებისა და სხვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით.

შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, თუ რატომ იძენს ამხელა დატვირთვას ევროკავშირისგან მიღებული სხვადასხვა ტიპის ფულადი დახმარებები. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ყველაზე მარტივი გზა ამ რეგიონთან დასაკავშირებლად და ამასთან, ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანი დახმარება, რომელიც უზრუნველყოფ საქართველოს კეთილდღეობას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური თვალსაზრისით. აი, სწორედ ასეთ მასშტაბური მნიშვნელობის დახმარებაზე განაცხადა მმართველმა პარტიამ უარი, რასაც ცხადია, აუცილებლად მოჰყვება კანონზომიერი შედეგები არც თუ ისე შორეულ მომავალში.

რა პრეცედენტს აწესებს სესხის გაუქმება და მასზე უარის თქმა? 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მიერ ევროკავშირის დახმარების შემოთავაზებაზე უარის თქმა უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თითქმის 25 წლიანი ურთიერთობისა და პარტნიორობის განმავლობაში, არცერთხელ არ ყოფილა იმის პრეცენდენტი, რომ ჩვენს ქვეყანას უარი ეთქვას მათ მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე. ეს კი ხდებოდა უმთავრესად იმიტომ, რომ მოცემული დახმარების მიღებით საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებდა მეგობრულ და პოზიტიურ დამოკიდებულებას აღნიშნული რეგიონის მიმართ.

შესაბამისად, ,,ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია, ბადებს იმის ეჭვს, რომ მმართველ პარტიას აღარ სურს ქვეყანამ დასავლური მიმართულებით განაგრძოს სვლა, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველომ შესაძლოა განვითარების გეზი ჩრდილოეთით, რუსეთისკენ აიღოს. ეს კი, ალბათ ყველასათვის ცხადია, თუ რისი მომასწავლებელია ქვეყნის მომავლისთვის.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა ნათლად განაცხადა, რომ შესრულდება საქართველოს მთავრობიგან მიერ მიღებული მოთხოვნა და ქვეყანა აღარ მიიღებს იმ ფულად დახმარებას, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს მოქალაქეების კეთილდღეობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა.

თითქმის არავის სჯერა იმის, რომ საქართველომ, რომლის ჯამურმა საგარეო ვალმაც მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით დაშვებულ 60%-იან ზღვარს უკვე დიდი ხანია გადასცდა, პოლიტიკის შეცვლა და გამოსწორება კონკრეტულად ევროკავშირით დაიწყო. ეს ცხადია, სრული აბსურდია და ეს არგუმენტი მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად შეიძლება იყოს გამოყენებული მმართველი პარტიის მიერ.

აღსანიშნავია ის, რომ ევროკავშირის მორიგი ტრანში საქართველოს სექტემბრის ბოლოსთვის უნდა მიეღო. „ქართული ოცნება“ ცხადია, უკან დახევას არ აპირებს და ექსპერტებისთვის ცალსახა ხდება ის ფაქტი, რომ საქართველო ამ დახმარებას, დიდად სავარაუდოდ, ვეღარ მიიღებს, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში შექმნის ისეთ უარყოფით პრეცენდენტს, რომელსაც აქამდე ჯერ არასდროს უარსებია და რომელმაც, შორეულ მომავალში შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ, უარყოფითად მეტყველებს ქვეყნის, როგორც ევროპული მისწრაფებების მქონე სახელმწიფოს იმიჯზე არა მხოლოდ ევროპული ქვეყნებისთვის, არამედ ამერიკისთვის და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სხვა საქართველოს პარტნიორებისთვისაც.

ევროკავშირისგან მიღებული წარსული ფულადი დახმარებების ისტორია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. შესაბამისად, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ამ დროის განმავლობაში დასავლეთისგან საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ფულადი დახმარებები მიიღო, რომელიც ქვეყანას მრავალი თვალსაზრისით გამოადგა, მათ შორის პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სოციალურად.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2007-2013 წლებში ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესად ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში ხორციელდებოდა, რომელიც 2014 წლიდან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტმა (ENI) ჩაანაცვლა. ENI ხელმისაწვდომია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის 16 ქვეყნისათვის და მისი ჯამური ბიუჯეტი 2014-2020 წლების განმავლობაში 15 მილიარდ ევროს შეადგენდა.

გარდა ამისა, ევროკავშირისგან მიღებულ დახმარებებზე საუბრისას, ასევე მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ ისიც, რომ 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვანწილად გაიზარდა ევროკავშირისგან მიღებული დახმარებები და ამასთან, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა ევროკავშირის დახმარების ახალი, აქამდე არ არსებული ისეთი დახმარების ტიპები, რომლებმაც თითქმის ყველა სფერო მოიცვა.

ამასთან, ევროკავშირის დახმარების მთავარ პროგრამებს, რომლებიც  უმეტესწილად ორმხრივ ფორმატში ხორციელდება, შეადგენს სექტორული მხარდაჭერის პროგრამები (მათ შორის საბიუჯეტო დახმარებაც) და საექსპერტო უზრუნველყოფის პროგრამები.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის ერთიანი პროგრამის ფარგლებში, 2014 დან 2016 წლამდე საქართველომ ჯამში 350 მლნ. ევრომდე დახმარება მიიღო, რაც ცხადია, საკმაოდ დიდი ოდენობის თანხაა და აშკარად მეტყველებს ამ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, 2017-2020 წლებში გათვალისწინებული იყო დაახლოებით 371-დან 453 მლნ. ევრომდე დახმარება ევროკავშირის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა პრიორიტეტულ ჯგუფებზე იყო გადანაწილებული, მათ შორის, როგორიცაა: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, რომელიც გულისხმობდა კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების გაძლიერებასაც; ასევე ენერგო ეფექტურობას, გარემოს დაცვასა და კავშირების უზრუნველყოფას; მობილობის ხელშეწყობას, მათ შორის ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერას; პროფესიულ განათლებას და ასე შემდეგ. ეს დახმარებები უსაზღვრო და მრავალფეროვანია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

გარდა ამისა, საქართველო არის ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული, განხორციელებული რეფორმების შემდეგ, ევროკავშირის „მეტი-მეტისათვის“ (More for More) პროგრამის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში იღებს ხოლმე ფინანსურ მხარდაჭერას, რომელმაც ჯამში 121 მილიონი ევრო შეადგინა.

ამასთან, ევროკავშირს სწრაფი რეაგირება ჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გადაუდებელ საჭიროებებზე COVID-19 პანდემიის დროს. Team Europeის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა მოაბილიზა მასშტაბური მხარდაჭერის პაკეტი, ჯამში 980 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების გრანტების სახით, თანაც ისეთი გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველსაყოფად, როგორებიც არის ჯანდაცვის სექტორისა და საზოგადოების შეზღუდული შესაძლებლობების ჯგუფებისათვის დახმარების გაწევა.

ეს არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული იმ დახმარებების არასრული სია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში არაერთი სფეროს განვითარებას და წაახალისა ძალიან ბევრი კარგი პროექტის წამოწყება. ამიტომაც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ევროკავშირი აქტიურად ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას მრავალი თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, უკვე გაურკვეველი რჩება ის, თუ როგორ გაგრძელდება ამ დახმარებების მიღების დინამიკა მომავალში და რას შეიძლება ველოდოთ ევროკავშირის მხრიდან ,,ქართული ოცნების” უკანასკნელი გადაწყვეტილების შემდეგ.

რა პრობლემების საწინდარი შეიძლება იყოს სამომავლოდ ,,ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება?

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მაინც სრულებით მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს,  საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან მიღებული დახმარება ამიერიდან კვლავ დამოკიდებული იქნება ძირეული რეფორმების განხორციელების პროცესში მიღებულ შედეგებზე.

მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაკეთებული ზემოთ ნახსენები განცხადებისა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მმართველმა პარტიამ არ შეაჩერა და მუდმივად იმას ამბობდა, რომ ამ თვალსაზრისით შესრულებული აქვს ყველა ის მოთხოვნა, რასაც მათ საერთაშორისო და ევროკავშირის პარტნიორებმა დააკისრეს. ეს განცხადება კი ცხადია, არ შეესაბამება სინამდვილეს და ამას თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ყველაფერს ემატება, 28 ივლისს, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი „ანულირებაც“, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობა „ამბიციური სასამართლო რეფორმა“ გახლდათ.

შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მომავალზე საუბარი ძალიან რთული და ბუნდოვანია, რადგანაც არ ჩანს იმედი იმისა, რომ რამე შეიძლება დადებითი კუთხით შეიცვალოს. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის დახმარებას უკვე მრავალჯერ უთამაშია გადამწყვეტი როლი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, გაუგებარია, ამიერიდან საიდან აპირებს მთავრობა იმ რესურსების მოძიებას, რომელიც ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ჩვენი ქვეყნისთვის.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ზოგადად, ბიუჯეტი ძირითადად სესხით ივსება და შემდეგ არასწორად იხარჯება და დღეს, შესაძლოა, არ იდგეს დამატებითი სესხის აღების საჭიროების საკითხი, თუმცა ეს მიდგომა – არ გვჭირდება, არ გვინდა – არ არის სწორი. ეს ფული მაკროსტაბილურობისთვის არის გამიზნული, როგორც ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის, ასევე ბიუჯეტის დეფიციტისგან დაცვისთვის და, რასაკვირველია – მნიშვნელოვანია ინფლაციის თვალსაზრისითაც“.

შესამაბისად, გერლიანის ნათქვამიდან გამომდინარე, ბუნებრივი იქნება, ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში ,,ქართული ოცნების” ამ გადაწყვეტილების გამო შესაძლოა მალევე შევნიშნოთ ინფლაციის მომატებული მაჩვენებელი და ასევე გაუფასურებული ლარი, რომელიც ისედაც არ იმყოფება იდეალურ მდგომარეობაში ამჟამად.

ექსპერტებისთვის ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება შეიცვალოს მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რადგანაც მმართველი პარტიის პოზიცია არ არის მკაფიო, და მათი გადაწყვეტილებებიც ძირითადად საკმაოდ სპონტანური და არარაციონალურია. როგორც ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა  განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდი იქნება საქართველოს როგორც ეკონომიკისთვის, ასევე ზოგადი გეოპოლიტიკური იმიჯისთვისაც. მისი აზრით, დემოკრატიული რეფორმების ჩავარდნის შემთხვევაში, ჯობია, რომ 2024 წლისთვის საერთოდ არ შეიტანოს საქართველომ განაცხადი წევრობაზე, რადგან ამაზე პასუხი ცხადად უარყოფითი იქნება.

იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას საფრთხე შეექმნას, სამომავლოდ შეიძლება იდგეს იმის საფრთხეც, რომ შეიძლება მმართლველმა პარტიამ ქვეყნის მომავალი რუსეთს დაუკავშიროს, რაც ცხადია, იქნება არსებული სიტუაციიდან ყველაზე ცუდი გამოსავალი და ყველა არსებულ ალტერნატივას შორი ყველაზე არამომგებიანი და უპრინციპო ნაბიჯი. თუმცა ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვიმედოვნოთ, რომ ასე არ მოხდება და ქვეყანა კვლავ შეინარჩუნებს დასავლურ კურსს შემდგომი წლების განმავლობაში.

უღირს თუ არა საქართველოს დამატებითი სესხების აღება?

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ისედაც ძალიან ბევრი ვალი აქვს, ერთადერთი სესხი, რომლის აღებაც ნამდვილად უღირს საქართველოს არის სწორედ ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული ფულადი დახმარება. რეალურად, მათ მიერ გაკეთებული ამ შემოთავაზებას სესხი ნაკლებად შეიძლება დავარქვათ, რადგანაც ის იმდენად დაბალ პროცენშია, რომ ეს 75 მილიონი ევრო დახმარებას უფრო ემსგავსება თავისი ხასიათით. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება მმართველი პარტიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, რადგან საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისიდან გამოსასვლელად ეს თანხა კრიტიკულად ესაჭიროება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, უახლოეს მომავალში აიღოს დამატებითი სესხი შედარებით მაღალ პროცენტში, ეს კიდევ უფრო ავისმომასწავლებელი იქნება ქვეყნისთვის, რადგანაც საქართველოს ისედაც გაღატაკებული ბიუჯეტი ამ დარტყმას ალბათ, ვეღარ გაუძლებს. ამიტომაც, აუცილებელია ყველა გარემოების კარგად აწონვა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები. მიუხედავად ამისა, ის რეალობა რაც ამჟამად ამ გადაწყვეტილიების შემდეგ დაუდგა საქართველოს უკვე ცალსახად უარყოფითია და რთულია იმაზე საუბარი, რამდენად ახლო მომავალში შეიძლება ამ უკანასკნელის გამოსწორება. თუმცა პასუხი კითხვაზე, უღირს თუ არა საქართველოს დამატებითი სესხების აღება მკაფიოდ არის უარყოფითი იმ შემთხვევაში, თუ ეს ევროკავშირის დახმარებას არ ეხება. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გაიზრდება ხარჯები ბიუჯეტიდან, რომლის დაფარვაც სამწუხაროდ, ისევ გაღატაკებულ მოსახლეობას მოუწევს.

შეჯამება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა ევროკავშირის დახმარებაზე, კერძოდ კი იმ იაფ სესხზე (75 მილიონი ევროს ოდენობით), რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირთან ინტეგრაციის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის დახმარება, რომელიც მრავალი სახის პროგრამებისა და ინსტრუმენტების გზით იყო გამოხატული და იგი ხელს უწყობდა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ამ შემოთავაზებაზე უარის თქმით, კი საქართველო ერთ ნაბიჯს დგამს უკან ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, საქართველოს შორის პარტნიორობა უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. შესაბამისად, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ამ დროის განმავლობაში დასავლეთისგან საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ფულადი დახმარებები მიიღო, რომელიც ქვეყანას მრავალი თვალსაზრისით გამოადგა. ეს კი ხდებოდა უმთავრესად იმიტომ, რომ მოცემული დახმარების მიღებით საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებდა მეგობრულ და პოზიტიურ დამოკიდებულებას აღნიშნული რეგიონის მიმართ.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მაინც სრულებით მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს,  საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან მიღებული დახმარება ამიერიდან კვლავ დამოკიდებული იქნება ძირეული რეფორმების განხორციელების პროცესში მიღებულ შედეგებზე.

შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მომავალზე საუბარი ძალიან რთული და ბუნდოვანი ხდება, რადგანაც არ ჩანს იმედი იმისა, რომ შეიძლება რაიმე დადებითი კუთხით შეიცვალოს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის დახმარებას უკვე მრავალჯერ უთამაშია გადამწყვეტი როლი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, გაუგებარია, ამიერიდან საიდან აპირებს მთავრობა იმ რესურსების მოძიებას, რომელიც ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ჩვენი ქვეყნისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ამ რესურსების მოძიება მაღალპროცენტიან სესხებს არ გულისხმობს, რომელთა გადახდის ძალაც ქვეყანას ამჟამად ნამდვილად არ შესწევს. თუმცა რამდენად აცნობიერებს ამას მმართველი პარტია, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *