დღეს ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსაყვანი ფრენების გრაფიკი დაიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ევროპის ქალაქებიდან ფრენებს სხვადასხვა ავიაკომპანია განახორციელებს. როგორც ადრე გავრცელებულ ინფორმაციაში ვიგებთ, მიმდინარე სიტუაციის განმავლობაში და პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც ბევრი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს საქართველოში ფრენების განხორციელებას. მათ შორის ასპარეზზე გამოდის ახალი ქართული ავიაკომპანიებიც, რაც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესის აჩქარებაში.
„დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება. საუბარია იმაზე, ვიმუშაოთ ავიაკომპანიებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ორშაბათს გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაცია, საიდანაც კვლავ განხორციელდება ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი თანამოქალაქეებს ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი სუბსიდირებული ფასებით საქართველოში ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს უნდა მოხდეს უსაფრთხოდ, ისე, რომ არ მოხდეს დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზეწოლა ჩვენს მოსახლეობაზე. ყველას ექნება ქვეყნაში დაბრუნების შესაძლებლობა კარანტინის გავლით, სახელმწიფოს ხარჯზე. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი კომპანია. ჩვენი სამინისტრო საავიაციო დარგში მეტი კონკურენციის მომხრეა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჩვენს ბაზარზე „ვიზეარი“ გაფართოებულიყო, „რაინერი“ შემოსულიყო, სხვა ავიაკომპანიები შემოსულიყო. აქაც ამ პრინციპს დავიცავთ მაქსიმალურად. ეს იქნება რამდენიმე კომპანიის მონაწილეობით. „აირზენა“ კვლავაც გააგრძელებს თავისი ჩარტერული რეისების შესრულებას, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით. მაგრამ, რა დავალებაც ახლა მივიღეთ პრემიერისგან, ეს არ არის კომერციული ჩარტერები, სადაც ავიაკომპანია თავისი შეხედულებისამებრ აწესებს ფასებს. „აირზენას“ კომერციულ ჩარტერებზე ძალიან მაღალი ფასები აქვს. ახლა ვსაუბრობ სუბსიდირებად სოციალურ ფრენებზე, როგორც ეს აქამდე იყო, ბილეთის შეზღუდული ღირებულებით, რომელსაც სახელმწიფო დაუკვეთს კონკრეტულ კომპანიებს. ეს კვლავაც შეიძლება, იყოს „აირზენა“, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და ვხედავთ დაინტერესებას სხვა ავიაკომპანიების მხრიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბევრ უცხოურ ავიაკომპანიასთან, მაგალითად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ესპანურ ავიაკომპანიასთან, რომელიც დიდი ალბათობით დაიწყებს ფრენების განხორციელებას საქართველოს მიმართულებით.