ახალი რეგულაციები – რა იცვლება 2022 წელს?
გასული წელი, ისევე როგორც 2020, საკმაოდ რთული გამოდგა ქვეყნისთვის. კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობმა მატებამ, საკმაოდ ბევრი პრობლემა წარმოშვა. ამ პრობლემების თავიდან არიდებისა და გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯები კი, ერთი შეხედვით, საკმარისი არ არის.
2022 წლის მოლოდინება ქვეყანაში საკმაოდ დიდია. მაგრამ, საკმაოდ მნიშვნელოვანია განვიხილოთ ქვეყნის ლიდერების მიერ რამდენიმე უკვე გაჟღერებული და საზოგადოებისთვის ცნობილი ცვლილება, რომელთა განხორციელებაც 2022 წელს იგეგმება.
რამდენიმე საათიანი ანალიზის შემდეგ, ჩვენ შევძელით, რომ ერთ ადგილას მოგვეგროვებინა ყველა ის ცვლილება, რომელიც წელს უნდა განხორციელდეს.
ახალი წლის დაწყების დღიდან, 1-ლი იანვრიდან მოყოლებული, ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე შევიდა ძალაში. მაგალითად, ქვეყანაში პირველ იანვრიდან მოყოლებული გამოცხადდა უქმე დღეები, რომელიც გასტანს 10 იანვრამდე. გამოცხადებული უქმე დღეების თანახმად, საჯარო სამსახურში მომუშავე პირები 10 იანვრამდე დაისვენებენ, რაც შეეხება კერძო სექტორს – მათ არჩევნის გაკეთება თავად მოუწევთ.
ხელფასების მატება
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც წელს უნდა განხორციელდეს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ეხება. როგორც მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, იანვრიდან მოყოლებული ხელფასები გაეზრდებათ საჯარო მოხელეებს.
ეს ითვალისწინებს ხელფასის მატებას ჯარში და პოლიციაში დასაქმებული პირებისთვის. ასევე, ცნობილი გახდა რომ ხელფასი გაეზრდებათ მასწავლებლებსაც, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და მანდატურებს. როგორც მთავრობაში აცხადებენ, ხელფასი ასევე გაეზრდებათ სოფლად დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებსაც, ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. როგორც ცნობილი ხდება, საჯარო სექტორებში განხორციელებული სახელფასო მატება 10 პროცენტს შეადგენს.
ასევე იგეგმება პენსიების მატებაც. 70 წლამდე პირთა პენსია ქვეყანაში განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება 70 წელს ზემოთ პირებს, მათი პენსია იქნება 300 ლარი. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პირებისთვის კი, 70 წლამდე ადამიანების პენსია გაიზრდება 312 ლარამდე, ხოლო 70 წელს ზემოთ – 360 ლარამდე.
როგორც მთავრობის განცხადებებიდან ირკვევა, იანვრიდან ასევე იზრდება დახმარებების რაოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შშპ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება 25 ლარით გაიზრდება, ხოლო ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22 ლარიანი დახმარება, 100 ლარამდე გაიზრდება.
მონიტორინგი წამლებსა და სამედიცინო პროდუქტებზე
მთავრობის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაიწყება ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი და სხვადასხვა სახის რეგულაციების შემოღება. როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე ფასები საკმაოდ გაძვირებულია რეგიონში არსებულ სტანდარტთან შედარებით, რაც, მისი თქმით, უსაფუძვლოა და ქვეყნის მოსახლეობას რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ასევე, როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქვეყანაში არსებულ ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებელი და სავალდებულო ხდება GDP და GMP სტანდარტის დანერგვა. როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები ძალაში ქვეყანაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და შესაბამისად, ქვეყანაში წამლების მონიტორგინგიც უკვე დაწყებულია.
როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, მთავარი მიზანი ახალი შეზღუდვებისა და სტანდარტების შემოღებისთვის არის მედიკამენტების გაუმჯობესებისკენ მიმართული.
GMP, კარგი საწარმოო პრაქტიკა, და GDP, კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა, არის ორი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მედიკამეტების ხარისხის უზრუნველყოფისკენ. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, არსებული სტანდარტების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
ცვლილებები ელექტროენერგიის ტარიფებზე
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის ახალი ტარიფები ამოქმედდება. როგორც გადაწყვეტილებიდან ირკვევა, საქართველოში ელექტროენერგიის დღისა და ღამის ტარიფები განსხვავებული იქნება.
დიფერენცირებული ტარიფები ქვეყანაში არსებული საწარმოებისთვის ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მათ შეეძლებათ მხოლოდ ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დაყენების შემდეგ. ასევე ირკვევა, რომ საქართველოში შეიცვლება ელექტროენერგიის გადახდის ვადებიც.
როგორც სემეკ-ის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. როგორც სემეკ-ის განცხადებიდან ირკვევა, თბილისში არსებული ყველა მრიცხველის წაკითხვას კომპანია თელასი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ჩაატარებს. შემდეგ კი, ელექტროენერგიის ქვითრები მოსახლეობას მომდევნო თვის პირველ რიცხვებში ჩაბარდებათ.
რაც შეეხება გადახდის ვადას, ის განისაზღვრება ქვითრის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. როგორც ცნობილი ხდება, თბილისში ასევე ამოქმედდება სპეციალური საშეღავათო პერიოდიც. სემეკ-ის განცხადებით, ამ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლებათ პენსიის მიმღებ პირებს, სოციალურად დაუცველებს, და მრავალშვილიან ოჯახებს.
ცვლილებები გადახდის წესში
ცვლილებების მიხედვით, პენსიონრებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეეძლებათ ყოველი თვის 16 რიცხვამდე, ხოლო სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიან ოჯახებს, მათ საფასურის გადახდა შეეძლებათ ყოველი თვის 22 რიცხვამდე.
როგორც სემეკი აცხადებს, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, საფასურის გადახდის ვადა მორგებოდა ქვეყანაში არსებულ პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებს.
ასევე, როგორც პირველი იანვრიდან ამოქმედებულ ცვლილებებშია ნახსენები, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ. როგორც ეს გადაწყვეტილება მოისაზრებს, 2022 წლის იანვრიდან, თბილისში მრიცხველთა წაკითვის ერთიანი სისტემა იქნა დანერგილი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ასევე აცხადებს რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ქვითრების მიწოდება მოსახლეობისთვის მოხდება ყოველი მომდენო თვის პირველ რიცხვში.
თანამშრომლების ტესტირება – რა ელის ბიზნესს?
ერთ-ერთი ცვლილება რომელიც 2022 წელს განხორციელდება შეეხება თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირებას, რომლის ჩატარებაც ბიზნესის ნაწილს თავად მოუწევს. ცვლილებები ამ კუთხით ქვეყნაში უკვე პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
ცვლილებების მიხედვით, ბიზნესის გარკვეულ ნაწილს, მოუწევს რომ თანამშრომლები საკუთარივე ხარჯით გატესტოს და ამ ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. როგორც გადაწყდა, თანამშრომელთა გატესტვა სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში, მოხდება პირადად ბიზნესის ხარჯებით.
ეს ცვლილებები შეეხება იმ ობიექტებს, სადაც 30 და მეტი ადამიანია დასაქმებული. როგორც უკვე ცნობილია, მსგავსი დაწესებულებებისთვის სავალდებულოა 14 დღეში ერთხელ 20% სწრაფი ანტიგენ ტესტი ან პჯრ მეთოდით.
აქამდე, დასაქმებულთა კორონავირუსზე ტესტირება ხდებოდა ქვეყნის მთავრობის ხარჯებით.
ასევე, რამდენიმე კვირის წინ, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვები დაწესდებოდა გარკვეულ სესხებთან მიმართებაშიც. პირველი იანვრიდან, საქართველოში, ეროვნული ბანკის მიღებული გადაწყვეტილების თანხმად, აიკრძალა 15 წლიანი სავალუტო იპოტეკური სესხების გაცემა.
როგორც ახალ გადაწყვეტილებაშია ნახსენები, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკური სესხი გაცემულია ლარით და მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია, სესხის მაქსიმალური ხანრგძლივობა ისევ 20 წელია. ხოლო, რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხს, ან იმ შემთხვევებს, როდესაც მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან გასნხვავდება, იპოთეკური სესხის აღების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 10 წლით.
ასევე პირველი იანვრიდან, ქვეყანაში ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკაშირებით ბიზნეს სექტორისთვის. როგორც ცვლილებებშია ნახსენები, ბიზნეს სექტორს, სხვადასხვა დაწესებულებებსა და სუბიექტებს, მოუწევთ, რომ დასუფთავების მოსაკრებელი გაზრდილი ტარიფით გადაიხადონ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო სექტორს, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი უცვლელი დარჩება.
ასევე, იმისთვის, რომ ცვლილებები შედარებით მარტივად აისახოს სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ მიეცემა მოსაკრებლის 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც დაწესებულებებს შემდეგი 1 წლის განმავლობაში შეეძლებათ.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა
ახალი ცვლილებებიდან ასევე ვიგებთ, რომ ქვეყანაში, კომუნიკაციების სფეროში არსებულ კომპანიებს, მოუწევთ, რომ ახალი წესები დაიცვან. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ახალი რეგულაციები შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელთა უფლებები უკეთ იყოს დაცული. ახალი რეგულაციების წყალობით, ყველა აბონენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ხარისხიანი და ამასთან, უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურება მიიღოს.
როგორც ახალი რეგლამენტიდან დგინდება, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, არჩევანი თავად შეაჩერონ იმაზე, თუ ვისგან შეიძენენ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობას მისთვის ხელსაყრელი საფასურითა და პირობებით.
ასევე, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ მომსახურების პირობის ცვლილებების შესახებ მომხარებლებს არა 10 სამუშაო დღით ადრე, არამედ, 1 თვით ადრე მიაწოდონ ინფორმაცია. ასევე, მომხმარებლების თანხმობის გარეშე, დამატებითი სერვისების გააქტიურების შესაძლებლობა კომპანიებს აღარ ექნებათ.
ასევე კომუნიკაციის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, როუმინგული სერვისების შესახებ ცვლილებებიც განხორციელდება. აღნიშნული რეგლამენტი კომისიამ ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაამტკიცა, თუმცა ძალაში მხოლოდ ახლა შევიდა. ახალი რეგულაციები ითვალისწინებს როუმინგული სევრისების უფრო მეტად მოქნილობას და მორგებულობას ინდივიდუალურ სურვილებზე.
ცვლილებების თანახმად, მომხმარებელთან შეთანხმებით, კომპანიებს შეეძლებათ დაადგინონ სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაშიც, მომსახურების მიწოდება შეწყდება და დამატებითი დავალიანება ანგარიშზე აღარ დაირიცხება.
ამის შედეგად, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯი. ასევე, თუ მომხმარებელს ეწურება მომსახურების ლიმიტი ან ბალანსი, აუცილებელია, რომ კომპანიამ მას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.
ცვლილებები მართვის მოწმობის აღებისთვის
ქვეყანაში 2022 წლის 25 აპრილიდან იცვლება წესები მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით. შედეგად, ეს პროცესი შედარებით უფრო გართულებული იქნება.
იმისთვის, რომ ადამიანებმა მიიღონ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მათ მოუწევთ, რომ პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპად ჩააბარონ. პირველი ეტაპი იქნება აქამდე უკვე არსებული, ხოლო მეორე ეტაპზე, მსურველებს მოუწევთ გამოცდა ჩააბარონ რეალურ პირობებში, რომელიც გულისხმობს ქუჩაში ავტომანქანის მართვას. ახალი რეგულაციების მიხედვით, საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე.
ხოლო, 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი, მსგავსი ცვლილებები ყველასთის სავალდებული გახდება. როგორც ირკვევა, ახალი რეგულაციების მიხედვით, იმისთვის, რომ მსურველებმა მართვის მოწმობა მიიღონ, მათ მოუწევთ თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური, 90 ლარის ოდენობით გადაიხადონ.
ასევე, ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდება მოპედების რეგისტრაციაც. ეს რეგულაცია ქვეყანაში 28 მარტიდან შევა ძალაში. როგორც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ასახულ ცვლილებებშია ნახსენები, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და შედეგად, მათზე იგივე მოთხოვნები უნდა გავრცელდეს, რაც ნებისმიერ სხვა მექანიკური ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დაწესებული.
2022 წლის იანვრიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა ძალაში ტრანსპორტთან დაკავშრებით. ეს ეხება ავტომობილების ინსპექტირების წესს, რომლის მიხედვითაც, თუ ქვეყანაში შემოგვყავს ახალი ავტომობილი, სავალდებულოა, რომ მას ჰქონდეს კატალიზური გარდამქმნელი.
საქართველოში ასევე ძალაში შედის ერთი ახალი რეგულაციაც, რომლის თანახმადაც, თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის წესი იცვლება. ახალი აბონიმენტები, რომლებიც თებერვლიდან ამოქმედდება, სხვადასხვა სახის იქნება. მათ შორის, 90 წუთიანი, 1 დღიანი, 1 კვირიანი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი, და 1 წლიანი ბარათები. რაც შეეხება ერთჯერად მზგავრობას, ტარიფი 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. ასევე, თბილისის მერიის განცხადებით, თბილისში არსებული ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და მათ ნაცვლად, 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.
როგორი გავლენა ექნება ცვლილებებს?
იანვარში ამოქმედებული ცვლილებების უმეტესობა მიმართულია მომხარებლების უფლებების უკეთესად დაცვისკენ. მიუხედავად ამისა, ბევრია უკმაყოფილო ქვეყანში შემოღებული ცვლილებების გამო. მაგალითად, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გამოხატავს უკმაყოფილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის წესებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ახალ რეგულაციებს საჭიროს, და მეტიც, უკეთესს უწოდებენ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებული რეგულაციები, რთულს გახდის დედაქალაქის მოსახლეობისთვის ქალაქში გადაადგილებას.