რატომ იზრდება ფასები მნიშვნელოვნად ხელფასის შემცირების ფონზე?
სახელმწიფოსთვის ერთმნიშვნელოვნად პრიორიტეტულია რომ დასაქმების თვალსაზრისით ჰქონდეს აქტიური შრომის ბაზარი, სადაც ვაკანტურ ადგილებზე მოთხოვნა იქნება მაღალი, ხოლო მიწოდება მისი პირდაპირპროპორციული. ეს არის მთავარი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ბაზრის და სხვადასხვა სექტორის ეფექტურ მუშაობას. აღნიშნულში გადამწყვეტი ფაქტორი კი კვალიფიციური ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვაა.
სახელმწიფოში არსებული სახელფასო პოლიტიკა აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისობაში საფასო პოლიტიკასთან, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებთან მიმართებით. თუ ამ ორ მხარეს შორის ბალანსირების დონე მკვეთრად არის დარღვეული, სახეზეა მზარდი სიღარიბის დონე. ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური საშუალება უზრუნველყონ საკუთარი თავი საარსებო მინიმუმით, რაც გამოწვეულია დაბალი ხელფასებით, სამუშაო ადგილების სიმცირით და პროდუქტებზე მზარდი ფასებით.
ეს თავისთავად უარყოფითად აისახება ბევრ მნიშვნელოვან სექტორზე, როგორიცაა საფინასნსო, ტურისტული, საგანმანათლებლო, საბანკო და სხვა. მიუხედავად მსგავსი მნიშვნელობისა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო დროინდელი მონაცემების მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ხელფასების ოდენობა, ხოლო ხშირი მოხმარების პროდუქტებზე, ფასები ორნიშნა დონით გაიზრდა.
საქართველო სახელფასო სექტორში განვითარების რეგრესს განიცდის
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ნომინალური შემოსავლები მნიშვნელოვან რეგრესს განიცდის, რომლის პარალელურადაც, იზრდება ფასების დონე. ეს თავისთავად ზრდის სახელმწიფოში ინფლაციის დონეს და ქმნის სამომავლო ეკონომიკურ საფრთხეებს. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ხელფასია მთავარი ინდიკატორი ნომინალური შემოსავლის განსაზღვრაში, მისი პირდაპირპროპორციულობა რესურსების საფასო პოლიტიკასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საქსტატის 2021 წლის მონაცემებს გადავხედავთ, ნათელია, რომ თვიდან თვემდე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ფინანსური მდგომარეობა უარესდება და მათ არ აქვთ წვდომა საასებო მინიმუმის საკვებ პროდუქტებზე.
საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს გლობალური მოვლენები. 2 წლის მანძილზე არსებულმა გლობალურმა პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიოს ეკონომიკურ სექტორს. საქართველოს შემთხვევაში, როგორც საერთაშორისო იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა გლობალური კრიზისის გავლენა. ამ ყოველივემ გამოიწვია ფასების ორნიშნა დონით მომატება, თუმცა ამის პარალელურად ნომინალური შემოსავლების ცვლილება არ მომხდარა. საქსტატის 2021 წლის კვლევითი მონაცემების მიხედვით, ფულადი შემოსავლების დაახლოებით 46%-ს ხელფასები შეადგენს, რაც საბოლოო ჯამში 830 000 დასაქმებულ ადამიანს გულისხმობს. მსგავსად დიდი წილის ფონზე, კიდევ უფრო იზრდება დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ საფასო პოლიტიკასთან მიმართებით, რამაც ბოლო პერიოდში შემოსავლების შემცირების გამო, კიდევ უფრო დააზარალა მოსახლეობის დიდი ნაწილი.
საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი 21%-ით გაიზარდა
შემოსავლების შემცირება სექტორების მიხედვით განსხვავებულია. 2021-2022 წლებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, კომუნალური სერვისების, ვაჭრობა-ლოჯისტიკის, სასტურმოს, სარესტორნო და ჯანდაცვის სექტორებში. თუმცა არსებითი ზრდის ტენდენცია შეინიშნება, საფინანსო და საჯარო მმართველობის სექტორებში. უცვლელი შედეგები იკვეთება განათლებისა და კომუნიკაციების სექტორებში.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საფინანსო და საჯარო სექტორი არა მარტო გამოირჩევა საშუალო ხელფასების ზრდის ტენდენციით, არამედ ხელფასების ცალკეული ოდენობის სიდიდითაც. საჯარო სექტორში ხელფასების 21.3%-იანი სწრაფი ზრდა, მიუთითებს საეჭვო გარიგებებზე, არალეგალურ ტენდერებსა და პოტენციურ კორუფციაზე. ფინანსური თვალსაზრისით ეს ყოველივე შეეძლო ფისკალურ პერიოდში სარგოს მატებას გამოეწვია თუმცა სამართლებრივად ნეგატიური მიზეზების პოტენციური არსებობაც გასათვალისწინებელია.
აღნიშნულ სექტორებში ნომინალური შემოსავლების ზრდა არა მარტო 2021-2022, არამედ გასულ წლებშიც იკვეთება. მაგალითისთვის ავიღოთ საქსტატის 2014 წლის კვლევა, საიდანაც ნათელია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სხვა სექტორებთან განსხვავებით 2.6%ით მეტია. 2022 წლის რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, ხელფასი საშუალოდ დაახლოებით 3 040 ლარს შეადგენს. 2021 წლის დასასრულს კი იგივე ნიშნული 2 432 ლარს შეადგენდა.
სექტორთა დიდ ნაწილში საშუალო ხელფასის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა
საჯარო სექტორის პარალელურად, განათლების სექტორი ყველაზე დაბალი სახელფასო ნიშნულებით გამოირჩევა. 2022 წლის მონაცემების მიხედვით, საშუალო ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წელს 916 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე კვარტლის მონაცემებით, ის 895 ლარამდე შემცირდა. წლიური მონაცემებით, ეს 2.1%-ით შემცირებას, ხოლო კვარტლური ანგარიშგებით, 5%იან რეგრესს გულისხმობს.
მსგავს მდგომარეობას იზიარებს სასოფლო-სამეურნეო სექტორი, სადაც ხელფასების 20%-ზე მეტი ნიშნულით შემცირება დაფიქსირდა. აღნიშნულში ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი, სეზონის მიხედვით ცვალებადი მოთხოვნა-მიწოდების ნიშნულებია, რაც თავისთავად იწვევს წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივ ცვლილებასაც. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, სამეურნეო სექტორში დაახლოებით 231 000 ადამიანი იყო დასაქმებული.
ნეგატიური შედეგები იკვეთება სამშენებლო სექტორშიც. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობა. 2021-2022 წლის განმავლობაში, კი საშუალო სახელფასო ნიშნულმა დაახლოებით 18%-იანი შემცირება განიცადა. კერძოდ, თუ წინა წლის მაჩვენებლების მიხედვით, საშუალო ხელფასი აღნიშნულ სექტორში დაახლოებით 1 627 ლარი იყო, მიმდინარე წელს ის 1 464 ლარამდე შემცირდა. ასევე 13.3% შემცირება იკვეთება ლოჯისტიკის სექტორშიც.