რა არის დივიდენდი და როგორაა მისი მიღება შესაძლებელი?

რა არის დივიდენდი და როგორაა მისი მიღება შესაძლებელი? post thumbnail image

ალბათ გსმენიათ დივიდენდების შესახებ. თუმცა ცოტამ თუ იცის დეტალურად რა არის ის, რომელი კომპანიები გასცემენ მათ. ამის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია, ადამიანებს, რომლებიც არ არიან გარკვეულნი საინვესტიციო საქმიანობებში, ამ თემაზე შეიძლება მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეთ.

მიუხედავად ამისა, ხალხის უმრავლესობას ესმის,  რომ დივიდენდები წარმოადგენს საშუალებას მიიღო დამატებითი შემოსავალი კომპანიიდან, რომლის აქციებიც თქვენს მფლობელობაშია. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის დივიდენდი, როგორ მუშაობს ის და რომელი კომპანიები გასცემენ მას.

რა არის დივიდენდი

ზოგიერთი კომპანია გასცემს თანხებს მათზე, ვინც მის აქციებს ფლობს. დივიდენდების გაცემა არის იმის საშუალება, რომ კომპანიისათვის მოგების გარკვეული ნაწილი გადაუნაწილდეს მისი წილის მფლობელებს. ძირითადად კომპანიები გასცემენ დივიდენდებს წელიწადში ერთხელ, ყოველი 6 თვის ან თითოეული კვარტალის განმავლობაში.

ამ განაცემის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენ აქციას ფლობს ესა თუ ის ინვესტორი. შესაბამისად კომპანიის მმართველი საბჭო თანხმდება რა თანხა უნდა გაიცეს თითოეულ აქციაზე. მაგალითად, თუ თქვენ კონკრეტული კომპანიის 10 აქციას ფლობთ, ხოლო დივიდენდი განისაზღვრება $5-ით, თქვენ მიიღებთ ამ ორგანიზაციიდან $50-ს.

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ფირმის აქციებს ფლობთ აუცილებლად მიიღებთ ამ ტიპის შემოსავალს. თუ თქვენ გსურთ ასეთი გააცემების მიღება აქციებიდან, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ისეთი კომპანია, რომელიც დივიდენდებს გასცემს. ფირმები, საიდანაც ასეთი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი პოპულარულია ისეთ ინვესტორებში, რომელთაც უბრალოდ აქციებით ვაჭრობა არ სურთ. მათი გრძელვადიანი მიზანი ძვირადღირებული დივიდენდის განამხდელი პროტფოლიოს შექმნაა.  ეს მათ პასიური შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

დივიდენდები წარმოადგენს სარგებელს, რასაც კომპანია გასცემს ინვესტორებზე. ეს თანხები ძირითადად გაიცემა ფირმის მოგებიდან. რამდენი უნდა იყოს დივიდენდი და როდის უნდა გაიცეს ის, ეს სრულიად დამოკიდებულია კომპანიაზე. თუ ფირმა მუდმივად გასცემს აქციონერებზე თანხებს, ეს ნიშნავს რომ თქვენი ყოველი პერიოდის შემდეგ (მაგალითად კვარტლის, ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ) მიიღებთ შემოსავალს, რომლის რაოდენობაც წინასწარაა განსაზღვრული.

ასევე არსებობს შემთხვევები, რომდესაც კომპანიები ხანდახან გასცემენ სპეციალურ ერთჯერად დივიდენდებს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც კომპანია იღებს ჩვეულებრივზე უფრო მეტ მოგებას ან ყიდის თავისი ბიზნენის ნაწილს. მაგალითად Microsoft Inc-მა 2004 წელს გასცა სპეციალური $3-ის ღირებულების დივიდენდი ერთ აქციაზე, მაშინ როდესაც ამავე წელს, მისი ჩვეულებრივი კვარტალური განაცემი 16 ცენტით განისაზღვრებოდა.

როგორი კომპანიები გასცემენ დივიდენდებს

შესაძლებელია, რომ ერთ აქციაზე, დივიდენდის ღირებულება შეიძლება მცირედ გეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, საერთო ღირებულება ნამდვილად არ არის ცოტა, იმის გათვალისწინებით რომ კომპანიას შეიძლება გამოშვებული ჰქონდეს მილიონობით აქცია.

შესაბამისად, იმისთვის, რომ კომპანიამ დივიდენდების გადახდა შესძლოს, აუცილებელია მას ჰქონდეს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა. ეს აუცილებელია, რათა ფირმამ მოახერხოს დივიდენდები გადაიხდა მაშინაც კი, როდესაც მოგების ოდენობა არ არის მზარდი რომელიმე წლის განმავლობაში.

შესაბამისად, ამ განაცემებს რეგულარულად ფინანსურად ძლიერი კომპანიები გასცემენ.  არიან ფირმები, რომლებიც ასევე საკმაოდ წარმატებულები არიან ბაზარზე და დიდი ფინანსური ზრდით გამოირჩევიან, მაგრამ არ გასცემენ დივიდენდებს. მათ სურთ რომ მოგება სრულად გამოიყენონ თავიანთი ბიზნესის კიდევ უფრო გასაზრდელად.

ასევე არიან ისეთი  ლურჯი ჩიპის კომპანიები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ზრდიან თავიანთ დივიდენდებს. ამისა თვალსაჩინო მაგალითია, კოკა-კოლა. 1995 წელს, კომპანია კვარტალში ერთხელ ერთ აქციაზე 5.5 ცენტს უხდიდად თავის აქციონერებს. ამჯერად, 2020 წელს ყოველკვარტლურმა დივიდენდმა უკვე 41 ცენტს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 25 წლის განმავობაში კოკა-კოლამ ამ განაცემების ოდენობა დაახლოებით 7.5-ჯერ გაზარდა, რაც მართლაც შთამბეჭდავია.

ამ მხრივ, ასევე დიდი წარმატებით გამოირჩევა მაკდონალდსიც, რომელმაც სწორედ ამავე პერიოდში ერთ აქციაზე დივიდენდი 3.25 ცენტიდან 1.25 დოლარამდე გაზარდა.

რატომ გასცემენ კომპანიები დივიდენდებს

შეიძლება ზოგიერთ ადამიანს გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ გასცემენ კომპანიები დივიდენდებს, როდესაც შეუძლიათ ეს თანხა ბიზნესის გასაზრდელად და მის გასაფართოებლად გამოიყენონ. ფირმების დიდი ნაწილი ხომ სწორედ ასე იქცევა? თუმცა არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც კომპანიები ირჩევენ გადაუხადონ თანხა აქციების მფლობელებს:

  • ინვესტორების მნიშვნელოვან ნაწილს ყოველთვის ურჩევნია ფული დააბანდონ ისეთი კომპანიის აქციებში, რომელიც გასცემს დივიდენდებს. ეს მათ საშუალებას აძლევთ, რომ თავიანთი ინვესტიციებიდან მიიღონ სტაბილური შემოსავალი. შესაბამისად, ასეთი კომპანიების აქციების ყიდვის მსურველი მეტია, რაც ამ ფირმაზე ზოგადად დადებითად აისახება.
  • ის რომ კომპანია დივიდენდებს სტაბილურად იხდის, ინვესტორებისთვის ძალიან მკაფიო გზავნილია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფირმას აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ გაუნაწილოს თავისი მოგების ნაწილის მის აქციონერებს. გარდა ამისა, ეს ნიშნავს რომ კომპანია კარგ ფინანსურ მდგომარეობაშია არამხოლოდ ამ პერიოდში, არამედ მენეჯმენტს აქვს პოზიტიური მოლოდინი სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებითაც.

დივიდენების სახეები

დივიდენდების ყველაზე გავრცელებული სახეა მისი გაცემა ეგრეთწოდებულ საერთო აქციებზე. ეს სწორედ ის კატეგორიაა რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მაგალითად, თქვენ შეარჩიეთ კონკრეტული კომპანია, რომლის აქციებიც საბროკერო ფირმის მეშვეობით იყიდეთ. თქვენ არამხოლოდ ელოდებით, რომ კომპანიის აქციების ფასი გაიზარდოს, არამედ იღებთ შემოსავალს დივიდენდის სახით, რომელიც კომპანიის მიერ არის დაწესებული. გარდა ამ ტიპის განაცემებისა, კიდევ არსებობს ორი კატეგორია – სპეციალური და უპირატესი დივიდენდები.

სპეციალური დივიდენდები

სპეციალური დივიდენდი ერთხელ უკვე შეგვხვდა ამ სტატიაში. იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ექნება მოსალოდნელზე მეტი მოგება, ან ის ასხვისებს თავისი საკუთრების ან ბიზნესის ნაწილს, მაშინ მენეჯმენტმა შეიძლება მიიროს სპეციალური დივიდენდები გაცემის გადაწყვეტილება. ეს კომპანიის მხრიდან გაცემული მოულოდნელი საჩუქარია მისი აქციონერებსათვის. ამ ტიპის დივიდენდების გაცემა ფირმისთვის სასარგებლოა სწორედ ზემოთ მოცემული მიზეზების გამო.

უპირატესი დივიდენდები

უპირატესი დივიდენდი გაიცემა არა საერთო, არამედ უპირატეს აქციებზე. ასეთი ტიპის აქტივი თავისი აღწერილობით უფრო მეტად ობლიგაციების მსგავსია. მსგავსი განაცემები ძირითადად გაიცემა კვარტალურად და ჩვეულებრივი დივიდენდებისგან განსხვავებით ფიქსირებულია. მაგალითად, საერთო აქციებზე დივიდენდი შეიძლება იყოს მზარდი ან შემცირებადი, იმის მიხედვით თუ რამდენად მომგებიანია ფირმის საქიამობა. მათგან განსხვავებით უპირატესი დივიდენდები ფიქსირებულია. შესაბამისად, ასეთი ტიპის აქციების მფლობელებმა ყოველთვის ზუსტად იციან თუ რა შემოსავალს მიიღებენ თითოეული კვარტალის განმავლობაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *