არის თუ არა საქართველო რეალურად ეკონომიკურად თავისუფალი? – უცხოური ინვესტიციების დეფიციტი ქვეყანაში
საქართველო პატარა და ღია ტიპის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. ასეთი ქვეყნების განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაში უცხოური ინვესტიციები საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. ასეთი ინვესტიციები, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლის შედეგად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატებას განაპირობებს. სამწუხაროდ, თუ სტატისტიკას შევხედავთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყანა FDI-ის მოზიდვის კუთხით, პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის.
ამ ტენდენციამ სათავე 2017 წელს აიღო და საუბედუროდ დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ უცხოური ინვესტიციების კლების კავშირი პანდემიასთან არ იკვეთება, რადგან კლების ტენდენცია ჯერ კიდევ კორონავირუსულ პანდემიამდე დაიწყო და პანდემიის პირობებშიც გრძელდება. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ შემოსული უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი რეინვესტირებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქემ მოგება ჩვენი ქვეყნიდან არ გაიტანა და ისევ წარმოებაში ჩააბრუნა.
უცხოური ინვესტიციების კლების ტენდენცია მიმდინარე წელსაც იმავე ტემპით გრძელდება. 2021 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში 728.4 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა ამ ინვესიტიცების 84% რეინვეტიციაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წელს ახალი ინვესტიციის სახით მხოლოდ 115.4 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ახალი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი არ არის დივერსიფიცირებული. ამის თქმის საშუალებას იძლევა ის, რომ ეს ინვესტიციები ძირითადად ენერგეტიკაში, დამამუშავებელ მრეწევლობასა და საფინანსო სექტორში ნაწილდება. რეალური სექტორის განვითარების მიმართულებით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მხოლოდ მცირე ნაწილი მიედინება.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მსოფლიო საქართველოს ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყანად მიიჩნევს. ამას ადასტურებს ჰერითეჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიო რეიტინგში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, მეთორმეტე პოზიციაზეა თუმცა ამ ყველაფრი საფუძველს ის ფაქტი იძლევა რომ ჩვენს ქვეყანაში გადასახადებისა და ცალკეული რეგულაციების დაბალი ნორმაა. ქვეყნის მთავრობაში სწორედ ჰერითეჯის ინდექსით მოწინავე ქვეყნებს შორის ყოფნა მოჰყავთ ეკონომიკური თავისუფლების დამამტკიცებელ საბუთად, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების აშკარა დეფიციტია.
საინტერესოა, თუ რა არის საქართველოში უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების მიზეზი. ცხადია, რომ ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მათი უმეტესობა მაინც თანხმდება რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, რომელიც უცხოური ინვესტიციების დეფიციტს განაპირობებს. სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, კანონის უზენაესობა და შესაბამისად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მიუხედავად ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მოწინავე პოსზიცისს დაკავებისა, სამწუხაროდ, საქართველოს შეფასების ცალკეული კომპონენტების მიხედვით საკმაოდ ცუდი შედეგები აქვს.
გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელის შემშლელ ფაქტორად სახელდება მნიშვნელოვან საერთოშორისო პროექტებში განცდილი კრახი, მაგალითად ციფრული აბრეშუმის ჰაბის პროექტი, დაუსრულებელი ჰიდროელექტროსადგურები და ჰესები, ან თუნდაც ანაკლიის პორტი. ეს ყოველივე კი ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე და საქართველოს ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის არახელსაყრელ გარემოდ წარმოაჩენს.
ამ ორი მიზეზის გარდა, უცხოური ინვესტიციების დეფიციტის ერთ-ერთ უმთავრეს ხელის შემშლელ ფაქტორად სახელდება ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული აქტივების უდიდესი წილი, როგორიცაა მაგალითად სასოფლო და არასასოფლო მიწები, მინერალური და მტკნარი წყლის რესურსი, სასარგებლო წიაღისეული, ტყე და კიდევ მრავალი სხვა, სახელმწიფოს მფლობელობაშია. იმ შემთხვევაში, თუ დაჩქარდება ზემოთ ჩამოთვლილი აქტივების პრივატიზაციის პროცესი, შესაძლებელი გახდება, რომ ეკონომიკურ ბრუნვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა ჩამოთვლილმა აქტივმა და შესაბამისად, უცხელი ინვესტორები გარიგებას დადებენ არა ქვეყნის მთავრობასთან, არამედ კონკრეტულ პირთან, რომელიც ფლობს ამ აქტივებს.
უცხოური ინვესტიციების რეგრესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არაპროგნოზირებადი მომავალი და მის მიმართ უნდობლობაა. ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილისათვის ცნობილია, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა არ არის სტაბილური და ნებისმიერ დროს არსებობს რევოლუციისა და თუნდაც სამოქალაქო ომის საფრთხე, რომ არაფერი ვთქვათ გარე საფრთხეებზე, როგორიცაა რუსეთის არაკეთილმეზობლური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და მუდმივი პოლიტიკური ინტრიგები. ასეთი პოლიტიკური ფონის გამო, ინვესტორებს უჭირთ სწორი გათვლების გაკეთება და საქართველოში გრძელვადიანი ბიზნეს საქმიანობის წამოწყება, რაც საკმაოდ ლოგიკურია. გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებაში ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია ასევე ლარის არასტაბილური მდგომარეობა და მისი დაუსრულებელი გაუფასურება, რაც პრობლემას უქმნის როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე იმ ინვესტორებსაც, რომლებიც საქართველოში ცდილობენ საქმიანობის წამოწყებას.