პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შედის
ახალი კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი ან სავალალოდ მძიმე მდგომარეობა. საქართველო ნამდვილად არ ყოფილა ამის გამონაკლისი და სწორედ ახალი კორონავირუსის მიერ შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში ცვლილებები შედის. მიმდინარე ცვლილებები სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული, ამასთან, პროგრამას ექვსი ახალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის ფუნქციაც დაემატა.
„სასტუმრო და ზოგადად ტურისტული ინდუსტრია განსაკუთრებულად დაზარალდა გლობალური პანდემიის შედეგად. ამასთანავე, არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ისეთი ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერა და წახალისება გახდა აუცილებელი, რომლებზეც „აწარმოე საქართველოში“ ამ ეტაპამდე არ მუშაობდა.
სწორედ ამიტომ, განხორციელებული ცვლილებები სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის ფუნქციაც დაემატა.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილ სირთულეებთან გასამკლავებლად, „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“, – აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.
წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, სასტუმრო ინდუსტრიაში სესხის აღების აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. პროგრამით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ექნება შესაძლებლობა, სასტუმრო ააშენოს მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზეც. იგივე პირობები ვრცელდება შეეხება ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიაზეც.
სასტუმრო ინდუსტრიაში მიწის იჯარით, ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღებასთან დაკავშირებული სიახლე პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც არ ფლობენ საკუთრებაში სასტუმროსთვის საჭირო უძრავ ქონებას, თუმცა აქვთ შესაძლებლობა გამქირავებლის, მეიჯარისა თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის სასყიდლის გადახდით ან მის გარეშე მოიპოვონ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება.
„დადგენილების მოქმედი რედაქციით, „აწარმოე საქართველოში“ ტურისტული სერვისების ინდუსტრიის განვითარების კუთხით ქვეყნის მასშტაბით 14 ლოკაციაზე ეხმარებოდა ბიზნესებს. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად კი ეს შეზღუდვა იხსნება და სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყებს აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობას.
ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ მომართვიანობაზე დაყრდნობით, საჭირო გახდა ლოკაციების შეზღუდვის მოხსნა არა მარტო სასტუმროსთვის, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტურისტული სერვისების ინდუსტრიისთვისაც.
დღეიდან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მეწარმე სუბიექტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეძლებენ ისეთი საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ობიექტების მოწყობას, როგორებიცაა თემატური პარკები, ეთნო/ეთნოგრაფიული პარკები, ე.წ. ვეიკ პარკები და სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა ატრაქციები“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.
რაც შეეხება ექვს ახალ ეკონომიკური საქმიანობას, უწყებაში აცხადებენ, რომ არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 12 000-მდე ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში.
„დღეიდან კი პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტული მიმართულებების სიას დაემატება ექვსი ახალი ეკონომიკური საქმიანობა. მათ შორის არის კომპიუტერული თამაშების გამოცემა, საავადმყოფოების საქმიანობები, ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები, სტომატოლოგიური პრაქტიკის საქმიანობები, კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.
„აწარმოე საქართველოში“ ექვსი წელია, რაც წარმატებით თანამშრომლობს კერძო სექტორთან. სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაა, რასაც ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის მხარდაჭერით ახორციელებს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.