რა არის MetaTrader 5

რა არის MetaTrader 5 post thumbnail image

იმისთვის, რომ სავაჭრო პლატფორმები მოსახერხებელი იყოს და პასუხობდეს როგორც საცალო ბროკერების ასევე ტრეიდერების მოთხოვნებს ისინი მუდმივად ვითარდება. სწორედ ამიტომ, სავაჭრო პლატფორმების პროვაიდერი კომპანიები მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ არსებული პლატფორმები ან სულაც შექმნან ახალი, რომელიც უკეთ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

რა არის MetaTrader 5?

MetaTrader 5 არის კომპანია MetaQuotes-ის მიერ შექმნილი სავაჭრო პლატფორმა რომელიც განკუთვნილია ფორექს და CFD ონლაინ ტრეიდინგისათვის. MT5 კომპანიის ჯერ-ჯერობით ყველაზე ბოლო, უახლესი სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც შესაძლოა ითქვას, წარმოადგენს MetaTrader 4-ის განახლებულ და გაუმჯობესებულ ვერსიას. MetaTrader 4-ის მიმოხილვაში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მის ფუნქციებს.

ისევე როგორც მეტატრეიდერ 4-ის შემთხვევაში, მეტატრეიდერ 5-მაც გამოსვლისთანავე მიიქცია საბროკერო კომპანიების ყურადღება. ბევრი ბროკერი რომელიც მომხმარებელს სთავაზობს MetaTrader 4-ს ახლა უკვე სთავაზობს MetaTrader 5-საც. შესაბამისად მომხმარებელს საშუალება აქვს შეარჩიოს მისთვის სასურველი ვერსია და ივაჭროს კომფორტულად.

MetaTrader 5-ის აღწერა

მეტატრეიდერ 5-სა და მის წინამორბედ ვერსიას შორის რევოლუციური განსხვავება ნამდვილად არ არის. თუმცა, მეტატრეიდერ 5-ს აქვს დამატებული გარკვეული ფუნქციები რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო სასურველს ხდის.  მეტატრეიდერ 5-ს აქვს ყველა ის ფუნქცია და ხელსაწყო რასაც მეტატრეიდერ 4-ზე შეხვდებით, თუმცა ზოგიერთი მათგანი განახლებულ ვერსიაში კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.

  • მეტატრეიდერ 5-ზე შეგიძლიათ ივაჭროთ ყველა სავაჭრო ინსტრუმენტით, ეს შეიძლება იყოს სავალუტო წყვილები, ფიუჩერსები, კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე სხვადასხვა აქტივებზე როგორიცაა მაგალითად აქციები, კრიპტოვალუტა, საქონელი და ა.შ. მეტატრეიდერ-4 ზე ზოგიერთი სავაჭრო ინსტრუმენტით ვაჭრობა ხელმისაწვდომი არ იყო. სწორედ ამიტომ, ისეთი ბროკერები რომლებიც მრავალფეროვან სავაჭრო ინსტრუმენტებს სთავაზობენ ტრეიდერებს, ირჩევენ მეტატრეიდერ 5-ს.
  • მეტატრეიდერ 5 ზე-შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრად უფრო მეტი დამატებითი ხელსაწყო, მაგალითად 21 დროითი ჩარჩო 9-ის ნაცვლად.
  • სავაჭრო პლატფორმაზე მოცემულია 100-მდე სქემა და 80 ინდიკატორი რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწორად განსაზღვროთ თქვენი პოზიცია.
  • ამ ყველაფერთან ერთად, MetaTrader 5 მის წინამორბედ MetaTrader 4-თან შედარებით გაცილებით სწრაფია. შესაბამისად თუ თქვენ იყენებთ MetaTrader 4 და გსურთ კიდევ უფრო სწრაფი სავაჭრო პლატფორმა, შეგიძლიათ მარტივად გადაერთოთ მეტატრეიდერ 5-ზე.

MetaTrader 5-ის უპირატესობები

შეთავსებადობა – MetaTrader 5-ს სხვა სავაჭრო პლატფორმებთან შედარებით აქვს ყველა ის უპირატესობა რაც MetaTrader 4-ს. ისიც, როგორც მისი წინა ვერსია ადაპტირებულია სხვადასხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობებისათვის და შესაბამისად მისი გამოყენება შეიძლება კომფორტულად ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყოთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სავაჭრო პლატფორმის პროგრამა ნებისმიერი ტიპის კომპიუტერზე ინსტალაციით ან მის გარეშე, ანდროიდისა და iOS სმარტფონებზე და ტაბლეტებზე.

სავაჭრო ინსტრუმენტების მრავალფეროვნება – MetaTrader 5-ზე შეგიძლიათ ივაჭროთ ნებისმიერი სავაჭრო ინსტრუმენტით. თუ თქვენი სავაჭრო პორტფოლიოს დივერსიფიკაციას გადაწყვეტთ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სავაჭრო ინსტრუმენტი და ივაჭროთ სავაჭრო პლატფორმის შეცვლის გარეშე.

რამდენადაც MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმების ყველაზე ბოლო ვერსიაა, ის კიდევ უფრო მეტადაა მორგებული თანამედროვე ტრეიდერის საჭიროებებს, უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.

MetaTrader 5-ის  უარყოფითი მხარეები

მოცემულ უპირატესობებთან ერთად სავაჭრო პლატფორმას რამდენიმე უარყოფითი მხარეც აქვს. პირველ რიგში, მეტატრეიდერ 5 ისეთივე გავრცელებული არ არის საბროკერო კომპანიებში, როგორც მეტატრეიდერ 4. შესაბამისად შესაძლოა თქვენთვის სასურველ საბროკერო კომპანიას ის ხელმისაწვდომი სავაჭრო პლატფორმების ჩამონათვალში მითითებული არ ჰქონდეს. თუმცა, მოსალოდნელია რომ გარკვეული პერიოდის მერე ფორექს ბროკერები უფრო აქტიურად შემოგვთავაზებენ მეტატრეიდერ 5-ს მეტატრეიდერ 4-თან ერთად.

როგორც ბევრი ტრეიდერი აღნიშნავს მეტატრეიდერ 5-ს მის წინა ვერსიასთან შედარებით უფრო რთული ინტერფეისი აქვს და ნაკლებად მეგობრულია. ამის გამო შესაძლებელია დამწყები ტრეიდერებისათვის, რომლებისთვისაც MT5 პირველი სავაჭრო პლატფორმაა მისთვის ალღოს აღება რთული აღმოჩნდეს. სამაგიეროდ, მეტატრეიდერ 5 ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია გამოცდილი ტრეიდერებისათვის, რომლებიც ერთის მხრივ ვაჭრობენ სხვადასხვა სავაჭრო ინსტუმენტებით და მეორეს მხრივ იყენებენ რთულ და დახვეწილ სტრატეგიებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *