,,ფორბსის” კომენტარი ,,ფრონტერა რესუორსთან” დაკავშირდებით

,,ფორბსის” კომენტარი ,,ფრონტერა რესუორსთან” დაკავშირდებით post thumbnail image

„ნავთობის პოლიტიკა: რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია მილიონობით აკრთან დაკავშირებით საქართველოში?“, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ფორბსი“ ერთ-ერთ სტატიას სადაც საუბარი მიმდინარეობს აშშ-ში დაფუძვნებულ კომპანიასთან ,,ფრონტერა რესუორსთან“ საქართველოს ხელისუფლების დავაზე.

„ნახშირბადის საწვავის მოპოვებასთან დაკავშირებული ციებ-ცხელების მიუხედავად, ნავთობი ჯერ კიდევ ყველაფერზე მაღლა დგას და, ამასთან, წარმოადგენს განხეთქილების საგანს საერთაშორისო ურთიერთობებში. ამჟამად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი დუღს. ისრაელსა და უიმედო მდგომარეობაში მყოფ ლიბანს შორის მიმდინარეობს დავა ბუნებრივი აირის ოფშორულ საბადოებთან დაკავშირებით, ხოლო თურქეთი და საბერძნეთი გააფთრებით ებრძვიან ერთმანეთს კვიპროსის წიაღისეულის გამო. მიმდინარეობს კიდევ სხვა ტიპის დავა, ამჯერად საქართველოში – შავ ზღვასა და კავკასიონის სამხრეთ კალთას შორის მოქცეულ ქვეყანაში.

საქართველოს ხელისუფლება ჰიუსტონში დაფუძნებულ კომპანიასთან, „ფრონტერა რესუორსთან“ არის დავაში. ამ დავაში ტეხასურ ენერგოკომპანიას მხარში უდგას აშშ-ის კონგრესმენთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ტეხასიდან და ოკლაჰომიდან. ზეწოლა მათი მხრიდან იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აიძულა ქართული მხარე, ნაწილობრივ უკან დაეხია – მიუხედავად იმისა, რომ აპრილში საქართველომ ნიდერლანდების არბიტრაჟში მოუგო დავა „ფრონტერას“ კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით.

თავად კომპანია უფრო მოჩვენებას მოგვაგონებს იმ გაგებით, რომ იგი არაფრის დიდებით არ თმობს იჯარით აღებულ ტერიტორიებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ნავთობს პოულობს და ვერც პატიოსანი კორპორატიული ერთეულის მსგავსად მოქმედებს. ჩვენი სტატია ეყრდნობა ინფორმაციას, მიღებულს ქართული წყაროებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ ამ დავას  და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციებს. მე ვეცადე „ფრონტერასთან“ დაკავშირებას ელ-ფოსტით და ტელეფონით ჰიუსტონში, თუმცა უშედეგოდ. ჩემს ზარს ავტომოპასუხემ უპასუხა. მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სწრაფად და გულწრფელად უპასუხა ჩემს ელექტრონულ წერილებს“, – ნათქვამია სტატიაში.

აქვე საუბარია საქართველოში აშშ-ის ინტერესებზე და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.

„1997 წელს აშშ დაინტერესდა, ზოგადად, კავკასიით და, განსაკუთრებით საქართველოთი. დაინტერესება დღესაც დიდია. საქართველო, თავის მეზობლებთან: თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, განიხილება, როგორც დასაყრდენი რეგიონში რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ. საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, დასავლური ორიენტაციის ქვეყანაა.

მართალია, მას შემდეგ საქართველომ პოლიტიკური ცვლილებების ქარ-ცეცხლში გამოიარა მათ შორის 2003 წლის ვარდების რევოლუცია და 2008 წელს რუსეთის შეჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, ქვეყნის დასავლური კურსი დღესაც მტკიცეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. 2008 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს ქვეყნის საელჩო მოსკოვში. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

„ფრონტერას“ დაარსების მომენტისთვის გეოპოლიტიკური სიტუაცია და ტექნოლოგიური პირობები ხელსაყრელი აღმოჩნდა. კომპანიის პოლიტიკური ძალის გათვალისწინებით, საქართველოს დედაქალაქთან – თბილისთან შეთანხმების მიღწევა იოლი საქმე გახლდათ. რამდენადაც მე ვიცი, უაიტს აქ გარკვეული კავშირებიც ჰქონდა ენერგეტიკის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდიდან.

ფრონტერას“ თანახმად, მისი წარუმატებლობის მიზეზია მისი გეოლოგების მხრიდან ფორმაციების ბურღვასთან და დაშლასთან დაკავშირებული სირთულეების გაუთვალისწინებლობა, ასევე მოულოდნელი შიდა ჭაბურღილის წნევა. გარდა ამისა, რთული აღმოჩნდა საქმიანობის წარმართვა შორეულ ქვეყანაში, მომარაგების ჯაჭვის ნაკლებობის პირობებში. კომპანია აცხადებს, რომ იგი ჯერ კიდევ ეგრეთწოდებული შესწავლის მრუდზეა და წარმატების მისაღწევად დრო დასჭირდება.

2019 წლის ზამთარში კომპანიის ქართველი თანამშრომლები გაიფიცნენ 11 თვის განმავლობაში ხელფასის გადაუხდელობის გამო. საბოლოოდ, მათი ხელფასები საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გაისტუმრა.

2017 წელს, საქართველომ განაცხადა, რომ მოთმინების ფიალა აევსო და საერთაშორისო არბიტრაჟის გზით შეეცადა იჯარით გაცემული ტერიტორიების დაბრუნებას. არბიტრაჟმა დააკმაყოფილა საქართველოს პრეტენზიების უმრავლესობა, თუმცა რამდენადაც ვიცი, „ფრონტერაც“ გამარჯვებას ზეიმობდა.

თვალაბეიშვილის თანახმად, არბიტრაჟის პირობები ავალდებულებს მოდავე მხარეებს, ორმხრივად შეთანხმდნენ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ტექსტის გამოქვეყნებაზე, თუმცა ხელისუფლებას ჯერაც არ მიუღია „ფრონტერას“ თანხმობა, რის გამოც შეთანხმების სრული ტექსტის გასაჯაროება არ შეუძლებელია.

ამასობაში კი საქართველო „ფრონტერასთან“ გაფორმებულ კონტრაქტებს ბათილად მიიჩნევს, თუმცა ჯერჯერობით აყოვნებს იჯარით გაცემული ტერიტორიების დაბრუნებას, რის მიზეზიცაა ვაშინგტონიდან მომავალი პოლიტიკური საფრთხეები.

არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ კომპანიამ გამოხატა პროტესტი და, ინტენსიური ლობირების წყალობით, მაქსიმალური დოზით გამოიყენა პოლიტიკური ზეწოლა აშშ-ის მხრიდან – ყოველივე ამას კი უზრუნველყოფდა კონგრესში ტეხასისა და ოკლაჰომის წარმომადგენელთათვის როგორც თავად კომპანიის, ისე მისი ხელმძღვანელების მიერ წინასწარ გაღებული სტაბილური და არსებითი შეწირულობა.

გამოცემა, „ჰიუსტონ ქრონიქლის“ თანახმად, „ფრონტერამ“ ამ საქმისთვის 500,000 დოლარად დაიქირავა ლობირების ფირმა, „ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფეარსი“. გაზეთში, ორგანიზაცია, „სენტერ ფორ რესფონსივ პოლითიქზე“ დაყრდნობით, ასევე აღნიშნულია, რომ „ფრონტერას“ თავკაცმა, სტივ ნიკანდროსმა და სხვა ხელმძღვანელებმა 180,000 დოლარზე მეტი ოდენობის შეწირულობა გაიღეს, ძირითადად, ტეხასელი და ოკლაჰომელი რესპუბლიკელების ფედერალური კამპანიებისთვის.

ეს საქმე წარმომადგენელთა პალატის წევრებმა და სენატორებმა: ტედ კრუზმა და ჯონ კრონინმა (რესპუბლიკელები ტეხასიდან) „შეფუთეს“, როგორც რუსეთის მიერ შთაგონებული და საქართველოს მიერ განხორციელებული შეტევა აშშ-ის წინააღმდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომეპოს და ხაზინის მდივნის, სტივ მნუჩინისთვის 15 მაისით დათარიღებულ წერილში სენატორებმა, რომელთაც შეუერთდნენ კონგრესმენები ჯოდი არინგტონი (ტეხასი) და მარკუეინ მალინი (ოკლაჰომა), განაცხადეს: „სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს კავშირები ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ მეტოქეებთან და მტრებთან, რასაც ეწირება ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესები“. წერილში ასევე ხაზგასმულია მძიმე კანონდარღვევები და ანტიამერიკული ქმედებები. ამან საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ამერიკული ბიზნეს საზოგადოება აღაშფოთა. მცირე ნავთობმომპოვებელი კომპანიის ლობირებამ არ უნდა შეუშალოს ხელი 30-წლიან სტრატეგიულ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას აშშ-ის და სამხრეთ კავკასიაში ყველაზე პროდასავლურ ქვეყანას შორის. „ფრონტერას“ საგა გრძელდება“, – ნათქვამია ლუელინ კინგის სტატიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *