როგორ მივაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას?

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას? post thumbnail image

ყველას უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი. სულერთია მილიონებზე ოცნებობთ თუ მილიარდებზე, მთავარი სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობაა. ეს ნიშნავს არ ნერვიულობდე ფულზე, სწორად გქონდეს გადანაწილებული თანხა თვიდან თვემდე, ისე, რომ არ გიწევდეს საკრედიტო ბარათის გამოყენება თუ სწრაფი სესხის აღება და მერე მათ დაფარვაზე დარდი. ფინანსური დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი სიამოვნება უნდა შეიზღუდოთ, სულაც არა. თუმცა ეს ნამდვილად გულისხმობს დანახარჯების პრიორიტეტიზაციას და სწორად განსაზღვრას სად, როდის და რამდენი უნდა გადაიხადოთ.

საქართველოში ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რთულია იყო ფინანსურად დამოუკიდებელი. ზოგისთვის ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში თავად ისინი ასე თვლიან. სინამდვილეში ამ მდგომარეობის მიღწევა შესაძლებელია სწორი მიდგომით. ამ სტატიაში არ გასწავლით როგორ მოიპოვოთ მილიონი ერთ ღამეში და ვერ გაგანდობთ 10 ხერხს გასამდიდრებლად. სამაგიეროდ, დეტალურად მოგიყვებით როგორ უნდა მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას და დამოუკიდებლობას, მაშინაც კი თუ ხელფასი თვიდან თვემდე არ გყოფნით.

ფინანსური დამოუკიდებლობა

დაიწყეთ ბიუჯეტირება

ფინანსურ სტაბილურობაზე და დამოუკიდებლობაზე ლაპარაკისას ბიუჯეტირებას ნამდვილად ვერ გავექცევით. შეიძლება ითქვას რომ ბიუჯეტის გაწერა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთადერთი გზაა. შესაძლოა ახლა გაგეფიქრათ იმ დანახარჯებზე რაც თვის განმავლობაში გაქვთ – კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ხარჯი ან საწვავი, ტანსაცმელი და კვება. ხანდახან გართობა და მეგობრებთან ერთად გასვლაც ხომ გინდათ, შეიძლება ერთი ორი კრედიტი ან განვადებაც გქონდეთ, ან საერთოდაც, იპოთეკური სესხი დოლარში. ერთი შეხედვით მდგომარეობა უიმედოა. თუმცა არა, სადღაც გვირაბის ბოლოს ნამდვილად არსებობს სინათლე, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს სინათლე ბიუჯეტია.

რატომ არის ბიუჯეტირება ასეთი მნიშვნელოვანი? საქმე ისაა, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრს ვფიქრობდეთ ფულზე, ან უფულობაზე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მცირე ყურადღებას ვაქცევთ მას. გქონიათ შემთხვევა როდესაც ბანკის ანგარიშს ამოწმებთ და ვერ ხვდებით სად წავიდა თქვენი ფული? აი სწორედ ამას ვგულისხმობ. ბიუჯეტირება გვეხმარება ვნახოთ სად ვხარჯავთ თანხას, გვეხმარება გადავანაწილოთ ჩვენი შემოსავალი სწორად, გავაკეთოთ დანაზოგი და რა თქმა უნდა, მივაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას. თუმცა ბიუჯეტის შედგენას თავის წესები აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ თუ გსურთ რომ ამ საქმეს წარმატებით გაუმკლავდეთ.

შეისწავლეთ თქვენი მსყიდველობითი ჩვევები

შეიძლება ადრეც გქონიათ ბიუჯეტის შედგენის და შემდეგ მისით ხელმძღვანელობის სურვილი და მცდელობა, რომელიც ფუჭად დასრულდა. სანამ მივხვდებოდი რაში იყო სინამდვილეში საქმე, ასეთი რამდენიმე მცდელობა მქონდა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ გასაღები მსყიდველობითი ჩვევების ცოდნაშია. ხშირად რაღაც ჩვევები, რომლებიც ერთის მხრივ დაბადებიდან გვაქვს და რომლებიც სხვადასხვა გარემოებში ჩვენდა უნებურად ვითარდება, შეუმჩნეველი რჩება. ასეთია ფულთან დაკავშირებული ჩვევები. ჩვენ მათ ჩვენი მშობლებისგან ვიღებთ, შემდეგ ისინი უჩინრად იცვლებიან და ვითარდებიან გარემოში, სადაც ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და ვმუშაობთ. შედეგად ჩვენ ყველას განსხვავებული ჩვევები გვაქვს როცა საქმე ფულის ხარჯვას ეხება. არიან ადამიანები, რომლებიც ფრთხილად ეკიდებიან ფულის ხარჯვას, მუდმივად ეძებენ პროდუქტს თუ სერვისს ფასდაკლებით და კარგად ფიქრობენ ღირს თუ არა ამა თუ იმ ნივთის ყიდვა. ამავე დროს, ზოგიერთებს შეუძლიათ ხელფასის 90% ერთ ნივთში გადაიხადონ. ფულის ხარჯვის ჩვევები უფრო მცირე დეტალებშიც აისახება.

სულ ერთია ზემოთ აღნიშნული ადამიანების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ რომ დააკვირდეთ როგორ ხარჯავთ ფულს, მანამ სანამ ბიუჯეტის გაკეთებას გადაწვეტდეთ. აი როგორ უნდა გააკეთოთ ეს. მოინიშნეთ თარიღი როდესაც შემოსავალი გერიცხებათ და შემდეგი 30 დღის განმავლობაში ჩაიწერეთ რას ყიდულობთ. ხარჯეთ ისე, როგორც აქამდე ხარჯავდით, რათა შეგექმნათ სწორი წარმოდგენა. შესაძლოა თავიდან გაგიჭირდეთ და თქვენთვის არაკომფორტული იყოს მუდმივად ჩაწერა რას ყიდულობთ, თუმცა ეს ამად ღირს.  შეგიძლიათ დანახარჯები მოინიშნოთ თქვენს სმარტფონში, გამოიყენოთ რომელიმე აპლიკაცია, ასეთები მრავლადაა, ან გამოიყენოთ ტრადიციული მეთოდი, თან იქონიოთ პატარა ბლოკნოტი და იქ ჩაიწეროთ ყველაფერი.

თვის შემდეგ გადახედეთ თქვენს დანახარჯებს. დააჯგუფეთ ისინი კატეგორიების მიხედვით, მაგალითად კომუნალური გადასახადები, კვება, მეგობრებთან ერთად გასვლა, შოპინგი და ასე შემდეგ. ამასთანავე ნახეთ რაში ხარჯავთ ყველაზე მეტ თანხას, რომელი ხარჯები არ წაროადგენდა აუცილებლობას, რა ნივთი იყიდეთ და მას შემდეგ სახლში გიდევთ და სხვა. ამის გაანალიზების შემდეგ თქვენ უკვე მზად იქნებით დაიწყოთ ბიუჯეტის შედგენა.

როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი?

თქვენი თანხა იყოფა 4 კატეგორიად. პირველი კატეგორია არის ის თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა დახარჯოთ, მეორე კატეგორია არის თანხა რომელიც გჭირდებათ რომ დახარჯოთ, მესამე კატეგორია არის თანხა რომელიც გინდათ რომ დახაჯოთ, ხოლო ბოლო, მეოთხე კატეგორია არის თანხა, რომელიც არ უნდა დახარჯოთ.
აუცილებელია, რომ ეს კატეგორიები გამიჯნული იყოს ერთმანეთისაგან და წინასწარ განსაზღვროთ რა ხარჯები შევა ამ კატეგორიებში.

ფინანსური დამოუკიდებლობა

თანხა რომელიც აუცილებლად უნდა დახარჯოთ

ამ კატეგორიაში შედის ის ფიქსირებული თუ ცვალებადი ხარჯები რომლებზეც ვალდებულება გაქვთ აღებული და აუცილებლად უნდა გადაიხადოთ. ეს თანხები შეიძლება იყოს უცვლელი ან იცვლებოდეს თვიდან თვემდე. მაგალითად ამ კატეგორიაში შედის იპოთეკის თანხა, სესხი, განვადება თუ ვალი. ამასთანავე საყოფაცხოვრებო ხარჯები მაგალითად ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები, ასევე ჯანმრთელობის, მანქანისა თუ სხვა ტიპის დაზღვევა. თუ ერთი ან რამოდენიმე ხარჯი გაქვთ ამ კატეგორიაში თანხა ამისთვის თავიდანვე გადადეთ. ეს თავიდან აგარიდებთ ფულზე ნერვიულობას. თუ თქვენი შემოსავალი 1500 ლარია, ხოლო 500 ლარით სესხის გადახდა გიწევთ ყოველთვიურად, ჩათვალეთ რომ თქვენი შემოსავალი 1000 ლარია და იფიქრეთ როგორ გაზარდოთ ის.  აუცილებლად ჩამოწერეთ შესბამის გრაფაში ყველა ასეთი ხარჯი და გადადით შემდეგ კატეგორიაზე.

როგორ დავზოგოთ ფული ეფექტურად

ფული რომლის დახარჯვაც გჭრიდებათ

ეს კატეგორია ეხება ყოფით ხარჯებს. აქ შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა ის ხარჯი, რომელიც გაქვთ თვის განმავლობაში სტანდარტულად. მაგალითად საწვავი თუ მანქანით მოძრაობთ, ან ტრანსპორტირების ხარჯი თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებთ. თუ ბიუჯეტის გაკეთებამდე თქვენი ხარჯები ჩამოწერეთ ერთი თვის განმავლობაში გეცოდინებათ რა თანხა გჭირდებათ ამისთვის. ასევე დაგეგმეთ რა თანხას დახარჯავთ კვებისათვის, აქ არ იგულისხმება კაფეში ან რესტორანში ვიზიტი, მხოლოდ ის თანხა რაც აუცილებლად გჭირდებათ საკვები პროდუქტებისათვის. ამ კატეგორიაში შეგიძლიათ შეიყვანოთ ისეთი ხარჯებიც, რაც თქვენი ჩვევებიდან გამომდინარეობს, ეს შეიძლება იყოს ცუდი ჩვევა მაგალითად მოწევა და ჩაწეროთ რა თანხა გექნებათ გამოყოფილი ამისთვის, ასევე კარგი ჩვევაც, მაგალითად სპორტ დარბაზში სიარული და მიუთითოთ თქვენი აბონიმენტის საფასური.

ამ კატეგორიაში ერთიანდება ისეთი ხარჯებიც, რომლებიც ყოველთვიურად არ გაქვთ, მაგრამ აუცილებლად გექნებათ იმ სახელფასო პერიოდში, რა დროისთვისაც ბიუჯეტს გეგმავთ. მაგალითად ასეთი ხარჯი შეიძლება იყოს ექიმთან ვიზიტი, მანქანის პროფილაქტიკაში მიყვანა, მეგობრის ან სულაც საკუთარი დაბადების დღე და ა.შ. წინასწარ გაარკვიეთ რა თანხები დაგჭირდებათ ამისთვის და ჩაწერეთ თქვენს ბიუჯეტში.

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას

თანხა რომლის დახარჯვაც გინდათ

ეს კატეგორია აერთიანებს ფულის ხარჯვის ყველაზე სასიამოვნო ნაწილს. აქ შეგიძლიათ გააერთიანოთ ის აქტივობები, რომელთაც გეგმავთ საკუთარი სიამოვნებისათვის. თუ რას მიუთითებთ ამ კატეგორიაში თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ახალი წიგნებისთვის განკუთვნილი თანხა, კინოს ბილეთების საფასური, მეგობრებთან ბარში გასვლისთვის საჭირო თანხა და ა.შ. რა სიხშირით დაგეგმავთ ასეთ აქტივობებს და რამხელა თანხა გექნებათ გამოყოფილი ამისთვის, ეს სრულად თქვენზე და თქვენს საერთო ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ასევე იმაზე, რამხელა დანაზოგის გაკეთება გინდათ.

როგორ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი

თანხა რომელიც არ უნდა დახარჯოთ

თქვენი შემოსავლიდან აუცილებლად უნდა გამოყოთ თანხა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დახარჯოთ. შესაძლოა მცირე შემოსავალი გქონდეთ, მაგრამ აუცილებლად მოიძებნება გზა, რომ გადაინახოთ ამ შემოსვლის 5 % მაინც. ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის საწყის ეტაპებზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა რაოდენობის თანხას გადაიტანთ დანაზოგში, არამედ თვითონ დანაზოგის გაკეთების პრინციპი. იმისთვის რომ მიაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას და სტაბილურობას საჭიროა ისწავლოთ იმაზე ნაკლების დახარჯვა ვიდრე გამოიმუშავებთ.  თქვენს გარშემო ადამიანების უმრავლესობა ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ არიან ისინი არასახარბიელო ფინანსურ სიტუაციებში. ისწავლეთ რაღაცებზე უარის თქმა და ფულის დაზოგვა.

თავდაპირველად დაიწყეთ მცირედით. ნუ გადაწყვეტთ გადაინახოთ თქვენი შემოსავლის 30% პირველ ჯერზე, ეს ნამდვილად არ დასრულდება კარგად. დაიწყეთ 5%-ით და თანდათან გაზარდეთ ეს თანხა. ძალიან კარგი იქნება თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ 20%-ის სტაბილურად შენახვას. ამაზე მეტი რეკომენდირებული არ არის, თუმცა გააჩნია რამდენია თქვენი შემოსავალი, არ დაგავიწყდეთ, ყველაფერზე უარის თქმაც ისეთივე ცუდია, როგორც ფულის გაუთვითცნობიერებლად ხარჯვა. იმისთვის, რომ გაგიადვილდეთ ფულის შენახვა გადარიცხეთ ის სხვა ანგარიშზე, ან ანაბარზე. საწყის ეტაპზე გადაინახეთ თანხა მას შემდეგ რაც ყველა აუცილებელი და საჭირო ხარჯები დაფარული გექნებათ, ხოლო შემდეგ გადარიცხეთ თანხა ანაბარზე ხელფასის ჩარიცხვისთანავე. როგორც იტყვიან, ფული პირველ რიგში საკუთარ თავს გადაუხადეთ.

მიჰყევით ბიუჯეტს თვის განმავლობაში

მას შემდეგ რაც თქვენს ბიუჯეტს შეადგენთ, სცადეთ რომ მიჰყვეთ მას მთელი თვის განმავლობაში. ხშირად ამოწმეთ ის და დარწმუნდით რომ სწორ გზაზე ხართ. ამასთანავე კვლავ ჩაიწერეთ სად რაში და რამდენს ხარჯავთ. სხვანაირად როგორ გაიგებთ რამდენად იცავთ ბიუჯეტს? ერთი რამ რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არის ის რომ აუცილებლად გექნებათ დაუგეგმავი ხარჯები. ასეთ შემთხვევაში ნუ შეშინდებით და მაშინვე სწრაფი სესხების ძიებას ნუ დაიწყებთ. გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს, გადაალაგეთ პრიორიტეტები და საჭიროების შემთხვევაში ზოგიერთ აქტივობებზე და შესაბამისად დანახარჯებზე უარი თქვით. კარგი იქნება თუ ასეთ დროს თანხას მესამე კატეგორიიდან აიღებთ. რაც შეეხება დანაზოგებს, აქედან ფული მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში აიღეთ.  ნუ დარჩებით უკმაყოფილო თუ თვის ბოლოს აღმოაჩენთ რომ თქვენი ბიუჯეტი და თვის ბოლოს დანახარჯების ჩამონათვალი ერთმანეთს არ ემთხვევა. პირიქით, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი გაიგოთ თქვენი მსყიდველობითი ჩვევების შესახებ და უფრო ეფექტურად დაგეგმოთ მომდევნო თვის ბიუჯეტი.

შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ

ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ ფულის გამომუშავებაში, მაგრამ მისი მიღებით გამოწვეული სიხარული მხოლოდ ხელფასის აღების დღეს გრძელდება. შემდეგ გახსენდებათ სად და რამდენი ფული უნდა გადაიხადოთ, რომელი სესხი თუ განვადება დაფაროთ და რამდენი რამ უნდა იყიდოთ. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ფული უმეტესად უარყოფით ემოციებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ხშირად ვამბობთ “არ მაქვს საკმარისი ფული”, “სად ვიშოვო ფული”, და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ჩვენ ვნერვიულობთ ფულზე ძალიან ბევრს. იმისთვის რომ მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას და დამოუკიდებლობას საჭიროა შეცვალოთ ეს დამოკიდებულება. ფულის მიმართ დამოკიდებულებაა სწორედ იმის მიზეზი და ახსნა თუ რატომ არის ზოგი ადამიანი მდიდარი, ზოგი კი ღარიბი. თანხის ბიუჯეტირება დაგეხმარებათ სწორად გაანალიზოთ თქვენი ფინანსური საჭიროებები. მას შემდეგ რაც მიეჩვევით ბიუჯეტის დაგეგმვას და დაცვას იგრძნობთ რომ აღარ ნერვიულობთ ფულზე, შემდეგ, როდესაც დანაზოგების კეთებას სტაბილურად დაიწყებთ აღმოაჩენთ, რომ ნეგატიური ფიქრები ფულთან აღარ გაკავშირებთ. ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც დამატებითი თანხა დაგჭირდებათ აღარ იფიქრებთ საიდან ისესხოთ ის, არამედ იფიქრებთ როგორ გამოიმუშაოთ მეტი ფული. სულ ესაა ფინანსური დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის რეცეპტი – შეისწავლეთ თქვენი ხარჯვის ჩვევები, დაგეგმეთ და დაიცავით ბიუჯეტი, შეცვალეთ დამოკიდებულება ფულის მიმართ და იფიქრეთ როგორ გაზარდოთ შემოსავალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *