შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევა
ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების სიმწვავის შესამცირებლად მთავრობამ მრავალი სხვადასხვა პროექტი აამოქმედა, რომელიც არა მარტო პანდემიის გადატანაში დაეხამარება ქვეყანას, არამედ ამავდოულად გრძელვადიან შედეგებსაც განაპირობებს. ერთ-ერთი მათგანი არის კახეთის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი. ამავდროულად მოქმედებს მრავალი სხვა პროექტიც რომელთა შორის ერთ-ერთსაც ახორციელებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მათი ცნობით 2020 წლის რთველის სეზონზე ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.
„ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად ხუთი მლნ ლარისა, იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი.
ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 მილიონი ლარისა, განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12 პროცენტის ოდენობით.
თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისთვის გაცემულ სესხებზე. კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50 პროცენტის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.
პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 თვით“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.