ფორექს რეგულაციები საქართველოში

ფორექს რეგულაციები საქართველოში post thumbnail image

იმისთვის რომ ქვეყანაში ფინანსური ბაზრები და ფორექსზე ვაჭრობა განვითარდეს საჭიროა სწორი რეგულაციები. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს მარეგულირებელი ორგანოები რომელთა მთავარი მოვალეობაც ფორექსის ბაზრისთვის თვალყურის დევნება, საბროკერო და საინვესტიციო კომპანიებისთვის ლიცენზიების გაცემა, მათი კონტროლი და მომხმარებლებისა და ინვესტორების ინტერესების დაცვაა.

რამდენადაც ფორექსის ბაზარი ძალიან მაღალშემოსავლიანი და მომგებიანია სამწუხაროდ აქ შეხვდებით ბევრ თაღლით საბროკერო კომპანიას რომელიც სხვადასხვა გზებით ცდილობს მიითვისოს თქვენი სავაჭრო კაპიტალი და მოგება. იმისთვის, რომ ამგვარი საბროკერო კომპანიებისგან დაცული იყოთ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ფინანსური  მარეგულირებელი. ამასთანავე ინფორმაცია ფინანსური ბაზრების შესახებ უნდა იყოს გავრცელებული და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი.

ვინ და როგორ არეგულირებს ფორექსის ბაზარს საქართველოში?

საქართველოში ფინანსურ ბაზარს ეროვნული ბანკი არეგულირებს. მათ შორისაა ფორექსის ბაზარიც და შესაბამისად ფორექს ბროკერები.  საქართველოში ფორექსზე ვაჭრობა დაშვებულია, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები საბროკერო კომპანიებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი ამოწმებს საბროკერო კომპანიას რომელსაც სურს ოპერირება დიაწყოს საქართველოში ან გახსნას ფილიალი აქ.  გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე აძლევს ან არ აძლევს ლიცენზიას საბროკერო კომპანიას და აუცილებლობის შემთხვევაში აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ვალდებულია დაიცვას ინვესტორთა უფლებები და უზრუნველყოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი გარემოებები ფორექსის ბაზარზე.

რამდენადაც საქართველოში ფინანსური ბაზარი, განსაკუთრებით ფორექსი ნაკლებად განვითარებული და პოპულარულია, მასში ჩართული კომპანიებისა და პირების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. უფრო მეტიც, ცოტა ადამიანმა თუ იცის რა არის ფორექსი და როგორ ხდება ფორექსზე ვაჭრობა. საქართველოში ამ დროისთვის რეგისტრირებულია მხოლოდ 10 საბროკერო კომპანია, რომელთაგან ზოგიერთი მომხმარებელს სთავაზობს ვაჭრობას ფორექსის ბირჟაზე, ზოგიერთი კი საფონდო ბირჟაზე. საქართველოში რეგისტრირებული და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიებია: შპს თიბისი კაპიტალი, გალტ ენდ თაგგარტი, შპს ქართუ ბროკერი, სს კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი, შპს აბბი ასეტ მენეჯმენტი, სს ჰერითიჯ სიქიურითიზ, შპს სილქროუდ ბანკი, შპს ფიდელის ველს მენეჯმენტი, შპს თრეიდ ჰოლდინგი, შპს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი.

ნებისმიერი სხვა საბროკერო კომპანია, რომელიც გთავაზობთ ვაჭრობას მათთან (თუნდაც მათ ჰქონდეთ ქართული საიტი და ქართულად ჰქონდეთ კომუნიკაცია თქვენთან) არალიცენზირებულია საქართველოში და ფინანსური და საინვესტიციო მომსახურების გაწევის უფლება არ აქვთ. თქვენ შეგიძლიათ სავაჭრო ანგარიში გახსნათ საერთაშორისო საბროკერო კომპანიასთან რომელიც რეგულირებულია საზღვარგარეთ რესპექტაბელური მარეგულირებლების მიერ, თუმცა ამ შემთხვევაში თავად უნდა შეაფასოთ რისკები. რაც შეეხება ქართულ საბროკერო კომპანიებს, თუ ისინი არ არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკეროების სიაში, მათთან საქმის დაჭერა არ ღირს.

საბროკერო კომპანიების ლიცენზირება

ის რომ საბროკერო კომპანია ლიცენზირებულია იმ ქვეყნის მარეგულირებლის მიერ რომელშიც ცხოვრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ დროს თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თუკი საბროკერკო კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცევა ან სულაც თაღლითი აღმოჩნდება, შეგიძლიათ მიმართოთ მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები. თუმცა ყველა მარეგულირებელი ერთანირი არ არის. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ფორექსის ბაზარიც შესაბამისად განვითარებულია, განსაკუთრებით მკაცრი მარეგულირებელი ორგანოები მოქმედებს და ლიცენზიის მიღებაც რთულია. მაგალითად ფინანსური ბაზრების ავსტრალიის მარეგულირებელი ორგანო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და სანდოა ფინანსურ მარეგულირებლებს შორის. ავსტრალიაში ლიცენზიის მისაღებად საბროკერო კომპანიებს ათობით კრიტერიუმის დაკმაყოფილება უწევთ, გარდა ამისა, აუცილებელი მოთხოვნაა რომ საბროკეროებს ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალი ჰქონდეთ. იქ სადაც ლიცენზიის მიღება რთულია და დიდი რაოდენობის კაპიტალია საჭირო, ფორექსზე ვაჭრობა გაცილებით უფრო უსაფრთხოა. სწორედ ამიტომ, ტრეიდერები უპირატესობას ანიჭებენ მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს, ასეთი მარეგულირებელი ორგანოებია მაგალითად: ASIC, FCA UK, BaFIN, CySEC და SEC.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ლიცენზიის მიღება არც თუ ისე რთულია. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს განსაზღვრული წესები და მოთხოვნები, რომლებიც ლიცენზიის მსურველმა კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს. მაგალითად, იმისათვის რომ კონკრეტულმა კომპანიამ მიიღოს საქართველოში საბროკერო კომპანიის გახსნისა და ოპერირების ნებართვა საჭიროა დააკმაყოფილოს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის:
1. ჰქონდეს საკუთარი კაპიტალი 500 000 ლარის ოდენობით და ჰქონდეს საკუთარი და კლიენტის კაპიტალი გამიჯნულად, სხვადასხვა ანგარიშზებზე ინვესტორების ინტერესების დაცვის მიზნით.
2. ლიცენზიის მაძიებელი საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს არც ერთ წევრი არ უნდა იყოს ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ბოლო 5 წლის განმავლობაში და არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის.

როგორც ხედავთ მოთხოვნები არც თუ ისე მკაცრია, შესაბამისად საერთაშორისო ან უცხოურ საბროკერო კომპანიებს მარტივად შეუძლიათ მიიღონ საქართველოში მოქმედების ლიცენზია, დღევანდელი კურსით ამისთვის მათ დაახლოებით 170 000 დოლარი უნდა ჰქონდეთ. რაც ძალიან დაბალი კაპიტალია არამხოლოდ კარგი, არამედ ცუდი საბროკერო კომპანიისთვისაც კი. თუმცა ის კომპანიები რომლებიც  ქართულად ოპერირებენ საქართველოში ლიცენზიის გარეშე ამას აკეთებენ სწორედ იმიტომ რომ გვერდი აუარონ რეგულაციებს.

საბროკერო კომპანიებისთვის ლიცენზიაზე უარის თქმა

საქართველოს ეროვნულ ბანკს საბროკერო კომპანიისათვის ლიცენზიის მიცემაზე უარის საფუძვლები მოცემულია ეროვნული ბანკის დადგენილებაში. მაგალითად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის ბრძანება გვამცნობს, რომ საბროკერო კომპანიაზე არ გაიცემა ლიცენზია თუ:

ა) თუ ლიცენზიის მაძიებელი კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადება და საბუთები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას და არ იქნება შესწორებული მოთხოვნების შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს.
გ) ლიცენზიის მაძიებელს  სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს იმ სფეროში საქმიანობის უფლება, რომლისთვისაც ითხოვს ლიცენზიას.

იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც საქართველოში დაფუძნებულ ან საქართველოში რეგისტრირებულ საცალო საბროკეროებს ირჩევს ფორექსისა და კონტრაქტით ფასთა შორის სხვაობაზე ვაჭრობისათვის. ორივე სავაჭრო ინსტურმენტი გამოირჩევა მაღალი რისკით, შესაბამისად ისეთ ბროკერთან ვაჭრობა, რომლის კეთილსინდისიერებასა და სანდოობაში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, კიდევ უფრო მეტად ზრდის ამ რისკს. ამიტომაც, ქართველი ტრეიდერები (ისე როგორც ტრეიდერები ყველა განვითარებად ქვეყანაში სადაც ფორექსზე ვაჭრობა ჯერ კიდევ ახალია) ხშირად ირჩევენ საერთაშორისო საბროკერო კომპანიებს რამოდენიმე ლიცენზიით, ბევრწლიანი გამოცდილებითა და ლოიალური მომხმარებლებით.

ფორექსზე ვაჭრობის შეზღუდვები საქართველოში

გარდა საბროკერო კომპანიების ლიცენზიისა (ან პირიქით ლიცენზიაზე უარის თქმის) და ფინანსური ბაზრების კონტროლისა მარეგულირებელ ორგანოს, ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია აკისრია – ინვესტორების დაცვა. ამისათვის ფინანსური მარეგულირებლები თავიანთ ქვეყნებში აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს, რომელთა მიზანია შეუზღუდოს მომხმარებელს წვდომა გარკვეულ მომსახურებაზე მათივე ფინანსური კეთილდღეობისათვის.

ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე რამდენად სამართლიანი ან/და ეფექტურია ამგვარი შეზღუდვების შემოტანა, განსაკუთრებით ფინანსურ ინდუსტრიაში, თუმცა ფაქტი ფაქატად რჩება. ამ ტიპის შეზღუდვები უცხო არ არის ამერიკული თუ ევროპული მარკეტისათვის სადაც ფინანსური ბაზარი მკაცრად რეგულირებულია.

ფინანსური მარეგულირებელი ადგენს და გამოარჩევს იმ სავაჭრო ინსტრუმენტებს რომლებიც განსაკუთრებით რისკიანია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი რისკის მქონე სავაჭრო ინსტრუმენტებად მიიჩნევს კონტრაქტს ფასთა შორის სხვაობაზე(CFD) და ბინარულ ოფციონებს.  სწორედ ამიტომ საქართეველოში ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს აქვთ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, ეროვნული ბანკის ბრძანების მიხედვით საბროკერო კომპანიებს აქვთ დაწესებული საკრედიტო მხარის მაქსიმალური ზღვარი.

მაქსიმალური საკრედიტო მხარი CFD-ებზე ვაჭრობისათვის საქართველოში:

CFD ძირითად სავალუტო წყვილებზე 1:50
*დოკუმენტში ძირითად ვალუტებად დასახელებულია აშშ დოლარი, ევრო, დიდი ბრიტანეთის ფუნტ სტერლინგი, იაპონური იენი, კანადური დოლარი და შვეიცარიული ფრანკი.
CFD არაძირითად სავალუტო წყვილებზე, ოქროსა და ძირითად ინდექსებზე 1:20
*დოკუმენტში ძირითად ინდექსებად დასახელებულია DAX 30, CAC 40, FTSE 100, DJIA, S&P 500, NASDAQ, NASDAQ 100, NIKKEI 225, ASX 200, EUROSTOXX 50
CFD ნებისმიერ საქონელზე გარდა ოქროსი, ასევე არაძირითად ინდექსებზე 1:10
CFD აქციებზე 1:10
CFD კრიპტოვალუტაზე 1:2

საბროკერო კომპანია, რომელიც რეგისტრირებული და ლიცენზირებულია საქართველოში ვალდებულია დაიცვას ეს შეზღუდვა და შესაბამისად არ შესთავაზოს მოხმმარებელს საკრედიტო მხარი რომელიც აღემატება ზემოთ მოცუმულ მაქსიმუმს. თუმცა, ის ბროკერები რომელთაც არ გააჩნიათ ლიცენზია საქართველოში თავისუფლად სთავაზობენ ქართველ მომხმარებელს მაღალ საკრედიტო მხარს.

გარდა საკრედიტო მხარისა, საბროკერო კომპანიები ვალდებულები არიან დაიცვან სხვა შეზღუდვებიც. მაგალითად:

  • თუ CFD ებით ვაჭრობისას, თქვენს ანგარიშზე არსებული ღია პოზიციებისთვის მოთხოვნილი საწყისი მარჟისა და არარეალიზირებული ზარალის ჯამი ეცემა საწყისი მარჟის 50%-ის ოდენობამდე ან მეტით, საბროკერო კომპანია ვალდებულია დახუროს კლიენტის ყველა ასეთი პოზიციის დახურვა.
  • ასევე ბროკერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სავაჭრი პლატფორმა არ იძლეოდეს საშუალებას რომ კლიენტის სავაჭრო ანგარიშისათვის კლიენტის ჯამური კაპიტალი გახდეს უარყოფითი რიცხვი.
  • საბროკერო კომპანიას ეკრძალება პირდაპირი და არაპირდაპირი გზით გაუთვითცნობიერებელი კლიენტის ფულადი წახალისება  (მაგალითად ბონუსი) ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით
  • საბროკერო კომპანიას ასევე ეკრძალება ბინარული ოფციონების მარკეტინგი, მისი გავრცელება და მიყიდვა გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისათვის.
  • ეროვნული ბანკი ასევე არეგულირებს ასევე ხელშეკრულების დადების პირობებს, საბროკერო კომპანიების მიერ მარკეტინგულ კამპანიებს და ინფორმაციის გავრცელებას.

ფორქს რეგულაციებზე ინფორმაციის ქონა და ცოდნა რას ავალდებულებს ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიებს დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ სანდოა თუ არა საბროკერო კომპანია. ასევე იცოდეთ, თქვენი, როგორც ინვესტორის უფლებები. სანამ რომელიმე საქართველოში ლიცენზირებულ თუ საერთაშორისოდ საბროკერო კომპანიასთან სავაჭრო ანგარიშის გახსნას გადაწყვეტთ, დაწვრილებით გაეცანით ფორექს რეგულაციებს საქართველოში რათა ვაჭრობისას იყოთ მაქსიმალურად დაცული თაღლითობისაგან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *