რა იწვევს პროდუქტებზე ფასების ზრდას?
გასული წლის განმავლობაში, პროდუქტებზე ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თუ რატომ იზრდება ფასები ასე სწრაფად არის ინფლაციის მაღალი დონე. როგორც ნოემბრის მონაცემებიდან ირკვევა, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 12.8%-ს შეადგენს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებელია. თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს დავუჯერებთ, ქვეყანაში ინფლაცია კიდევ განაგრძობს ზრდას, და წლის ბოლოსთვის, 13.1%-იან ნიშნულს მიაღწევს. როგორც IMF-ის ანგარიშიდან ირკვევა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15 ქვეყნის მაჩვენებელს ჩამორჩება. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა და გამოწვევა ქვეყანაში ფასების დრამატული ზრდაა.
თუ წინა წლის იგივე პერიოდთან შევადარებთ, დავინახავთ რომ ფასები დრამატულადაა გაზრდილი ისეთ ძირითად საკვებ პროდუქტებზე, როგორებიცა ბოსტნეული, პურპროდუქტები, ზეთი, რძე, კვერცხი, და სხვა. როგორც კვლევები აჩვენებს, ბოსტნეულის ფასი ქვეყანაში 45 პროცენტით გაიზარდა, პურპროდუქტების 19.4 პროცენტით, ზეთის – 31.6%, რაც შეეხება რძესა და კვერცხს – 18.2 პროცენტით.
რა არის ინფლაცია?
ინფლაცია არის ფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით. ეს არის გაზომვადი პარამეტრი, რომლითაც ცდილობენ, რომ ნახონ, რა სისწრაფით იზრდება ფასები. ზოგადად, გარკვეული დონის ინფლაცია, დაახლოებით 2%, ნორმალურია სახელმწიფოებისთვის. ფასების ზრდა, თავისთავად, საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურობასა და კეთილდღეობაზე.
სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებული ინფლაციის ნომინალური დონეები აქვთ. მაგალითად, საქართველოში, ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია არის 3 პროცენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 2 პროცენტი, ხოლო შვეიცარიაში, სულ რაღაც 1 პროცენტი.
მაგრამ, ეს მიზნები ყოველთვის მიღწევადი არ არის. როდესაც ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავალი, ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა და ყოველდღიურობა, რა თქმა უნდა, უარესდება. საკმაოდ ბევრი ფაქტორი არსებობს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ინფლაციის დონის ზრდაზე.
საქართველოს შემთხვევაში, როგორც ეროვნული ბანკის დირექტორი ამბობს, ინფლაციის ზრდა ძირითადად გამოწვეულია პოსტ-პანდემიური ფაქტორებით. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იფნლაციის დონის ზრდაში გახლდათ ტრანსპორტის გაძვირებაც, რომელმაც გარკვეულწილად გაართულა და გააძვირა სქონლის იმპორტი.
ფასების ზრდაზე, რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა აქვს ლარის კურსსაც. საქართველო ძირითადად იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად, როდესაც ლარი ეცემა, ქვეყანას უფრო ძვირი უჯდება სხვადასხვა საქონლის იმპორტირება, რაც, თავისმხრივ, პროდუქტებზე ფასების მატებას იწვევს.
პროდუქტების დამატებით გაძვირება
რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, დისტრუბუტორთა ასოციაციის თავდჯომარემ, ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ ნებისმიერ წელს, ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, კაბალური პირობები და ახალი მოთხოვნები დამატებით იწვევს ფასების ზრდას ქვეყანაში.
როგორც მან განაცხადა, მსოფლიოს გარშემო მიმდინარე მოვლენები, როგორიცაა, საწვავისა და ნედლეულის გაძვირება, ასევე შიდა პრობლემები, როგორიცაა ლარის გაუფასურება, კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას. როგორც ის აღნიშნავს, ყოველ წელს, როდესაც ახალი კონტრაქტის გაფორმება ხდება, ყველა არსებული ქსელური სუპერმარკეტი ცდილობს, რომ პირობა გაიუმჯობესოს. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლისას, გარდა გარე ფაქტორებისა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, როდესაც ქვეყანაში ფასების მატებას განვიხილავთ.
როგორც ჭყონია აღნიშნავს, მიმდინარე მოვლენებზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ მცდელობებში ჩართულია რითეილ ასოციაციაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფასების მაღალი ცვალებადობა არ იყოს და ასევე, დახლების გარკვეული ნაწილი – მინიმუმ 30-35% – ადგილობრივმა წარმოებამ დაიკავოს.
მისი განცხადებით, ქართულ ქსელურ მაღაზიებში მონოპოლისტი არც ერთი არ არის, რადგან ამისთვის 40%-ზე მეტს უნდა ფლობდეს კომპანია. როგორც ის აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი ფასების ზრდის ტენდენციიდან არის ადგილობრივი წარმოების დიდი მხარდაჭერა და მათი წინა პლანზე დაყენება. როგორც ის აცხადებს, საერთაშორისო და დიდ ორგანიზაციებს აქვთ იმისი რესურსი რომ ფასების სტაბილურობა შედარებით უფრო უკეთ შეინარჩუნონ, მაგრამ იგივე რესურსი არ აქვთ ადგილობრივებს.
რა გაძვირდა ყველაზე მეტად?
როგორც საქსტატის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12.5 პროცენტი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ათეულიდან, 6 სურსათს მიეკუთვნება.
ამას გარდა, როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ასევე მოხვდა ბენზინი და დიზელის საწვავი. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ვარკვევთ, წლიური ინფლაციის გაზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათის ფასების ზრდამ. ჯამში, ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17 პროცენტით გაძვირდა.
რაც შეეხება სურსათის წვლილს ინფლაციაში, ის 5,35 პროცენტს შეადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი არის ადამიანების სამომხმარებლო კალათის საკმაოდ დიდი ნაწილი. ასევე აღსანიშნავია ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი პროდუქტები, რომელთა ფასმაც 20,2 პროცენტით მოიმატა. ასევე, როგორც ანგარიშშია ნახსენები, ბოლო წლის განმავლობაში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში, გარდა კავშირგაბმულობისა.
ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- კომბოსტო – გაძვირდა 96,7%-ით
- ბადრიჯანი – გაძვირდა 74,8%-ით
- ქლიავი – გაძვირდა 58,4%-ით
- თერმომეტრი – გაძვირდა 47,6%-ით
- ბენზინი – გაძვირდა 44,7%-ით
- ლურსმანი – გაძვირდა 43,7%-ით
- კვერცხი – გაძვირდა 41,6%-ით
- ყურძენი – გაძვირდა 41,4%-ით
- მზესუმზირის ზეთი – გაძვირდა 40,8%-ით
- დიზელის საწვავი – გაძვირდა 40,4%-ით
რაც შეეხება მთლიან სიას, ფასების მატება შეინიშნება ჯამში 260 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე. რაც შეეხება გაიაფებულ პროდუქტებს, მათი რაოდენობა მხოლოდ 25-ია.
საწვავის ფასი
ბოლო პერიოდში საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა და მეტიც, ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია. ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია და სწავავის გაძვირება უდიდეს ტვირთად აწვება მოსახლეობას. მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად, ახალი საპროტესტო ტალღა წარმოიქმა ქვეყანაში – უარი საწვავის ფასებს.
ამ გზით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ცდილობს გააპროტესტოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და გაძვირებული საწვავის ფასები. როგორც ისინი აღნიშნავენ, საზოგადოებამ უნდა სცადოს, რომ არ ისარგებლონ ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურებით. როგორც ისინი ფიქრობენ, ეს ნაბიჯი აიძულებს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, რომ ფასები დაწიონ.
გარდა ამისა, ისინი აპროტესტებენ ვისოლ ჯგუფის დირექტორის, სოსო ფხაკაძის განცხადებას, რომ საერთაშორისო ფასების ზრდის გამო საქართველოში საწვავის ღირებულება უფრო მაღალი უნდა იყოს. ამიტომ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ კომპანიის მიმართ ისმის და პირველი სამიზნეც სწორედ ის იყო.
თავიდან, პროტესტის მთავარი მიზანი იყო, რომ სხვა კომპანიებიც გაფრთხილებულიყვნენ და შეენარჩუნებინათ დაბალი ფასები საწვავზე. მაგრამ, პრიქით მოხდა – სხვა ბევრმა კომპანიამაც გაზარდა საწვავის ფასი. შედეგად, პროტესტის მონაწილეებმა ბოიკოტი ყველა ბრენდირებულ საწვავს გამოუცხადეს.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, მომხმარებელთა რეაქცია არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი და ამბობენ, რომ საქართველოში საწვავის ფასის ზრდა მსოფლიოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეყრდნობა.
ქვეყანაში საწვავზე ფასების ცვლილებაზე სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საერთაშორისო ფასები, აქციზის გადასახადი და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. ბოლო ერთ წელში ნავთობზე ფასები გაიზარდა, რაც მსოფლიოში საწვავზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება – ეს კი, თავის მხრივ, კოვიდ-კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესთან არის დაკავშირებული.
მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საწვავის მომხარებელი ქვეყნების უმეტესობას არანირი ბერკეტი არ გააჩნია აიცილოს თავიდან საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტებზე ფასების მატების ზეგავლენა.
აღსანიშნავია, რომ ფხაკაძემ საკუთარ პოსტში მხოლოდ საერთაშორისო ფასების გავლენაზე ისაუბრა და არაფერი უთქვამს მთავრობის როლზე. მისი თქმით, დანტერესების შემთხვევაში, მზად არის ფასებთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას საჯარო განხილვებით გასცეს პასუხი.
ინფლაცია წლის განმავლობაში
თუ ინფლაციის დონის ჭრილში განვიხილავთ, 2021 წელი საკმაოდ რთული გამოდგა ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მზარდ ინფლაციასთან ერთად, ქვეყანას ეკონომიკური ზრდაც ჰქონდა, ფასების მატება მოსახლეობას საკმაოდ შესამჩნევად შეეხო.
წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციამ რამდენჯერმე მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს ბოლო ათწლეულის განმავლობაში. წლის დასაწყისში, აპრილსა და მარტში, ინფლაცია 7,2 პროცენტი იყო, შემდეგ, მაისში ის 7,7 პროცენტამდე გაიზარდა. რაც შეეხება ივნისს, ამ თვეში ინფლაციის დონე 9,9 პროცენტი იყო. სულ მალე, ივლისში, ინფლაციის დონე კიდევ ერთხელ გაიზარდა, და 11,9 პროცენტს მიაღწია. აგვისტოსა და სექტემბერში კი, ინფლაციამ კვლავ ზრდა განაგრძო – აგვისტოში 12,8 პროცენტი, სექტემბერში 12,3 პროცენტი, ხოლო ოქტონბერში, ისევ 12,8 პროცენტი იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რამდენიმე თვის წინ განაცხადა რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მდგომარეობა ინფლაციის კუთხით დასტაბილურდებოდა ქვეყანაში. მაგრამ, როგორც ოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, ეს პირიქით მოხდა და ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო.
როგორც თურნავა აცხადებდა, წლის ბოლომდე პროცესი სტაბილიზაციისკენ უნდა წასულიყო. ამასთან, ის აცხადებდა, რომ ეს პროგნოზი არ იყო მხოლოდ მათი, და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მსგავს აზრებს აჟღერებდნენ. ეს განცხადება ეკონიმიკის მინისტრმა ივლისში გააკეთა, როდესაც წლიური ინფლაცია 11,9 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია იყო 14,3 პროცენტი.
ეროვნული ბანკის ნაბიჯები
როგორც წესი, როდესაც ქვეყანაში ინფლაციის დონე მსგავსი მასშტაბებით იზრდება, ბევრი ელოდება განმარტებებსა და განცხადებებს ერვონული ბანკისგან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, იმისთვის, რომ ინფლაციის დონე დაერეგულირებინა ქვეყანაში, აგვისტოში მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა 0.5 პროცენტული პუნქტით და აეწია 10 პროცენტამდე. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ნიშნული ორჯერ უცვლელი დატოვა.
მაგალითისთვის, 27 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გამოაცხადა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეფინანსირების გაკანვეთი აღნიშნულზე მაღალი ბოლოს 2008 წელს იყო.
როგორც ექსპერტები საუბრობენ, საქართველოს ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ როგორც მათი მხრიდან გამკაცრებული მონეტარეული პოლიტიკის გაგრძელება. ეს ნაბიჯები, ძირითადად, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის დონით არის განპირობებული.
რეფინანსირების განაკვეთი არის ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტი , რომელიც გამოიყენება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ როდესაც იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, ამას უწოდებენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. ამ ნიშნულის გაძვირების შემდეგ, მსესხებლებს, რომელთა სესხებიც მიბმულია აღნიშნულ განაკვეთზე, უძვირდებათ. აგვისტოში რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მოჰყვა 140,100 ადამიანისთვის სესხის პროცენტის გაძვირება.
მოლოდინები 2022 წლისთვის
ინფლაციის დონე, რომელიც დღეს საქართველოშია, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მაღალია. სხვადასხვა ორგანიზაციები ქვეყანაში ინფლაციის დონის შესახებ განსხვავებულ განცახდებებს აკეთებენ. მაგალითად, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს დავუჯერებთ, ქვეყანაში ინფლაციის დონე 2022 წლის გაზაფხულიდან შემცირდება.
ასევე, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ უცვლელ დონეზე დატოვებული რეფინანსირების განაკვეთი შეიძლება მიჩნეული იყოს როგორც ნიშანი იმისა, რომ ეროვნული ბანკი კიდევ ელოდება იფნლაციის დონის გაზრდას.
რაც შეეხება მოლოდინებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს მომდევნო წლისთვის, ისინი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ირკვევა, სებ-ი 2021 წელს ქვეყანაში საკმაოდ მაღალ, 10 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პროგნოზი ეროვნული ბანკის წინა პროგნოზთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუ რატომ მიიჩნევს ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის მსგავს დონეს სწორად. როგორც აცხადებენ, აქ საუბარია ქვეყნის შიდა არსებულ მოთხოვნის ზრდაზე. პროგნოზის გაუმჯობესებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს, უფრო კონკრეტულად, საუბარია ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნის ზრდაზე, მთავრობის ფისკალურ სტიმულებსა და ექსპორტის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე. ამასთან, მოცემული სცენარით მომავალ წელს ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით გაიზრდება.
ეროვნულმა ბანკმა ასევე განიხილა ოპტიმისტური სცენარიც, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ეკონომიკა 2021 წელს 10,5 პროცენტით უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება 2022 წელს, მათი განცხადებით, ეკონიმიკური ზრდის მაჩვენებელი 6 პროცენტი იქნება.
რაც შეეხება სებ-ის პესიმისტურ სცენარს, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ეკონიმიკას ექნება 9.5 პროცენტიანი ზრდა, ხოლო 2022 წელს მხოლოდ 2 პროცენტიანი ზრდა.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა აღდგება, და პანდიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, მაღალი იქნება. რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, 2021 წლის 10 თვეში, ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10.5 პროცენტით გაიზარდა.