2008 წლის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა

2008 წლის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა post thumbnail image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალაში შესვლის შედეგადაც, რეფინანსირების განაკვეთმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია 2008 წლის შემდეგ. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა საჭიროდ მიიჩნია 0.5%-ით გაეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რის შემდეგაც, აღნიშნულმა 10.5%-ს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას უკვე მეოთხედ ჰქონდა ადგილი. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ჩვენი ქვეყნის ათიათასობით მოქალაქისათვის, რომელსაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს. ამ მოქალაქეთა რიცხვი ნამდვილად არ არის მცირე: 2021 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემების თანახმად, რეფინანსირების განაკვეთზე სესხი საქართველოს 163 500 მოქალაქეს ჰქონდა მიბმული.

ინფლაცია საქართველოში

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკა უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა და მათგან ყველაზე საყურადღებო მსოფლიოში მაღალინფლაციური ფონის შექმნაა, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა საქართველოსთვისაც. ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად ებრძვის მაღალი ინფლაციის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ინფლაცია 12.5 პროცენტამდე შემცირდა, რაც მხოლოდ მცირედია. ეს შემცირება ძირითადად გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი, დროებითი ფაქტორებით, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში ინფლაციური ფონი კვლავ მაღალი რჩება.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, რომ გაცვლითი კურსი შედარებით გამყარდა, იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, მიმდინარე წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, 18 პროცენტს უტოლდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და გამოწვეულია ნედლეულისა და პროდუქციის გაძვირებით.

რა ახდენს გავლენას ინფლაციაზე?

ეროვნულმა ბანკმა ასევე ისაუბრა კომუნალური გადასახადებისა და ინფლაციაში მათი შეტანილი წვლილის შესახებ ჩვენს ქვეყანაში. განცხადებაში აღნიშნულია რომ საქართველოში, კომუნალური გადასახადების სუბსიდიას სტატიკური გავლენა აქვს ინფლაციაზე. ეს საკითხი განხილული იყო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა განცხადებაშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდია მიმდინარე წლის დეკემბრისა და მომდევნო წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებითად შეიტანდა დამატებით წვლილს.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ასევე შეეხო ისეთ თემებს როგორებიცაა შიდა მოთხოვნის გაზრდა, ეკონომიკური აქტივობის აღდგენა, და დაკრედიტების ზრდის დაჩქარება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ძლიერი შიდა მოთხოვნის მიერ გამოწვეული დადებითი გავლენებისა ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე, ძლიერი შიდა მოთხოვნა კვლავ რჩება ხელის შემშლელ ფაქტორად ინფლაციის შემცირებისათვის. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, უცხოური ვალუტისა და ქართული ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა იზრდება, რაც უცხოური ვალუტის დაკრედიტების ტენდენციას უწყობს ხელს, ეს ყოველივე კი ეკონომიკაში სავალუტო რისკების წყაროდაა მიჩნეული.

ეროვნული ბანკის პროგნოზი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, განცხადებაში ასევე ისაუბრა ამ პრობლემის მოგვარების გზებზე და აღნიშნა რომ სავალუტო რისკების დაგროვების თავიდან ასაცილებლად უკვე მიიღო ზომები ფინანსური სტაბილიზაციის კომიტეტმა. ეს ყოველივე, საშუალოვადიან პერიოდში, ასევე ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას. ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ ინფლაციის მაღალმა დონემ, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პერიოდია გრძელდება, მიწოდების მძლავრი შოკების პირობებში, მნიშვნელოვანია რომ არ გაზარდოს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა შემდგომი წლის ორ თებერვალსაა დაგეგმილი, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზებს ინფლაციასთან დაკავშირებით, ისინი ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში, ინფლაცია გაიზრდება, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი იქნება და გაზაფხულიდან ინფლაცია კვლავ შემცირებას დაიწყებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *