რა ჯობია – ფულის დაგროვება თუ ინვესტიცია?
ძალიან ბევრ ადამიანს არ ესმის განსხვავება ინვესტიციებსა და ფულის დაგროვებას შორის. როდესაც მათ გარკვეული კაპიტალი აქვთ, ისინი ფიქრობენ, რომელი ჯობია – ფულის დაგროვება, ანუ ზრდად ანაბარზე განთავსება თუ ინვესტირება? ისინი საკმაოდ დიდ დროს უთმობენ ამაზე ფიქრს და ვერ გადაუწყვეტიათ რომელი შეარჩიონ. თუმცა, ეს შეკითხვა საფუძველშივე არასწორია. იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება შეძლოთ აუცილებელია გესმოდეთ, რომ ფულის ინვესტირება და დაგროვებით ანაბარზე განთავსება ორი სრულიად სხვადასხვა ფინანსური ქმედებაა და მათ თავიანთი ადგილი უნდა ეჭიროთ თქვენს ფინანსებში.
სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი ინვესტირებას და ფულის დაგროვებას ერთანირად აღიქვამს, ისინი ფიქრობენ – “ორივე მათგანი გზაა იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიპოვო მომავალში”. ეს გარკვეულწილად სწორია, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე, ინვესტიცია და ფულის ანაბარზე განთავსება განსხვავებულად მუშაობს და შესაბამისად, მათ თქვენთვის განსხვავებული შედეგები მოაქვთ. ამ სტატიაში სწორედ ამ განსხვავებებს განვიხილავთ, რათა ნახოთ, სინამდვილეში რა ჯობია, ფულის ინვესტირება თუ დაგროვებით ანაბარზე განთავსება.
განსხვავება #1
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ კაპიტალი 10 000 დოლარის ოდენობით და ვერ გადაგიწყვეტიათ რა გააკეთოთ ამ თანხით, განახორციელოთ ინვესტიცია თუ განათავსოთ ანაბარზე. ამ ამოცანის ამოხსნა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თქვენ გგონიათ. თუ თქვენ გსურთ ამ თანხიდან მიიღოთ მოგება, ანუ ეს თანხა გამოიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაზარდოთ ის, მაშინ ინვესტიცია უნდა განახორციელოთ, ხოლო თუ გსურთ, ეს თანხა სამომავლოდ გამოიყენოთ სხვადასხვა საჭიროებებისათვის, მაშინ უნდა განათავსოთ ანაბარზე.
ინვესტიცია ნიშნავს ფულის დაბანდებას, თქვენ გაქვთ 10 000 დოლარი და იყენებთ ამ თანხას, იმისთვის, რომ დამატებით კიდევ 10 000 დოლარი და მეტი იშოვოთ. ინვესტირების დროს თქვენს ფულს იყენებს იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო გაზარდოთ, ანუ ამუშავებთ ფულს მეტი ფულისთვის. ანაბარს სრულიად განსხვავებული პრინციპი აქვს. ანაბარზე თანხას ანთავსებთ არა მომავალში მოგების მიღების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ უზურნველყოთ თქვენი სიმშვიდე, მომავალში, როდესაც უეცარი ფინანსური ვალდებულებები გაგიჩნდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ანაბარიც გპირდებათ თანხის გაზრდას, უნდა გესმოდეთ, რომ წლიური პროცენტი ძალიან დაბალია, ამიტომ ჰქვია პროცენტს სარგებელი და არა მაგალითად, მოგება ინვესტიციაზე. შესაბამისად, პირველი და ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც განასხვავებს ინვესტიციას ანაბრისაგან არის ის, რომ ინვესტიცია არის ფულის რაოდენობის გაზრდა, ხოლო ანაბარი, ფულის გადადება ფინანსური საჭიროებებისათვის.
განსხვავება #2
ინვესტირების დროს, თქვენ ფულს ანთავსებთ სხვადასხვა ფინანსურ აქტივებში. ეს შეიძლება იყოს ობლიგაციების შეძენა, სხვადასხვა კომპანიების აქციების ყიდვა, ოქროს ან ვერცხლის ყიდვა ან სულაც ფულის ჩადება უძრავ ქონებაში. ინვესტიციები განსხვავდება, იმის მიხედვით, თუ რომელ ფინანსურ აქტივს ყიდულობთ. სხვადასხვა ტიპის აქტივებში ფულის ინვესტირების პროცესი და შედეგები განსხვავებულია. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ოქროში, უძრავ ქონებაში და სხვადასხვა ტიპის აქტივებში ფულის ინვესტირების შესახებ დეტალურად ჩვენს სტატიებში, ახლა კი დავუბრუნდეთ განსხვავებას ინვესტიციასა და თანხის დაგროვებას შორის.
ინვესტირების დროს თქვენ ფულს ცვლით კონკრეტულ აქტივში და ხდებით ამ აქტივის ნაწილობრივი ან სრული მფლობელი. თქვენ ირჩევთ ისეთ აქტივებს, რომელთაც უწინასწარმეტყველებთ ზრდას, რათა მომავალში მიიღოთ მოგება. როდესაც საქმე ეხება ფულის დაგროვებას, საქმე გაცილებით მარტივადაა. თქვენ უბრალოდ ირჩევთ ანაბარს საუკეთესო პირობებით და მაღალი პროცენტული სარგებელით თქვენთვის სანდო ბანკში, ანთავსებთ თანხას და შემდეგ ელოდებით როდის დაგერიცხებათ ყოველწლიური სარგებელი. თქვენ შეიძლება თანხა გქონდეთ განთავსებული ანაბარზე ერთი, ორი ან სულაც ათი წლის განმავლობაში და პირობების შესაბამისად მიიღოთ თანხა, როდესაც ანაბრის ვადა დასრულდება.
შესაბამისად, მეორე განსხვავება ასეთია: ინვესტიცირების დროს, თქვენ ყიდულობთ, ანუ ფულს აბანდებთ სხვადასხვა ტიპის ფინანსურ აქტივებში, ხოლო თანხის დაგროვების დროს, თანხას ათავსებთ ბანკში ანაბარზე.
განსხვავება #3
ინვესტიციასა და ფულის დაგროვებას სხვადასხვა მიზნები აქვთ. ადამიანები ფულის ინვესტიციას ახდენენ მხოლოდ ერთი მიზნით – მიიღონ მოგება ინვესტიციაზე და უფრო გამდიდრდნენ. ისინი ვინც ინვესტიციას ახორციელებენ სწორედ ამისთვის ხარჯავენ თავიანთ 10 000 დოლარს. ისინი, ვინც თანხას ანაბარზე ანთავსებენ, აკეთებენ ამას იმისთვის, რომ ჰქონდეთ ფული რათა დაიკმაყოფილონ კონკრეტული ფინანსური საჭიროებები. შესაბამისად, ინვესტიცია არის იმისთვის, რომ მიიღოთ მოგება, ხოლო ფულის დაგროვება ანაბარზე იმისთვის, რომ იყოთ მშვიდად ან დაიკმაყოფილოთ მოკლევადიანი სურვილები.
განსხვავება #4
რამდენადაც ინვესტიცია არის იმისთვის, რომ მიიღოთ მოგება, სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე მაგალითად ანაბარზე. წარმოდიგინეთ, რომ ინვესტიციისთვის გადაწყვიტეთ აქციების შეძენა. შეარჩიეთ კომპანია, რომლის ერთი აქციის ღირებულება 100 დოლარია, შესაბამისად 10 000 დოლარით შეიძინეთ 100 აქცია. სიმარტივისითვის ავიღოთ ისეთი კომპანიის აქციები, რომლებიც დივიდენდებს არ გასცემენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოცემული კომპანიის აქციები 5 წლის განმავლობაში სულ 100%-ით გაიზარდა. ასეთ შემთხვევაში ერთი აქციის ღირებულება, რომელიც თქვენ 100 დოლარად შეიძინეთ, ახლა 200 დოლარია. შესაბამისად, თქვენ ახლა 20 000 დოლარის ღირებულების აქციებს ფლობთ. თუ თქვენ ამ ეტაპზე აქციების გაყიდვას გადაწყვეტთ, დაიბრუნებთ თქვენს მიერ ინვესტირებულ 10 000 დოლარს და მიიღებთ 10 000 დოლარის მოგებას.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ აქციების შეძენის ნაცვლად, გადაწყვიტეთ თქვენი 10 000 დოლარის ანაბარზე განთავსება. დოლარში გახსნილ ანაბარზე დარიცხული პროცენტი დაახლოებით 2-4%-ია. თუ ანაბარზე განათავსებთ თანხას ხუთი წლით, დაახლოებით 2000 დოლარის სარგებელს მიიღებთ, რაც დამეთანხმებით დიდი თანხა ნამდვილად არ არის, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თანხის მისაღებად ხუთი წელი დაგჭირდათ. თანაც, საპროცენტო განაკვეთი ასეთი მაღალი შეიძლება სულაც არ იყოს.
ადამაინებს, სამწუხაროდ მსგავსი ტიპის სეივინგებსა და ანაბრებზე არასწორი წარმოდგენა აქვთ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ფულის რაოდენობის ზრდის, ან გნებავთ, გამდიდრების ერთ-ერთი მეთოდია. თუმცა, თავადაც ხედავთ, რომ ეს ასე არ არის. რასაკვირველია, შესაძლებელია დააგროვოთ გარკვეული თანხა, თუმცა ეს სიმდიდრესთან ძალიან შორს იქნება. იმისთვის, რომ ანაბრის საშუალებით დიდი თანხა იშოვოთ, საჭიროა დიდი თანხა განათავსოთ, თანაც არც თუ ისე ცოტა ხნით.
ეს განსხვავება, ალბათ ყველაზე ცხადი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია – სწორად განხორციელებულ ინვესტიციაზე მოგება მაღალია, ხოლო ანაბარზე სარგებელი მცირეა.
განსხვავება #5
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სუბიექტურები ვართ, რამდენადაც, ყველა ზემოთ დასახელებულ პუნქტში ინვესტიციების უპირატესობა ნათელია. თუმცა, ეს ასე ნამდვილად არაა, რამდენადაც ინვესტიციასა და ანაბარს სხვადასხვა ფუნქცია აქვს და სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, თქვენ სავსებით შესაძლოა ჩათვალოთ, რომ თქვენთვის ფულის დაგროვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შოვნა.
ინვესტიციასა და ანაბარს შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ლიკვიდურობაა. ინვესტიცია ნაკლები ლიკვიდურობით ხასიათდება, ხოლო ანაბარზე განთავსებული თანხა კი მეტად ლიკვიდურია. რას ნიშნავს ეს?
წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე კომპანიის აქციებს ფლობთ. თქვენი თანხა, თქვენს ხელთ აღარ არის, მის ნაცვლად, თქვენ ფლობთ აქციებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სარფიანი გარიგება შემოგთავაზეს, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ფულს მოგიტანთ, თუმცა, ამისთვის თანხა გჭირდებათ. თანხის მისაღებას, საჭიროა გაყიდოთ თქვენი აქციები, ეს კი ზოგჯერ მარტივი სულაც არაა, მაშინაც, კი თუ აქციების ფასი იზრდება. შესაძლოა, თქვენ ფლობდეთ აქციებს რამდენიმე წლის განმავლობაში და ზრდის ტრენდი კონკრეტულ მომენტში უარყოფითი იყოს, რის გამოც ვერ შეძლოთ დროულად აქციების გაყიდვა. ან უბრალოდ შესაძლოა იმ დროს, როდესაც თქვენ ნაღდი ფული გესაჭიროებოდეთ, კონკრეტული კომპანიის აქციების ყიდვა არავის სურდეს. შესაბამისად, იმისთვის, რომ თქვენი აქციები კვლავ ნაღდ ფულად აქციოთ გარკვეული დრო და დაგჭირდებათ, ეს ნიშნავს, რომ მისი ლიკვიდურობა დაბალია.
რაც შეეხება ანაბარს, მისი ლიკვიდურობა გაცილებით მაღალია. ანაბარი იგივე საბანკო ანგარიშია, სადაც ნაღდი ფული გაქვთ განთავსებული. შესაბამისად, იმისთვის, რომ ფული კვლავ თქვენს ხელში აღმოჩნდეს, არ გჭირდებათ მოცდა, შეგიძლიათ გაანაღდოდ თანხა, როდესაც მოისურვებთ.
თუმცა, აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ანაბარის შემთხვევაში, თანხას ასე უპრობლემოდ ვერ გამოიტანთ. ვადიანი ანაბრების უმრავლესობა, უზღუდავს მეანაბრეს თანხის გამოტანას გარკვეული ვადის გასვლამდე. თუ თქვენ ანაბარი ორი წლით გახსენით, მოგიწევთ დაელოდოთ ვადის გასვლას, რათა თანხა და პროცენტი მიიღოთ. თუ თანხის გამოტანა მაინც გადაიწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ბანკი დაიკავებს დარიცხული პროცენტის გარკვეულ ნაწილს.
მეორეს მხრივ, შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი, რომელიც თანხის თავისუფლად განკარგვის საშუალებას გაძლევთ, თუმცა, როგორც წესი, ასეთ ანაბრებზე პროცენტი შედარებით მცირეა. ნებისმიერ შემთხვევაში, ანაბარი გაცილებით ლიკვიდურია, ვიდრე ინვესტიცია.
განსხვავება #6
ზოგიერთი ადამიანი ინვესტიციასა და ანაბარს შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს მხოლოდ იმიტომ ანიჭებს, რომ ინვესტიცია დიდი რისკის შემცველია, ხოლო ანაბარი – არა. მათთვის მთავარი განსხვავება სწორედ ესაა. თუმცა სინამდვილეში, ეს არა განსხვავება, არამედ მსგავსებაა. ინვესტიციაც და ანაბარიც ორივე მაღალი რისკის შემცველია.
ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკები თქვენთვის მეტნაკლებად ცხადია – შესაძლოა ვერ შეარჩიოთ კომპანია, რომლის აქციებსაც ყიდულობთ სწორად, აქციების ფასი დაეცეს, ვერ გაყიდოთ სარფიანად, ან სულაც თქვენი შერჩეული კომპანია უბრალოდ გაკოტრდეს და დაიხუროს. ასეთ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ მოგებას ვერ მიიღებთ და თქვენს ძირითად, საინვესტიციო თანხასაც დაკარგავთ, ძალიან დიდია.
თუმცა, თავის მხრივ, ანაბარზე თანხის განთავსებაც სარისკო ქმედებაა, განსაკუთრებით, თუ თქვენი ანაბარი გრძელვადიანია. პირველი საფრთხე ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირებაა. განვიხილოთ მაგალითი:
თქვენ გადაწყვიტეთ, საბავშვი ანაბარი გაგეკეთებინათ 2010 წლის პირველ ოქტობერს და თანხა 10 წლით განგეთავსებინათ. თქვენი პირველადი შენატანი ანაბარზე 5000 ლარი იყო. ამ დროს, თქვენი 5000 ლარი 2768 დოლარს უდრიდა. ახლა, ცხრა წლის შემდეგ, თქვენი 5000 ლარი 1680 დოლარს უდრის. ლარის გაუფასურების გამო, თქვენ ამ დროის განმავლობაში 1088 დოლარი დაკარგეთ. ამ დროის განმავლობაში ლარის მსყიდველობითი უნარი საგრძნობლად დაეცა, გარშემო ყველაფრის ფასმა მოიმატა და თქვენი 5000 ლარით ახლა გაცილებით ნაკლები რამის ყიდვა შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, ამ თანხას ემატება ანაბრის სარგებელიც, თუმცა ვალუტის ასეთი გაუფასურების პირობებში, ის მხოლოდ უნარჩუნებს თანხას ძველ მსყიდველობით უნარს და რეალურად არ ზრდის მას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, ლარში ანაბრის გახსნა უბრალოდ თანხის დაცვაა გაუფასურებისაგან.
თუმცა, თუკი ანაბარი დოლარში გაქვთ, მაინც არ ხართ დაცული რისკისაგან, განსაკუთრებით მაშინ, თუ გრძელვადიან ანაბარს ხსნით. ანაბრების ნეგატიური გამოცდილება ალბათ თქვენს მშობლებსა ან ბებია-ბაბუებსაც აქვთ. შესაძლოა ბანკი, რომელშიც ანაბარს ხსნით სულაც არ იყოს კეთილსინდისიერი ან სულაც გაკოტრდეს და ვერ მოახერხოს თქვენი თანხის, მითუმეტეს კი სარგებელის თქვენთვის დაბრუნება.
და მაინც, რომელი ჯობია ინვესტიცია თუ ანაბარი?
ანაბარს გახსნით თუ ინვესტიციას განახორციელებთ, ეს მთლიანად თქვენს სურვილებსა და მიზნებზეა დამოკიდებული. თუ თქვენ გსურთ თქვენმა ფულმა იმუშაოს თქვენს ნაცვლად მეტი ფულის მისაღებად, გაქვთ ამბიციური სამომავლო ფინანსური გეგმები და გსურთ მიიღოთ მაღალი მოგება – მაშინ ივნესტიცია თქვენთვისაა.
თუ არ გაქვთ დიდი თანხის მიღების ამბიცია, გსურთ მშვიდად იყოთ და იცოდეთ, რომ ახლო მომავალში ფინანსური პრობლემების აღმოფხვრა შეგიძლიათ ან უბრალოდ გინდათ კონკრეტული სურვილები აისრულოთ, შეგიძლიათ თამამად გახსნათ ანაბარი.
თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ადამიანისა თუ ოჯახის ბიუჯეტში ინვესტიციას და დანაზოგს თუ ანაბარს თავისი ადგილი უჭირავს. თქვენი კეთილდღეობისათვის, ნამდვილად უკეთესი იქნება, თუ ინვესტიციას განახორციელებთ გრძელვადიანი ფინანსური გეგმებისათვის, ხოლო მოკლევადიანისათვის მზარდი ანაბარი გექნებათ. ასეთ შემთხვევაში, იმედიანად და მშვიდად იქნებით. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ერთი რამ კარგად უნდა გესმოდეთ, ორივე – ინვესტიციაც და დანაზოგიც რისკის მატარებელია, შესაბამისად სანამ თქვენი კაპიტალით აქციებს შეიძენდეთ, ან თანხას ბანკში განათავსებდეთ, აუცილებელია კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.