რა არის ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი?

რა არის ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი? post thumbnail image

ფორექსის შესახებ დასმულ კითხვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია შეკითხვა ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის შესახებ. დამწყები ტრეიდერებისათვის ხშირად გაუგებარია თითოეული მათგანის არსი თავიდან ბოლომდე. ასევე ხშირად მიიჩნევენ რომ ტექნიკური ანალიზი და ფუნდამენტური ანალიზი ერთამენეთს გამორიცხავს, შესაბამისად ტრეიდერი ვალდებულია აირჩიოს ან ერთი ან მეორე. ეს გარემოება აბნევს დამწყებ ტრეიდერებს და ისინიც ძალიან ხშირად სვამენ კითხვას: ტექნიკური ანალიზი ჯობია თუ ფუნდამენტური? ამ სტატიაში ვეცდებით გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას.

მიმოვიხილავთ კონკრეტულად რა არის ტექნიკური ანალიზი, რა არის  ფუნდამენტური ანალიზი, რის მიხედვით დგება ისინი, რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი და შესაბამისად, რომლის გამოყენება არის უკეთესი.

თუ ჯერ კიდევ დამწყები ხართ და არ გაქვთ საკმარისი ინფორმაცია ფორექსის შესახებ, შეისწავლეთ რა არის ფორექსი და შემდეგ გაერკვიეთ ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზში.

რა არის ტექნიკური ანალიზი?

ტექნიკური ანალიზი არის აქციების ან ფასიანი ქაღალდების შეფასება სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. მარტივად რომ ვთქვათ, ტექნიკური ანალიზის დროს აფასებენ აქციებთან ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს; მაგალითად ნავაჭრ მოცულობას, ინვესტიციაზე უკუგებას და სხვა. ამ მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების შემდეგ ფორექს ანალიტიკოსები ადგენენ სპეციალურ სქემას რომელიც ასახავს ფასიანი ქაღალდებისა თუ აქციების ქცევას წარსულში. ასევე აჩვენებს გარკვეულ განმეორებით ტრენდებს, რის საფუძველზეც შეიძლება დაასკვნათ როგორ განვითარდება მოვლენები ბაზარზე და როგორი იქნება შემდგომი ტრენდი მოცემული აქციისთვის.  თუმცა, როცა ვსაუბრობთ მონაცემებზე წარსულიდან, აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ ეს მონაცემები არ გულისხმობს დაბრუნებას იმ კომპანიის პრეისტორიულ ხანაში, რომლის აქციების შეფასებასაც ცდილობთ. ტექნიკური ანალიზი ძირითადად ეფუძნება ახლო წარსულის მონაცემებს.

როგორ იქმნება ტექნიკური ანალიზი

ტექნიკური ანალიზი ეფუძნება სხვადასხვა მონაცემებს. ძირითადად გამოყოფენ ოთხ ინდიკატორს რომელიც ეხმარება ანალიტიკოსებს გააკეთონ ტექნიკური ანალიზი, ესენია – მომენტუმ ინდიკატორი, ტრენდის ინდიკატორები, რეზისტენსულობისა და მერყეობის ინდიკატორები.  ანალიზის დროს აკვირდებიან აქციისა თუ ფასიანი ქაღალდების წარსულ მონაცემებს და შესაბამისად ამ ოთხი ინდიკატორის გათვალისწინებით ადგენენ სქემას.

თუმცა, შეიძლება ზოგიერთი ტრეიდერისათვის ეს ინდიკატორები საკმარისი არ იყოს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ზოგიერთისთვის შეიძლება ეს ინდიკატორები არაფერს არ ნიშნავდეს. შესაბამისად, გარდა ტექნიკური ინდიკატორებისა, ტექნიკური ანალიზი ეფუძნება გარკვეულ რწმენას, რომელსაც ზოგიერთი ტრეიდერი იზიარებს, ზოგიერთი კი არა. იმის მიხედვით გჯერათ თუ არა ქვემოთ მოცემული დებულებების, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ დაგეხმარებათ ტექნიკური ანალიზი რამეში თუ არა.

რწმენა 1. ისტორია ყოველთვის მეორდება. თუ რომელიმე კომპანიის აქციის ფასი შეიცვალა, მაგალითად შემცირდა, კონკრეტულ სიტუაციაში, თუკი ასეთი სიტუაცია მომავალში ისევ დადგება მაშინ ფასი კვლავ შემცირდება.  მაგალითად, თუ ფეისბუქის აქციების ფასმა დაიწია, როდესაც კომპანია პირად მონაცემებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, ამ რწმენის მიხედვით, თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდა, ფეისბუქის აქციების ფასი აუცილებლად დაიწევს და შემდეგ კვლავ მოიმატებს.

რწმენა 2. ფასები ყოველთვის იცვლება ტრენდულად. ეს ნიშნავს, რომ თუ რაიმეს გააჩნია ღირებულება, მისი ფასი ან გაიზრდება ან შემცირდება. ამ რწმენის მიხედვით, თუ ფეისბუქის აქციები ღირებულია, შესაბამისად ის ტრენდის მიხედვით ან შემცირდება, ან გაიზრდება.

რწმენა 3.  მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი. თუ ფასები მაღალია, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნაა. მეორეს მხრივ, თუ პროდუქტის ფასები დაბალია, შესაბამისად მასზე მოთხოვნაც დაბალია რამდენაც ყველა პროდუქტი გარკვეულწილად ლიმიტირებულია. მაგალითად, თუ ფეისბუქის აქციების ფასი ძალიან დაბალია ეს ნიშნავს რომ მასზე მოთხოვნა დაბალია. ხოლო თუ ფასები იზრდება, ესეიგი მოთხოვნა გაიზარდა.

ვისთვის არის ტექნიკური ანალიზი

ტექნიკური ანალიზი განიხილავს როგორ იცვლებოდა ამა თუ იმ აქციის ფასი სხვადასხვა სიტუაციებში. ითვალისწინებს კონკრეტულ ინდიკატორებს და ეფუძნება რწმენას, რომ ფასები იცვლება ტრენდულად, ისტორია მეორდება და რომ ფასები მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე დაყრდნობით. შესაბამისად, ტექნიკური ანალიზი გამოიყენება ისეთი ტრეიდერების მიერ, რომელთაც იგივე რწმენა აქვთ. ისინი უყურებენ ტექნიკურ ანალიზს რათა დიანახონ კონკრეტული ტრენდები და პატერნები და განსაზღვრონ როგორ შეიცვლება ამა თუ იმ აქციის ფასი მომავალში. ძალიანი ბევრი ინვესტორისა და ტრეიდერისათვის ტექნიკური ანალიზი არის ხელსაწყო რისკების გათვლისა და გათვალისწინებისათვის. ასევე, რამდენადაც ტექნიკური ანალიზი ეფუძნება მონაცემებს მხოლოდ ახლო წარსულიდან, ის გამოიყენება მოკლევადიანი ინვესტიციებისათვის.

ფუნდამენტური ანალიზი

ფუნდამენტური ანალიზი პრინციპულად განსხვავებულია ტექნიკური ანალიზისაგან. თუ ტექნიკური ანალიზი განიხილავს ფასის ცვალებადობას მარკეტის ცვლილების შესაბამისად, ფუნდამენტური ანალიზი მთლიანად ფოკუსირებულია აქციისა თუ სხვა ფინანსური სავაჭრო ინსტრუმენტის ფასის დადგენაზე. ფუნდამენტური ანალიზის მიზანია დაადგინოს სავაჭრო ინსტრუმენტის რეალური ფასი. ამისთვის ანალიტიკოსები ფუნდამენტურად იკვლევენ ყველაფერს რისი გამოკვლევაც შესაძლებელია იმ კომპანიის შესახებ, რომლის აქციის ანალიზსაც აკეთებენ. ფუნდამენტურ ანალიზს შესაბამისად ის ტრეიდერები იყენებენ, რომლებთაც აქციებით ვაჭრობა ურჩევნიათ.

როგორ იქმნება ფუნდამენტური ანალიზი

ფუნდამენტური ანალიზის გასაკეთებლად ანალიტიკოსები იკვლევენ კომპანიის ზოგად ფინანსურ და ეკონომიკურ სიტუაციას, ასევე მის მმართველ გუნდსა და მენეჯმენტს. ფუნდამენტური ანალიზი ასევე მოიცავს ინფორმაციას კომპანიის უძრავი თუ მოძრავი ქონების შესახებ, ეს შეიძლება იყოს მიწა და შენობები, რომლებიც კომპანიის მფლობელობაშია, ასევე ყველა ტიპის ინვენტარი და აღჭურვილობა. ანალიზი მოიცავს კომპანიის ისეთ ქონებასაც როგორიცაა ბრენდი, სავაჭრო ნიშნები, პატენტები და სხვა ტიპის ინტელქტუალური საკუთრება. რასაკვირველია, ფუნდამენტური ანალიზი ასევე მოიცავს კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებს, ბრუნვას, შემოსავალს, მათ შორის წმინდა მოგებას და ა.შ.

როგორც მიხვდით, ფუნდამენტური ანალიზი არ არის მხოლოდ ციფრებთან დაკავშირებული. შესაბამისად ის არ გამოიხატება სქემებით ან რიცხვებით. ფუნდამენტური ანალიზი გარკვეული გაგებით წარმოადგენს კომპანიის დოსიეს, რომელშიც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ ინვესტორმა სწორად შეაფასოს სურს თუ არა ამ კომპანიის აქციებთან საქმის დაჭერა. ამ დოსიეში მოცემულია დეტალური სურათი არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის, არამედ ზოგადად იმ ინდუსტრიის რომელშიც ეს კომპანია მოქმედებს, და ბაზრის საერთო მდგომარეობა.

ვისთვის არის ფუნდამენტური ანალიზი?

ამ ყველა მონაცემის გათვალისწინებით, ფუნდამენტური ანალიზი ადგენს კომპანიის აქციის რეალურ ღირებულებას. ფუნდამენტურმა ანალიზმა შეიძლება აჩვენოს, რომ კონკრეტული აქციის ფასი გაცილებით დაბალია მის რეალურ ღირებულებაზე, ან პირიქით. მაგალითად ანალიზმა  კომპანიის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა აჩვენოს რომ ფეისბუქის აქციების ფასი გაცილებით დაბალია მის რეალურ ღირებულებაზე. ეს ინვესტორებისთვის ნიშნავს, რომ კომპანიის აქციების ფასი გაიზრდება და შესაბამისად ახლა კარგი დროა აქციების საყიდლად. ან პირიქით, თუ ანალიზი აჩვენებს, რომ ფასი დიდია რეალურ ღირებულებასთან შედარებით, ეს აჩვენებს რომ ფასი დაიწევა და შესაბამისად ინვესტორებმა კონკრეტული აქცია უნდა გაყიდონ.

სწორედ ამიტომ, ფუნდამენტური ანალიზი  გამოიყენება ინვესტორების მიერ, რომელთაც სურთ გააკეთონ გრძელვადიანი ინვესტიცია და ჭირდებათ ინდივიდუალური აქციის, კომპანიის, ინდუსტრიისა და საერთოდ ბაზრის დეტალური ანალიზი, იმისთვის რომ მიიღონ სწორი გადაწვეტილება.

რომელი ტიპის ანალიზი უნდა გამოიყენოთ?

ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველი გულისხმობს კომპანიის აქციების პერფორმანსზე დაკვირვებას, ტრენდების დადგენას და შესაბამისად სამომავლო ტრენდების განჭვრეტას. გამოიყენება ძირითადად მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მისაღებად და რისკ მენეჯმენტისათვის ისეთი ინვესტორიების მიერ, რომელთაც სურთ მოკლევადიანი ინვესტიციის გაკეთება.

ფუნდამენტური ანალიზი იკვლევს კომპანიის, ინდუსტრისაა და ბაზრის მდგომარეობას და ადგენს ინდივიდუალური აქციის რეალურ ღირებულებას. ფუნდამენტური ანალიზი გამოიყენება გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

თუმცა, ეს განსხვავებები ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ერთი ანალიზი მეორეს გამორიცხავს. პირიქით, ძალიან ბევრი ტრეიდერი აერთიანებს ამ ანალიზებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ინვესტირების დროს და გათვალისწინებულუ ჰქონდეს ფინანსური რისკები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნდამენტალური ანალიზი თუ გრძელვადიან ინვესტიციას აპირებთ და ამავე დროს გამოიყენოთ ტექნიკური ანალიზი რისკის მენეჯმენტისთვის.

ტექნიკურ ანალიზს გამოიყენებთ, ფუნდამენტურს თუ ორივეს ერთად, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნუ მიყვებით მხოლოდ ერთ ანალიზს იმიტომ რომ სხვა ტრეიდერები ასე იქცევიან. ასევე, ნუ იტყვით უარს ამ ანალიზების გამოყენებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა კარგად ერკვეოდეთ თითოეულ მათგანში, გამოსცადოთ ისინი და შემდეგ გადაწყვიტოთ რომელი მათგანის გამოყენებაა თქვენთვი მომგებიანი თქვენი ცოდნის, გამოცდილების და მიზნების შესაბამისად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *