საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს და მოლოდინები 2022 წლისთვის
2021 წელი, 2020-ის მსგავსად, საკმაოდ რთული აღმოჩნდა სხვადასხვა ინდუსტრიებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ. კორონავირუსის პანდემია ისევ გრძელდება, მაგრამ ქვეყნების ნაწილმა უკვე ისწავლა თუ როგორ გაუმკლავდეს პრობლემებს, რომლებიც 2020 წელს უდიდეს ზიანს აყენებდა ეკონომიკას.
საქართველოში, 2021 წლის მარტი-აპრილიდან, უკვე მკაფიო გახდა, რომ ეკონომიკა იწყებდა აღდგენას შედარებით უფრო სწრაფი ტრენდით, ვიდრე იქამდე იყო ნავარაუდები სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების მიერ.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს რომ თითქმის ორი წლის თავზეც კი, გაურკვევლობა შენარჩუნებულია გლობალური ეკონიმიკური სიტუაციის აღდგენასთან დაკავშირებით. ვირუსის ახალი მუტაციების გამო, ექსპერტებს უჭირთ წინასწარ განსაზღვრონ თუ როგორი იქნება შემდეგი წლები.
2021 წელსაც ხშირი იყო ჩაკეტვები, სწორედ ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო. ასევე, ბევრი კითხვებია ვაქცინიზაციის დონესთან დაკავშირებით, რომელზეც, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბევრია დამოკიდებული.
2021 წელი საქართველოში
თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს დავეყრდნობით, მსოფლიოს გარშემო ეკონომიკური ზრდა -3.3 პროცენტს შეადგენდა 2020 წელს. 2021 წლის მონაცემებით კი, ზრდა 6 პროცენტია. როგორც ისინი აცხადებენ, 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 4.4 პროცენტზე დასტაბილურდება.
არსებული მაჩვენებლები საკმაოდ აღემატება იმას, რაც 2020 წლის ოქტომბერში იყო ნავარაუდები 2021 წლისთვის. გასაკვირი არ უნდა იყოს რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველომაც არაერთი პრობლემა განიცადა კორონავირუსის პანდეემის გამო.
ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა -6.2 პროცენტი იყო 2020 წელს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ყველაზე დიდი გავლენა მსგავს ეკონომიკურ ვარდნაზე ისეთი სექტორების ჩაკეტვამ განაპირობა, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკა ძლიერედაა დამოკიდებული, მაგალითად, ტურიზმი.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ქვეყანა ყოველთვიურად აქვეყნებდა 2021 წლის განმავლობაში. ყველაზე კარგი მაჩვენებელი სწორედ გაზაფხულზე, აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანას, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 44.8 პროცენტიანი ზრდა ჰქონდა.
მაისის ეკონომიკური ზრდა, 2020 წელთან შედარებით, 25.8 პროცენტი იყო, რაც დაახლოებით 8.8 პროცენტიან ზრდას უდრის 2019 წლის მაისთან შედარებით. როგორც ექსპერტები იძახიან, სწორედ ამ, და სხვა მარავალი ფაქტორების გათავლისწინებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთის საკმაოდ დადებითია და დაახლოებით 6-7 პროცენტს შეადგენს. სხვადასხვა ორგანიზაციებს სხვადასხვა მოლოდინები აქვთ.
ეკონომიკური ზრდის ვარაუდები
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, Moody’s-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, Ba2 დონეზეა. როგორც გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს მოსალოდნელია რომ 7.3 პროცენტით გაიზარდოს.
რაც შეეხება მომდევნო წლებს, მათ შორის, 2022-ს, მათი განცხადებით, ეკონომიკური ზრდა 4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, კომპანია მიიჩნევს რომ საქართველოში გატარებული რეფორმები, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება, განათლების რეფორმა, და სხვა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
მათი განცხადებიდან ასევე ვკითხულობთ, რომ პანდემიური ეფექტი თანდათანობით იკლებს და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წელს არსებული მშპ-ის 60%-დან, 2024 წლისთვის მშპ-ს 53%-მდე შემცირდება
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ნეგატიურ მოვლენებსა და ეფექტებს, კომპანია მიიჩნევს რომ მათ შორის ერთ-ერთი იყო დაძაბული პოლიტიკური ვითარება. მათ შორის ხაზგასმული იყო მმართველი პარტიის მიერ ე.წ. ‘შარლ მიშელის’ შეთანხმების ანულირება, რომელიც, მათი აზრით, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ქვეყნის მხარდაჭერაზე და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე.
Moody’s-მა საქართველოს Ba2 დონის საკრედიტო რეიტინგი 2017 წლის ბოლოს მიანიჭა. პანდემიამდელ პერიოდში საქართველოს მთავრობას ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანა მომავალში რეიტინგის კიდევ ერთი საფეხურით გაუმჯობესებას შეძლებდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო, ამ მოლოდინმა მინიმუმ რამდენიმე წლით რეალური საფუძველი დაკარგა.
ლარის კურსი 2021 წელს
2021 წელი, მსგავსად 2020 წლისა, ასევე საკმაოდ მძიმე იყო ლარის კურსისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში კი, ლარის კურსის გამყარების ტენდენციები შეიმჩნეოდა. წერის მომენტისთვის, 1 დოლარის ფასი დაახლოებით 3.09 ლარია. მაგრამ, წლის განმავლობაში, ლარის კურსი ბევრად უფრო ქვემოთ დაეცა რამდენჯერმე.
ამის მრავალი მიზეზი არსებობდა, დაწყებული მაღალი ინფლაციიდან, დამთავრებული ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისით. კოვიდ პანდემიამ ასევე საკუთარი გავლენა იქონია ლარის კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის კურსის სტაბილიზება შეინიშნება, წლის განმავლობაში ლარის კურსის მოძრაობა არც თუ ისე სახარბიელო იყო.
მეტიც, გაზაფხულზე ლარის კურსი რამდენჯერმე რეკორდულად დაეცა. მსგავსი მდგომარეობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ზრდის და ართულებს. საკვები პროდუქტებისა თუ სამედიცინო მომსახურების ფასები ძალიან სწრაფად იზრდება, რაც არაერთ პრობლემას უქმნის მოსხალეობას.
ექსპერტების აზრით, ლარის გამყარების ერთი გზა არის არსებული პოლიტიკური და სამედიცინო კრიზისის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა. პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მთავარ იარაღად ექსპერტები სწრაფ ვაქცინაციას მიიჩნევენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი, ვაქცინაციის სიხშირე ქვეყანაში აქტიურ კლებას განიცდის.
რაც შეეხება ლარის კურსის 2022 წლის პროგნოზს, თუ საქართველოს ბიუჯეტის პროექტს გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 3.11 ნიშნულის გარშემო უნდა იმერყეოს.
რაც შეეხება საუკეთესო სცენარს, ლარმა შესაძლოა 2018 წლის შემდეგ პირველად მოახერხოს 3 ლარიანი ნიშნულის ქვემოთ ჩასვლა. თუმცა, თუ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, მსგავსი სცენარის განვითარების საკმაოდ დაბალი შანსი არსებობს. მეტიც, ექსტპერტების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიის ახალი შტამების გამო, ლარის კურსი შესაძლოა მეტადაც კი დაეცეს.
ADB-ის პროგნოზი
აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა მსოფლიოს გარშემო, საკმაოდ ხშირად აკეთებს განცხადებებს ამა თუ იმ ქვეყნისა თუ რეგიონის სამომავლო პროგნოზების შესახებ.
რამდენიმე თვის წინ, აზიის განვითარების ბანკა განაცხადა მათი ვარაუდის შესახებ საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით 2021 წელს. მათი განცხადებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში უნდა იყოს 8.5 პროცენტი. ADB-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ეს ძირითადად განპირობებული იქნება სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მოსახურების სფეროს გააქტიურებასთან. ასევე, კორონავირუსული დაავადების შესაკავებლად შეზღუდვების მოხნასთან.
ამის შესახებ ინფორმაცია გავრეცელდა ADB-ის მთავარი, ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაციის, აზიის განვითარების პროგონოზი 2021-ში. რაც შეეხება 2022 წელს, აზიის ბანკის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო წელს იქნება 6.5 პროცენტი. როგორც ADB აღნიშნავს განცხადებაში, ხაზგასასმელია გასული წლის უკუსვლის შემდეგ მსგავსი ზრდა.
ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, შეინ როზენტალის განცხადებით, იმედისმომცემი ზრდის მაჩენებლებითა და ოპტიმისტური ბიზნეს-მოლოდინებით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს, მაგრამ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპის მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებაც.
ასევე, როგორც ის ამბობს, აზიის განვითარების ბანკი სრულად უჭერს მხარს საქართველოს კოვიდ-19-ის დაძლევასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში.
ასევე, ანგარიში საუბრობს ინფლაციაზეც, რომელიც, მიუხედავად ყველაფერისა, მაინც საკმაოდ გაიზარდა. ინფლაციის მაღალ დონეს მარტის შემდეგ ფასების ძალიან სწრაფი ზრდა მოჰყვა საკვებზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტსა და კომუნალურ გადასახადებზე.
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ინფლაციის დონე 9.5 პროცენტამდე გაიზრდება და მომავალ წელს, ის 4 პროცენტამდე შემცირდება. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანაში მაინც საგრძნობლად გაიზარდა უმუშევრობის დონე. ასევე, სიღარიბის აბსოლიტური დონეც საკმაოდ გაზრდილია.
განცხადების თანახმად, მხოლოდ 2021 წლის პირველ კვარტალში ორივე მაჩვენებელმა 3 პროცენტით მოიმატა და შეადგინა 21.9 პროცენტი და 21.3 პროცენტი. რაც შეეხება დეფიციტს, ანგარიშის თანახმად, მან მცირედით იკლო 2020 წლის მაჩვენებლთან შედარებით. როგორც გაცნხადებაშია ნათქვამი, ეს ძირითადად ექსპორტის გაზრდასთანაა დაკავშირებული. როგორც ADB-ის განცხადებაში ვკიტხულობთ, ქვეყანაში დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება 2022 წლისთის.
2022 წლის ბიუჯეტი
იქამდე, სანამ იმაზე საუბარს დავიწყებთ თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2022 წელს, კარგი იქნება თუ გადავხედავთ საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ 2022 წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტის მიხედვით, უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნება თუ რას შეიძლება მოველოდოთ ახალი წლისგან.
როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე.
როგორც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, საქართველოს დღეისთვის ორი მთავარი გამოწვევა აქვს. ესენია, კოვიდ პანდემია და მაღალი ინფლაცია. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, 2022 წლის ბიუჯეტს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
მისი განცხადების მიხედვით, ბიუჯეტის თანახმად, საქართველომ უნდა შეძლოს რომ ჰქონდეს 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და დეფიცინის მაჩვენებელიც ასევე მნიშვნელოვნად, 6,9 პროცენტიდან სულ რაღაც 4.4 პროცენტამდე უნდა შემცირდეს. მისი განცხადებით, დეფიციტის შემცირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, რადგან ის გავლენას ახდენს ინფლაციის დონესა და ლარის კურსზე.
როგორც ექსპერტები ამბობენ, უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანა მზად დახვდეს კორონავირუსული ინფექციის ახალ შტამებს, რათა მათ იგივენაირი გავლენა არ ჰქონდეთ ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორიც ჰქონდა 2020 წელს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაში დადგა, რომელთა გადალახვა დღემდე რთული რჩება.
რაც შეეხება ქვეყნის მთლიან ბიუჯეტს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება. ასევე, მისი განცხადებით, 2022 წელს საგარეო ვალი მშპ-სთან შედარებით 60%-დან 51.1%-მდე შემცირდება. როგორც ის აღნიშნავს, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება, რამაც საშუალება მისცათ ბიუჯეტი მილიარდ 310 მილიონი ლარით გაეზარდათ.
2022 წლის ეკონომიკური პროგნოზი
2022 წლის შესახებ ეკონომიკური პროგნოზები სხვადასხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებულია ერთმანეთისგან. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ორგანიზაცია საკმაოდ პოზიტიურ რიცხვებს აქვეყნებს, სხვები შიშობენ რომ სიტუაცია განსხვავებული იქნება.
ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ მიიჩნევს ზოგიერთი შედარებით დაბალ ზრდას უფრო რეალურს, არის კორონავირუსის პანდემია, რომელმაც არაერთი მუტაცია უკვე განიცადა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს რომ მუტაციების სიხშირე გაიზრდება, რაც უფრო გაართულებს ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს.
თუ 2022 წლის ბიუჯეტს დავეყრდნობით, ქვეყნის მთავრობის აზრით, ეკონომიკა ექვსი პროცენტით უნდა გაიზარდოს.
ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ საკმაოდ ბევრი იქნება დამოკიდებული რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. დაძაბულობამ რეგიონში შეიძლება უფრო გაართულის ქართული ეკონომიკის აღდგენის პროცესი. ასევე, ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები, პოლიტიკური კრიზისი და პანდემია უდიდეს გავლენას იქონიებს ქვეყნის პერსპექტივებზე 2022 წელს.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ გააკეთა განცხადება რამდენიმე კვირის წინ. მათი განცხადებით, 2021 წელს საქართველოს ექნება 8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, ხოლო 2023-ში – 5 პროცენტი.