მარიამ ქვრივიშვილი საუბრობს შიდა ტურიზმის მნიშვნელობაზე

მარიამ ქვრივიშვილი საუბრობს შიდა ტურიზმის მნიშვნელობაზე post thumbnail image

საქართვეოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად შეხვდა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს და კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშილიც და ასევე სასტუმროების და სხვადასხვა ტურისტული ასოციაციებისა თუ ტუროპერატორების წარმომადგენები.

შეხვედრის განმავლობაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები იმ წესებს და რეგულაციებს გაეცნენ, რომელიც ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე გავრცელდება, რომელთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა. ისინი ასევე გაეცნენ ინფორმაციის იმ აპლიკაციის და ელექტრონული პლატფორმის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოსული ან ჩამოსვლის სურვილის მქონე ბიზნეს ვიზიტორები ისარგებლებენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორთან შეხვედრებს, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. შეხვედრა, რომელიც ორმხრივ დიალოგზე იყო დაფუძნებული საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული გამოდგა. ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, მათ შორის როგორ მოხდება უცხო ქვეყნის მოგზაურების საქართველოში შემოსვლა, როგორ მუშაობს პროტოკოლები, ასევე როგორ მოქმედებს კერძო სექტორი, მას შემდეგ რაც ევროკავშირის ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში უპირობოდ მოგზაურობის უფლება მიეცათ. შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ შიდა ტურიზმის სტიმულირების შესახებ.

მოხარულები ვართ, რომ სასტუმროების, მცირე ბიზნესის მხრიდან გვაქვს პოზიტიური უკუკავშირი, ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონებს, რადგან კერძო სექტორის წარმომადგენლები უკვე ხედავენ შიდა ტურიზმის ნაკადების გაზრდის ღირებულებას მათი ბიზნესის კუთხით. შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ ახალი პროექტების შესახებ, რომელთა დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობა მუშაობს და შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ერთობლივ, პროდუქტიულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად დაუბრუნდეს იმ ჩვეულ ნორმას, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისხმობს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა შიდა ტურიზმზე, მის მნიშელობაზე, იმ პრობლემებზე, რომლებმაც დაამძიმეს შიდა ტურიზმი საქართველოში და იმ ხერხებზე, რომლებსაც მიმართავს მთავრობა ამ სექტორის გასაუმჯობესებლად, რაც ძირითადად მოისაზებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს სხვადასხვა კუთხეებში. ის ასევე უსვამს ხაზს იმასაც, რომ დღეს თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, თავად შეიტანოს წვლილი ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებული დარგის ხელშეწყობაში, გაძლიერებასა და გადარჩენაში.

,,წლევანდელი წელი, ლოგიკური მიზეზების გამო, კიდევ უფრო ამძაფრებს შიდა ტურიზმის ღირებულებას. არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი რესურსი მაქსიმალურად და ოპტიმისტურად არის მიმართული შიდა ტურიზმის უფრო მეტად განვითარებაზე. საქართველოში მოგზაურობა არის არათუ ძალიან საინტერესო, არამედ ძალიან უსაფრთხო. გუშინ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვიწყებთ აქტიურ და მასშტაბურ კამპანიას „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“, რათა შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირება მოხდეს. კამპანიის ფარგლებში გაკეთდება არაერთი ღონისძიება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ უფრო მეტად, უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ვემზადებით ერთი მხრივ, კიდევ უფრო მეტად გაზრდილი შიდა ტურისტული ნაკადებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ძალიან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კერძო სექტორში უმეტესად, დანერგილია ყველა ის რეგულაცია, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია, რათა უზრუნველვყოთ შიდა მოგზაურობის უსაფრთხოება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილი ასევე შეეხო იმ თემასაც, რომ მიუხედავდ იმისა, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, მას ჰყავს 3,5 მილიონ მოსახლე, რომელიც ავტომატურად არის ქვეყნის ტურისტიც და შიდა მოგზაური, რაც ძალიან მნიშნელოვანია, განსაკუთრებით ახლა.

„ასევე, თუ გადავხედავთ 2019 წლის სტატისტიკას, სადაც შიდა ტურისტული ნაკადების მიერ დაგენერირებული შემოსავალი მილიარდ ნახევარ ლარს უდრიდა და თუ იმასაც შევხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მოგზაურობდნენ, წმინდა ტურისტული მიზნებისთვის საერთაშორისო არეალზე მათი დანახარჯები დაახლოებით, ერთი მილიარდი იყო. ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ 2.5 მილიარდიან პორტფელზე, რომელიც ბუნებრივია, გარემო პირობებიდან გამომდინარე გადახედვადია, თუმცა, იმის თქმა მინდა, რომ შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირება ძალიან დიდი მხარდაჭერა და შეღავათი იქნება კერძო სექტორისთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *