ტანსაცმლის სექტორი საქართველოში – რატომ ვიცით ნაკლები მათ წარმატებაზე?

ტანსაცმლის სექტორი საქართველოში – რატომ ვიცით ნაკლები მათ წარმატებაზე? post thumbnail image

ტანსაცმლის სექტორი საზოგადოებაში პოპულარობით არ გამოირჩევა, თუმცა ეს ამ სფეროს პასიურობას არ ნიშნავს. პირიქით, როგორც აღმოჩნდა, ეს სექტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საექსპორტო მარკეტია ქვეყნისათვის, რომლის გაყიდვები წლიურად მინიმუმ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აჭარბებს. წარმატება საერთაშორისო ბაზარზე მეტ წილად 2019 წლიდან იწყება, როდესაც ექსპორტისაგან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. 2022 წლის შემაჯამებელი მონაცემების მიხედვით კი საექსპორტო მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდა.

სექტორი საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ წარმატებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ იმპორტულ ტანსაცმელს ყიდულობს. ამ ტრენდის მიზეზებსა და საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის უცხოურ ბაზარზე წარმატების შესახებ უფრო დეტალურად სტატიაში გაიგებთ.

ქართული ტანსაცმლის ექსპორტი საქართველოში – სად იყიდება ქართული ტანისამოსი

საქართველო დიდი ხანია აქტიურად აწარმოებს ტანსაცმლის საზღვარგარეთ ექსპორტს თუმცა მასიური წარმოება და გაყიდვა 2019 წლიდან იწყება. ამ დროისთვის შემოსავლის კუთხით რეკორდი დაფიქსირდა. კონკრეტულად, 2018 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 53%-ით, ხოლო შემოსავალმა 57 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს ამ სექტორში წარმოადგენდნენ თურქეთი, იტალია და პოლონეთი.

თურქეთში ყველაზე აქტიურად ხორციელდება ექსპორტი ისევე როგორც იმპორტი. სამივე ქვეყანაში უფრო მეტად მოთხოვნადი იყო ქალის ტანისამოსი, მამაკაცთან შედარებით. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცის ტანსაცმლის ექსპორტიც საკმაოდ დიდი მოცულობით ხორციელდებოდა. კონკრეტულად, 2019 წელს თურქეთში გაიყიდა დაახლოებით 17 მილიონი დოლარის ღირებულების ქალისა და 16 მილიონი დოლარის ღირებულების მამაკაცის ტანსაცმელი.

რაც შეეხება იტალიას, გაიყიდა 7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქალისა და დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების მამაკაცის ტანსაცმელი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იტალიაში საკმაოდ მოთხოვნადია საქართველოში შეკერილი ბავშვის ტანსაცმელი. გაყიდულმა პროდუქციის საერთო ღირებულებამ 1.4 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს პოლონეთი, სადაც 2019 წლის მანძილზე გაიყიდა 75 ტონა ქალის ტანსაცმელი, რომლის საერთო ღირებულებამ 3.4 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოლონეთი ამ სექტორში საქართველოს პარტნიორი 2019 წელს გახდა. პირველი საექსპორტო პერიოდისთვის, კი ეს საკმაოდ წარმატებული შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისთვის აქტიური ექსპორტი განხორციელდა ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა გერმანია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, დანია და ესპანეთი. მაგალითისთვის, გერმანიამ 2019 წელს სამი მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი შეიძინა საქართველოდან, გაერთანებულმა სამეფომ 350 000 დოლარის, დანიამ 89 000 დოლარის, ხოლო ესპანეთმა დაახლოებით 40 000 დოლარის ღირებულების ტანისამოსი.

საქართველო აქტიურ ექსპორტს აწარმოებს კავკასიის რეგიონშიც. მაგალითისთვის 2019 წელს, რუსეთში განხორციელდა 34 000 დოლარის ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტი. მეზობელ სომეხთსა და აზერბაიჯანში კი რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გაიყიდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე ქვეყანაში მოთხოვნადი იყო ბავშვის ტანსაცმელი. ჯამურად გაიყიდა ორ მილიონამდე დოლარის ღირებულების ბავშვის ტანისამოსი.

ამ პერიოდისთვის ექსპორტიორ კომპანიებს შორის რამდენიმე ობიექტი გამოირჩეოდა, თუმცა მათ შორის უპირობო უპირატესობით ლიდერობდა შპს აჭარა ტექსტილე, რომელიც არ წარმოადგენს ქართულ კომპანიას. კაცის ტანსაცმლის კუთხით, აქტიურ ექსპორტს ახორციელებდნენ შპს ევროტექსი, ბათუმიტექსი, დეფაქტო რითეილ ჯი და ევროტექსი. რაც შეეხება ბავშვის ტანსაცმელს, აქტიური კომპანიების სიაში მოხვდნენ კვლავ აჭარა ტექსტილე, ბეიბი ლაინი და გარანტი. ქალის ტანსაცმლის მხრივ ყველაზე მეტი ექსპორტი დაფიქსირდა კომპანია იმერისგან და ბათუმიტექსიდან. ასვეე აქტიურობდნენ ემჯიეტექსი და მატერიელ თბილისი.

აქტიური ექსპორტის ფონზე, 2019 წელს ტანსაცმლის სექტორში მაღალი იმპორტის მაჩვენებელიც დაფიქსირდა რამაც 2 600 ტონა შეადგინა. მოცულობა 2018 წლის მონაცემებს დაახლოებთ 44%-ით აღემატებოდა.

ტანსაცმლის სექტორი საქართველოში 2022 წელს – იმპორტი და ექსპორტი კვლავ იზრდება

სანამ უშუალოდ ტანსაცმლის ექსპორტს შევეხებით, მიმოვიხილოთ თუ რამდენად აქტიურად ხორციელდებოდა ტანსაცმლის ექსპორტი ქვეყანაში 2022 წელს. კონკრეტულად 2021 წლის მონაცემებთან შედარებით პირველ კვარტალში დაფიქსრიდა იმპოტის 31%-იანი ზრდა, ხოლო მეორე კვარტალში დაახლოებთ 16%-იანი ზრდა. მთავარი იმპროტიორი ქვეყანა თურქეთია. საქართველომ 2022 წლის იანვარი-მაისის პერიოდში თურქეთიდან შეიძინა 52 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი. აღნიშნულ პერიოდში შესყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა, როცა ქვეყანამ 8 მილიონზე მეტი ღირებულების ტანსაცმელი შეიძინა.

რაც შეეხება ექსპორტს 2022 წელს, ამ მხრივ რეკორდული მაჩვენებელი დაიფქსირდა. ქვეყანამ უცხოურ ბაზარზე დაახლოებით 140 მილიონი დოლარის ტანსაცმელი გაყიდა, რაც 2021 წლის მონაცემებს 21%-ით აჭარბებს. თუმცა ტანსაცმლის სექტორი არ იყო ერთადერთი, სადაც ქვეყანამ ეფექტურ ნიშნულებს მიაღწია. 2022 წელი ექსპორტის კუთხით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ტანსაცმლის სექტორის კუთხით, 2021 წელს ქვეყნის შემოსავალი ტანსაცმლის საექსპორტო ბაზრიდან დაახლოებით 110 მილიონი იყო. 2020 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებთ 67 მილიონს აღწევდა.

რაც შეეხება პარტნიორ ქვეყნებს, წინა წლების მსგავსად, საექსპორტო ბაზრებში ლიდერია თურქეთი. 2022 წელს ქვეყანამ საქართველოდან დაახლოებთ 126 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი შეიძინა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თურქეთისთვის საქართველო არ არის მთავარი იმპორტიორი შიდა ბაზრისთვის. ქართული პროდუქციის დიდი ნაწილი თურქეთის გავლით უცხოურ ბაზარზე გადის გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქართულ სამკერვალო კომპანიას ჰყავთ თურქი ინვესტორები.

რაც შეეხება აქტუალური ტანისამოსის ტიპს, საექსპორტო ბაზარზე კვლავ მეტად მოთხოვნადია ქალის ტანსაცმელი, მამაკაცისა და ბავშვის სამოსთან შედარებით. ყველაზე მეტად გაყიდვადია ტრიკორაჟის ნაწარმი და მაისურები რაც ჯამში 75 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებით გაიყიდა. ასევე აქტუალურია კოსტიუმებისა და სვიტრების შეძენაც. შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს კოლგოტების, წინდების, პალტოებისა და ლაბადების შეძენა. გასულ წელს გაიყიდა მხოლოდ 2 მილიონი დოლარის ღირებულების წინდები და 1.6 მილიონი დოლარის ღირებულების ლაბადა.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *