ნათია თურნავა საუბრობს ფრენების განახლების შესახებ

ნათია თურნავა საუბრობს ფრენების განახლების შესახებ post thumbnail image

პირველი არხის მიხედვით, რომელთანაც ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, პირველი ივლისიდან გაიხსნება ქვეყნის ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და როგორც ამას აცხადებს სამინისტრო, უკვე კვირების განმავლობაში, ეს არ იქნება ქაოტური და უმართავი პროცესი. ამავდროულად, ნათია თურნავას განცხადების მიხედვით, ერთდროულად არ გაიხსნება ყველა ფრენა იქედან გამომდინარე, რომ ეს დიდ რისკენთან არის დაკავშირებული და ზოგადად არ არის მიზანშეწონილი. ამ მომენტისთვის ცნობილია უკვე სამი მიმართულება, რომლითაც უკვე ასრულებს ფრენებს ქართული კომპანია “აირზენა”. თუმცა, ეს არ იქნება ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს. მაგალითად ასევე არის სხვა ახალი ქართული ავიაკომპანია, რომელიც აპირებს ფრენების განხორციელებას საზღვრების გახსნის შემდეგ.

„იმედი გვაქვს, როდესაც საბოლოო სია გამოქვეყნდება ევროკავშირის მიერ, ჩვენ ვიქნებით პირველივე სიაში იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც ევროკავშირი განიხილავს მიმოსვლის აღდგენას. აქედან გამომდინარე, არაფერი განსხვავებული არ მომხდარა, ჩვენ დავიტოვეთ ბერკეტები, რომ ვმართოთ მაქსიმალურად ეს მიმოსვლა, გადავდეთ რეგულარული ფრენები. რეგულარული ფრენები ნიშნავდა, რომ ჩვენ ყველა ფრენისთვის უნდა გაგვეხსნა კარი ერთდროულად, რაც კი აქამდე არსებობდა და ეს 40-ზე მეტი ავიაკომპანიაა, არა მარტო ევროპიდან, არამედ ეს არის სამეზობლოდან ფრენები, ეს არის სპარსეთის ყურიდან ფრენები და ა.შ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზარი ამისთვის მზად არ არის და ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც არსებობს. რასაც ვუყურებთ, ძალიან არათანაბარი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუნდაც ჩვენს რეგიონში და რეგიონს გარეთ. აქედან გამომდინარე, გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ დავიტოვეთ ჩარტერული ფრენები, რომელიც აქამდეც საკმაოდ რეგულარულად ხორციელდებოდა და ახლა კიდევ უფრო გავაფრთოებთ ჩარტერული ფრენების არეალს“, – აცხადებს ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

„უახლოეს პერიოდში ჩვენ მოლაპარაკებებს დავასრულებთ ჩარტერებთან დაკავშირებით სხვა ავიაკომპანიებთანაც და გარკვეული სხვა მიმართულებებიც იქნება გახსნილი. ისევ და ისევ, ეს პროცესი თვითდინებაზე ვერ იქნება მიშვებული, ეს სრულიად უპასუხისმგებლო ქმედება იქნებოდა და ასეთი რამ ჩვენ არც არასოდეს გვითქვამს. ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ პრიორიტეტი არის უსაფრთხოება და ჩვენ ამ პრიორიტეტს დავიცავთ. მაგრამ ტრანსპორტირების შესაძლებლობები იარსებებს, რა თქმა უნდა გარკვეული კონტროლის ქვეშ, გარკვეული მართვის ქვეშ, ყველა აუცილებელი ეპიდემიოლოგიური ზომა იქნება მიღებული უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, ისევე, როგორც ვიზიტორების დასაცავად. ცალკე მიმართულება, ეს არის ბიზნეს ვიზიტორები, ვისთვისაც იქნება უფრო გამარტივებული შემოსვლის წესები, ასევე უახლოეს დღეებში იქნება ესეც ცნობილი“, – აცხადებს მინისტრი.

მისივე განცხადებით, ახლა ქვეყანა ელოდება ევროკავშირის მიერ ოფიციალური სიის გამოქვეყნებას, თუ ვისთან აღდგება ფრენები.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ სიაში ვიქნებით და ეს რაიმე ზებუნებრივი ძალის შედეგი კი არ არის, არამედ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად და ამიტომ გვაქვს დიდი ალბათობა, რომ ამ სიაში ჩვენ მოვხვდებით და ამ მონაპოვარს შევინარჩუნებთ. პარალელურად, ავაწყობთ ასევე რეგულარულს, მაგრამ ჩარტერულ ფრენებს.

ეს ჩარტერები არის კომერციული ჩარტერები, ბილეთები გაიყიდება, ისევე როგორც ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენ რომ გაგვეხსნა ავიაბაზარი ჩვეულებრივი რეგულარული ფრენებისთვის. უბრალოდ, ეს იქნება უფრო მეტად მართვადი პროცესი. არ იქნება სტიქიური, არ იქნება ყველა მიმართულება ერთდროულად, რადგან ჩვენ მართლად უნდა შევინარჩუნოთ გარკვეული ფილტრები, თორემ ძალიან მარტივია, დაიკარგოს ის მთელი მონაპოვარი, რაც ჩვენ აქამდე მოვიტანეთ და ჩვენ თუკი ვართ იმ სიაში, ევროკავშირის მიერ იდენტიფიცირებული ქვეყნების სიაში, რომელშიც ბევრი გიგანტი სახელმწიფო ალბათ ვერ მოხვდება ამ ეტაპზე, სწორედ იმიტომ ვართ, რომ დღემდე ძალიან ეფექტურად ვმართავთ ამ გამოწვევას და კეთილსაიმედო ქვეყანა ვართ ჯანმრთელობის დაცვისა და ეპიდემიოლოგიური კუთხით. ამიტომ, რაც არ უნდა მოგვიწოდოს ოპოზიციამ, ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გაგვაჩნია“, – განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *