მილიონერის პროფილი – მამუკა ხაზარაძე

მილიონერის პროფილი – მამუკა ხაზარაძე post thumbnail image

დაბადების თარიღი: 29/12/1966

ჯამური ქონება:$1 მილიონი – $5 მილიონი

ბიზნესები: თიბისი ბანკი

მამუკა ხაზარაძე არის თიბისი ბანკის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ,,თიბისი ჯგუფის” ერთ-ერთი ცენტრალური ინსტიტუტი არის ,,თიბისი ბანკი” – საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა 1992 წელს ,,თიბისი ჯგუფის” მიერ. მამუკა ხაზარაძემ დღეისათვის ეს უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი უცხოელ და რამდენიმე ქართველ პარტნიორთან ერთად დააფუძნა. მისი საწყისი კაპიტალი 500 დოლარი იყო, ეს იყო ის ოდენობა, რომელიც საჭირო იყო 90-იან წლებში ბანკის დასაარსებლად. მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე წელს დაახლოებით 250 ბანკი დარეგისტრირდა, თუმცა ცხადია, უდიდეს წარმატებას მხოლოდ თიბისი ბანკმა მიაღწია. ეს ყველაფერი კი განპირობებული იყო მამუკა ხაზარაძის მაღალი კვალიფიციითა და არაჩვეულებრივი თანმიმდევრულობით. 

ამ ფინანსურმა ინსტიტუტმა შემდეგი სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა როგორც ქართველ ინვესტორებში, ასევე უცხოელ პარტნიორებთანაც. 1995 წელს ბანკს დაემატა 1 ფილიალი და სულ 29 თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო ჯამური აქტივები 1,4 მილიონ დოლარს შეადგენდა. მამუკა ხაზარაძემ დაიწყო 0-დან და შეძლო შეექმნა საქართველოში ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი. მამუკა ხაზარაძე საკუთარი წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თავისი გუნდის პროფესიონალი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას ასახელებს.

კონტრასტულად უნდა აღინიშნოს, რომ დაარსებიდან 25-ე წელს ,,თიბისი ბანკი” -ს ჰყავდა ჯამში 7 ათასი თანამშრომელი და ორი მილიონი აქტიური მომხმარებელი. ამ წლების განმავლობაში ბანკმა ჯამში 2 მილიარდზე მეტი ფულადი რესურსის მოზიდვა შეძლო, 2017 წელს კი ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილიც კი გახდა.

გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 1995 წელს მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა კომპანია „საქართველოს მინისა და მინერალური წყლები“. 2014 წელს მამუკა ხაზარაძე  Ernst & Young-მა დააჯილდოვა საქართველოს „წლის მეწარმის“ ჯილდოთი. მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძე დღემდე არ მიიჩნევს თავს ,,ბანკირად” და თვლის, რომ ,,თიბისი ბანკი” მისი ერთ-ერთი ბიზნესთაგანია.

პარტია ლელო – “დამფუძნებელი”

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ საქმიანობას, მან 2019 წლის 12 სექტემბერს დააარსა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ და აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა ამ მიმართულებით. ხაზარაძის თქმით, ლელო ჩამოყალიბებული არის იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და შეძლოს განვითარება ახლო მომავალში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლელომ ხმების 3,15% მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიამ გადალახა 1% საარჩევნო ბარიერი და 4 დეპუტატით შევიდა პარლამენტში, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ცხადია, მამუკა ხაზარაძეც იყო.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი პირადი სურვილი არ ყოფილა პოლიტიკაში წასვლა, თუმცა მან ეს ზოგადი გარემოს გაუმჯობესების მიზნით გააკეთა და ამიტომაც, დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში. დღესდღეისობით ის აქტიურად განაგრძობს პოლიტიკურ მოღვაწეობას და სრულიად ჩამოშორდა ბიზნეს საქმიანობას. მან ფინანსურ სექტორში თავისი სიტყვა უკვე თქვა, ხოლო ახლა ასპარეზი პოლიტიკას დაუთმო, სადაც ნელ-ნელა უკვე ახერხებს წარმატების მიღწევას. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძე უკვე საქართველოს პარლამენტის წევრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *