„იმუშავე საქართველოდან” 27 აგვისტოდან იწყებს მოქმედებას

„იმუშავე საქართველოდან” 27 აგვისტოდან  იწყებს მოქმედებას post thumbnail image

საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი პლატფორმა „იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედდა 27 აგვისტოდან. პროექტი საქართველოს მთავრობის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. ახალი პლატფორმით ისარგებლებენ თვითდასაქმებულები, სრული განაკვეთით დასაქმებულები, რომლებიც დისტანციური ფორმატით იმუშავებენ, ასევე მეწარმეები, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ბიზნესი მართონ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში, საქართველოს გამონაკლისის წესით, 95-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის: აშშ-ის, ევროკავშირის, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები და რეზიდენტები ეწვევიან. მათ საქართველოში 180-ზე მეტი დღით დარჩენა შეუძლიათ. პროექტი ერთის მხრივ, დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად იმოქმედებს საქართველოს როგორც „უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებაზე.

„საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კონკრეტული პერიოდით მოგზაურობას და დისტანციურად მუშაობის საშუალებას სთავაზობს. ეს ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიისთვის ინოვაციური პროექტია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს და ბინადრობის მქონე პირებს საშუალებას აძლევს, საქართველოში იმოგზაურონ, იმუშაონ და აღმოაჩინონ ის უნიკალური ადგილები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ეს პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. ახალი პროექტით საქართველოში კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ და რაც მთავარია მოგზაურები საშუალო სტატისტიკურად დარჩებიან ბევრად უფრო ხანგძლივი პერიოდით, ვიდრე გასულ წლებში. პროექტის მიხედვით საუბარია სამი კატეგორიაზე: თვითდასაქმებულები, სრულ განაკვეთზე მომუშავე პირები და მეწარმეები, რომლებსაც საშუალება ექნებათ stopcov.ge-ზე არსებული აპლიკაცია შეავსონ, პირადი ინფორმაციის გრაფები მარტივი და გასაგებია, სადაც არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ, რომ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა და საქართველოში ყოფნის პერიოდში შეძლებენ ყველა გადასახადის გადახდას. პროექტში მონაწილეები 12- დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად აანაზღაურებენ, სავალდებულო იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა.

ამ პროექტის დამუშავებისას არაერთი შეხვედრა გავმართეთ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და მოხარულები ვართ, რომ 30-მდე სასტუმრომ ინტერესი გამოხატა ჩაერთოს პროექტში, როგორც კომერციული საკარანტინო სივრცე, რაც მათ უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მისცემს. კარანტინის დასრულების შემდეგ, მე-13 დღეს ეს ადამიანები სრულფასოვანი ტურისტები ხდებიან, შეეძლებათ დაიქირაონ ბინები, იმოგზაურონ ხანგძლივი პერიოდით საქართველოში. ამ პროექტით საშუალება გვაქვს უნიკალური მიმართულება გავხდეთ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტმა უკვე დიდი გამოხმაურება მოიპოვა საერთაშორისო მედიაში.

„მინდა, სიამაყით გითხრათ, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ ეს პროექტი დაანონსა, საერთაშორისო გამოცემებმა მათ შორის: Forbes-მა, New York Times-მა, Insider-მა სტატიები მოამზადეს საქართველოს ახალ ინიციატივაზე. შედეგად, ამ ფაქტმა გამოიწვია ძალიან დიდი გამოხმაურება და გაიზარდა მოთხოვნა. ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს უცხოეთში საელჩოებთან და გვაქვს უკუკავშირი, რომ ინტერესი მაღალია. ასევე დიდი ინტერესი აქვს ჩვენს კერძო სექტორს, რომელმაც გააქტიურა გაყიდვების არხები საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კოვიდ-19“ პანდემიის პერიოდში მრავალი საერთაშორისო კომპანია 2020 წლის ბოლომდე დისტანციური მუშაობის ფორმატზე გადავიდა, რაც ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დისტანციურად იმუშაოს. საქართველოს – პანდემიასთან ბრძოლის წარმატება და საერთაშორისო აღიარება უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, დისტანციურად მომუშავეებმა არჩევანი საქართველოზე გააკეთონ. ახალი პლატფორმის ბმული stopcov.ge-ს გვერდზე აიტვირთება“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *