კობა გვენეტაძე საუბრობს ეროვნული ბანკის აქტიურობის მიზეზზე

კობა გვენეტაძე საუბრობს ეროვნული ბანკის აქტიურობის მიზეზზე post thumbnail image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიური ანგარიში წარადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უწყების მიერ გატარებულ ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო ნაბიჯებზე საუბრობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება პრიორიტეტულ მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძემ ისაუბრა იმის შესასხებ, რომ სავალუტო ბაზარზე ძალიან დიდი გაურკვევლობაა, და სწორედ ამას მიაწერა ის ფაქტიც, რომ ეროვნული ბანკი გაცილებით უფრო აქტიურია ბაზარზე. მისი თქმით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და შესაბამისად, პროგნოზირება რთულია.

„თუ შევხედავთ, გარკვეული პანიკის შემდეგ როგორი მოძრაობა აქვს ეროვნულ ვალუტას, დაახლოებით იგივე ტრაექტორიას იმეორებს, რასაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. ეროვნული ბანკი გაცილებით უფრო აქტიური არის ბაზარზე, რადგანაც ძალიან დიდი გაურკვევლობაა სავალუტო ბაზარზე და ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა, ასეთ უპრეცედენტო სიტუაციებში გარკვეული ნდობის ელემენტები შევიტანოთ, რათა ბაზრებმა არ იმოქმედონ გაუმართავად. მოგეხსენებათ, უფრო აქტიურია სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი. გარდა აუქციონებისა და ინტერვენციებისა, ვმონაწილეობთ ყოველდღიურ ბაზრობებსა და ვაჭრობებში, რომელმაც გაცილებით უფრო ნაკლებად მერყევი გახადა ლარი. ამავე დროს, გადმორიცხვები გაცილებით კარგ მაჩვენებელზეა, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ალბათ უკეთესი იქნება, ანუ გაუარესება ისეთი არ იქნება, როგორც პანდემიის დასაწყისში ვვარაუდობდით. ესეც დამატებითი დადებითი ფაქტორია ლარის კურსის სტაბილურობისა და მაშასადამე, ინფლაციისთვისაც, რასაც ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს, მოზიდული რესურსები დაგვეხმარება, ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს საჭირო ჩარევა მოვახდინოთ ისე, რომ რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი არ გაუარესდეს, რაც ასევე ხელს შეუწყობს სუვერენული რეიტინგების შენარჩუნებას, მომავალში კიდევ ზრდას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ბაზარზე ეროვნული ბანკის აქტივობა იმის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ უწყება რეზერვებს აგროვებდა, რომელიც საერთაშორისო ინდიკატორების მიხედვით ადეკვატური არ იყო. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პროგნოზით სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაცია გააგრძელებს შემცირებას და შემდეგი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

„ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ამ არაორდინარული ვითარების ფონზე, სწორედ აღნიშნული რეზერვებს ვიყენებთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვისშოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოსვლის ფარგლებში, კობა გვენეტაძემ ახალი პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების ეკონომიკურ ზეგავლენაზე ისაუბრა და დეპუტატებს გააცნო ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ შესაბამის ნაბიჯებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს.

„დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა. თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება, ვინაიდან ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება,“ – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მისი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე ღონისძიება გაატარა. მათ შორის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *