საქართველო მეზღვაურებისთვის იქცა უსაფრთხო თავშეყრის ადგილად

საქართველო მეზღვაურებისთვის იქცა უსაფრთხო თავშეყრის ადგილად post thumbnail image

მთავრობის 2020 წლის 15 ივნისს გადაწყვეტილებით, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ კომპანიას და მეზღვაური – „საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს მეზღვაურებს, ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია მსოფლიოს საზღვაო საზოგადოებას. მსოფლიოს ყველა ცნობილმა გამოცემებმა, რომლებიც საზღვაო სექტორის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, გამოაქვეყნეს სტატიები სათაურებით – „საქართველო მეზღვაურებისთვის „უსაფრთხო ჰაბად“ გადაიქცა“, „საქართველო მეზღვაურთა როტაციას ნებადართულად აცხადებს“.

გამოცემა Marine Insight-მა გამოსცა სტატია სადაც წერს: „საქართველო გამოიყენებს კორონავირუსის გავრცელების რისკების მართვის წარმატებულ გამოცდილებას მეზღვაურთა რეპატრიაციისა და როტაციის  ხელშესაწყობად“, ხოლო გამოცემა Cyprus Shipping News წერს, რომ: „საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც აღიარა და განსაზღვრა მეზღვაურთა სტატუსი, როგორც „საკვანძო პროფესიის“ წარმომადგენლები“. ამავდროულად, ბერძნულ საზღვაო გამოცემაში ვპოულობთ სტატის, რომლის თანახმადაც საქართველო „უსაფრთხო ჰაბის ფუნქციას იძენს, სადაც საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გემთმფლობელებს სპეციალური ზომების დაცვით ქვეყანაში მეზღვაურების მიღებასა და საბოლოო დანიშნულებამდე მიღწევაში ტრანზიტის როლის შესრულებას შესთავაზებენ“.

„გემის ეკიპაჟის შეცვლა გინდათ? – სცადეთ საქართველო, შავი ზღვა“ „ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის და გლობალური პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარების გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება ბევრი გემთმფლობელისათვის გამოწვევის დაძლევის ერთადერთ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც Maritime Bulletin გემთმფლობელებს რჩევას აძლევს.

კოვიდ-19-ის პანდემიის მიერ შექმნილი ვითარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 300 000-ზე მეტი მეზღვაური ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას ხოლო მილიონამდე მეზღვაური – გემზე დასაქმებას. პრობლემის გასაჭრელად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ  2020 წელს წამოიწყო კამპანია „მეზღვაური საკვანძო პროფესიაა“ – და მოუწოდა წევრ ქვეყნებს თავისი წვლილი შეეტანათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

უწყების ცნობით, საქართველომ 2020 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და როტაციის პროცესი. ამ პროცესს კი ქვეყნის საზღვრების გახსნა საგრძნობლად ააჩქარებს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით დღეისათვის დახმარება 1000-ზე მეტ მეზღვაურს გაეწია. მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დღეისათვის აქვს ე.წ. „მწვანე კორიდორები“. აღნიშნული კორიდორის ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე მეზღვაურთა უსაფრთხო გადაადგილების, მათი ქვეყანაში/ქვეყნიდან მიიღება/გაცილების და საკარანტინო სივრცეში მოთავსების წესები, ხოლო ეკიპაჟის ცვლილების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევს“,- აცხადებენ სამინისტროში.

ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მეზღვაურებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

„დღეს, როდესაც მსოფლიო და საქართველო ებრძვის ამ ახალ გლობალურ გამოწვევას, გლობალურ პანდემიას, თქვენ და ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ძალიან კარგად ვართმევთ თავს. მეზღვაურის პროფესია სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში გამოცხადდა საკვანძო პროფესიად, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. ყველაზე პირველებმა თქვენ დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც არამარტო უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია საქართველო ტურისტულად, არამედ ჩვენ კიდევ ვართ უსაფრთხო მეზღვაურებისთვის ჰაბი. არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ გაჩერებულა ჩვენი პორტების მუშაობა. 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ამან შედარებით უფრო უმტკივნეულოდ გადაგვატანინა ეს რთული დღეები.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩართულები ვართ, ჩვენი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი უდიდესი მონდომებით, რეპატრიაციის და როტაციის პროცესში, თქვენ ჩვენი მეზღვაურები. თქვენ ხართ ჩვენი სახე საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან ძლიერი, ძალიან მამაცი და პროფესიონალური სახე. ამიტომაც, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, იგივე ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში. თუკი რამე გვევალება თქვენს სფეროში, პრაქტიკულად, თითქმის ყველა დირექტივა არის დანერგილი და ძალიან ამაყები და წელგამართულები ვართ ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გვეხმარება, რომ ეს სფერო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს და USAID-ის პროგრამის მეშვეობით გვიფინანსებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში, რომ რეალურ, შავი ზღვის კარიბჭედ გარდავიქმნათ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა თქვენ. მთელი მთავრობა ყოველთვის თქვენ გვერდში გვიგულეთ, ყოველთვის“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *