სებ-ის ვიცე პრეზიდენტი: “ფინანსური სიჯანსაღე აღდგენილია”
2021 წელი ქართული ბანკებისთვის რეკორდული აღმოჩნდა წმინდა მომგებიანობის კუთხით – 14-მა კომერციულმა ბანკმა სრულად, ნებისმიერ წინა წელთან შედარებით მეტი, 2.08 მილიარდი ლარის მოგება ნახა. 2021 წლის 27 იანვარს სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ სებ-ის 2022 წლის საზედამხედველო სტრატეგიაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ფინანსური სიჯანსაღე აღდგენილია.
ლეჟავას თქმით საბანკო სექტორმა დაწერა 30%-იანი უკუგება კაპიტალზე. საშუალოდ, 100 ლარის ინვესტიციაზე ინვესტორმა 30 ლარის უკუგება მიიღო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
საბანკო სექტორი აღმოჩნდა კრიზისიდან გამოსვლის წამახალისებელი. 2022 წლისთვის ვარაუდობენ, რომ უკუგება კაპიტალზე 20%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამის მიზეზად ლეჟავამ პოლიტიკური რისკები და პანდემია დაასახელა.
ჯამური შემოსავლის შედარება წინა წლებთან
რაც შეეხება ჯამურ შემოსავალს – ეს ბანკებისთვის 2021 წლის განმავლობაში ჯამურად 5.97 მილიარდ ლარს შეადგენდა. წინა წლის ანალოგიური პერიოდისთვის შემოსავალი 22%-ით ნაკლები იყო. სექტორისთვის მთავარ წყაროს ფიზიკური პირების სესხები წარმოადგენს, თუმცა გაზრდილია სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლებიც.
ზუსტი მაჩვენებლები
- ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება წინა წელთან შედარებით ფიზიკური პირების სესხებიდან – 21%; შემოსავლები – 2.48 მილიარდი ლარი;
- ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება წინა წელთან შედარებით იურიდიული პირების სესხებიდან – მატება 18%; შემოსავლები – 1.67 მილიარდი ლარი;
- წმინდა მოგების მატება წინა წელთან შედარებით მომხმარებლისთვის ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებიდან – 1400%; წმინდა მოგება – 301.2 მილიონი ლარი;
- საკომისიოების მატება გაწეული მომსახურებისთვის წინა წელთან შედარებით – 43%; საკომისიოები – 466 მილიონი ლარი;
- ჯარიმების მატება წინა წელთან შედარებით – 47%; ჯარიმები – 73.7 მილიონი ლარი.
ბანკების ხარჯები
- მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 1.27 მილიარდი ლარი
- ბანკების საკუთარი სესხების მომსახურება (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) – 770 მილიონი ლარი
- თანამშრომლებზე დახარჯული თანხა ხელფასების სახით – 797 მილიონი ლარი
ბანკების ადმინისტრაციისა და აპარატის შენახვის ხარჯები გაზრდილია 15%-ით.
მთლიანობაში 2021 წელს 2.33 მილიარდი ლარის მოგება აღირიცხა, მოგების გადასახადის სახით საბანკო სისტემამ 256 მილიონი ლარი გადაიხადა. საბოლოოდ, ბანკების წმინდა მოგება შეადგენს 2.08 მილიარდ ლარს